აგროკლიმატური რესურსები
აგროკლიმატური რესურსები, კლიმატური რესურსები — კლიმატის ელემენტების (მზის რადიაცია, ნალექები, ქარი) ნივთიერებისა და ენერგიის სოფლის მეურნეობაში გამოყენებული რაოდენობა. კლიმატი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი რესურსია, რომლის გამოყენება და ექსპლუატაცია ისევე შეიძლება, როგორც სხვა ბუნებრივი რესურსებისა. კლიმატური რესურსებია სითბოს, ტენის, თოვლის, ყინულის, მზის ენერგიის რადიაციის, ქარისა და სხვა საშუალო მრავალწლიური რაოდენობა, რომელიც დამახასიათებელია ამა თუ იმ ადგილისა და წლის ამა თუ იმ ადგილისა და წლის ამა თუ იმ დროისათვის. ზოგიერთი ბუნებრივი რესურსის დახარჯვის შემდეგ მისი აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელია (პირველ ყოვლისა, ასეთია მინერალური რესურსები), ხოლო ზოგის აღდგენა ნელა ხდება (ნიადაგი, ტყე, ფაუნა). გარდა ამისა, მათი აღდგენა მიმდინარეობს პერიოდულად (სინათლე), უწყვეტად (სითბო) ან თითქმის უწყვეტად (ტენი, ქარი და სხვა). რომელიმე სასოფლო-სამეურნეო კულტურის ერთი ტონა მოსავლის მისაღებად მცენარის ტრანსპირაციაზე უნდა დაიხარჯოს ათას ტონამდე ან მეტი წყალი და რამდენიმე ასეული ათასი კკალ სითბო. წყლის ამ რაოდენობას ნალექები აღადგენს, ხოლო დახარჯულ სითბოს მზის რადიაცია აანაზღაურებს. აგროკლიმატური რესურსების შესწავლის საფუძველზე ხდება ტერიტორიული აგროოკლიმატური დარაიონება. ცნება „აგროკლიმატური რესურსები“ XX საუკუნის 30-იან წლებში შემოიღო ქართველმა მეცნიერმა თ. დავითაიამ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 71.