აახენის ბრძოლა
აახენის ბრძოლა | |||
---|---|---|---|
მეორე მსოფლიო ომის, დასავლეთის ფრონტისა და ზიგფრიდის ხაზის კამპანიის ნაწილი | |||
ამერიკელი მეტყვიამფრქვევეები ისვრიან გერმანული პოზიციების მიმართულებით აახენის ერთ-ერთ ქუჩაზე, 1944 წლის 15 ოქტომბერი. | |||
მდებარეობა | აახენი, გერმანია | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
აახენის ბრძოლა ვიკისაწყობში |
აახენის ბრძოლა — მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი საკვანძო დაპირისპირება დასავლეთის ფრონტზე გერმანელებსა და ამერიკელებს შორის, 1944 წლის 2-21 ოქტომბერს. ქალაქი აახენი ზიგფრიდის ხაზის ნაწილი იყო. მოკავშირეებს იმედი ჰქონდათ, რომ მას მალე ჩაიგდებდნენ ხელში და ამ გზით ინდუსტრიალიზებულ რურის რეგიონში შეიჭრებოდნენ. იმის მიუხედავად, რომ ქალაქის მშვიდობიანი მოსახლეობის უმეტესობა ევაკუირებული იყო, ბრძოლებმა აახენის უმეტესი ნაწილი დაანგრია და ორივე დაპირისპირებულ მხარეს მძიმე დანაკარგი მოუტანა. ეს ამერიკელთათვის მეორე მსოფლიო ომის უდიდესი ურბანული ბრძოლა და პირველი გერმანული ქალაქი იყო, რომელიც მოკავშირეებმა აიღეს. ბრძოლა გერმანელთა დანებებით დასრულდა, მაგრამ მათმა თავგამოდებულმა წინააღმდეგობამ მოკავშირეთა გერმანიაში შეჭრის გეგმას სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ბრიტანელი ისტორიკოსი მარკ ფელტონი აახენის ბრძოლას „ამერიკის მინი სტალინგრადს“ უწოდებს.
აახენის პირველი ბრძოლა
რედაქტირებააახენის მისადგომებთან ბრძოლები უკვე სექტემბრის მეორე კვირას დაიწყო, გერმანელებისთვის ცნობილი, როგორც "აახენის პირველ ბრძოლა". ამ დროს ქალაქს ასმეთექვსმეტე სატანკო დივიზია იცავდა გენერალ გერჰარდ ფონ შვერინის მეთაურობით. მოკავშირეთა მოახლოებამ ქალაქის ოფიციალური და მაღალი თანამდებობის პირები დააფრთხო და ისინი მოსახლეობის ევაკუაციამდე უკვე ტოვებდნენ აახენს. ამის გამო ჰიტლერმა მათ მაღალი სამხედრო რანგები ჩამოართვა და აღმოსავლეთის ფრონტზე გაუშვა, როგორც რიგითი ჯარისკაცები.
ევაკუაციის გაგრძელების ნაცვლად ფონ შვერინმა გადაწყვიტა, ქალაქი ამერიკელებისთვის ჩაებარებინა, თუმცა 13 სექტემბერს, მანამ, სანამ კაპიტულაციის წერილს გაუგზავნიდა მოკავშირეებს, ბრძანება მიიღო, რომ წამოეწყო კონტრშეტევა ამერიკელთა მეწინავე ნაწილების წინააღმდეგ, რომლებიც ქალაქს სამხრეთ-დასავლეთიდან უახლოვდებოდნენ. ფონ შვერინმა კონტრშეტევა წამოიწყო და ეს პანცერგრენადერებს განახორციელებინა. თუმცა მის მიერ დაწერილი წერილი ქალაქის ჩაბარების თაობაზე ჰიტლერს ჩაუვარდა ხელში, რომელმაც ფონ შვერინი თანამდებობიდან გაანთავისუფლა და მის ნაცვლად გერჰარდ ვილკი დანიშნა.
აშშ-ს მეშვიდე საარმიო კორპუსმა განაგრძო აახენის დამცველი გერმანული პოზიციების მოსინჯვა, 12-13 სექტემბერს გაწეული წინააღდმეგობის მიუხედავად. 14-16 სექტემბერს ამერიკელთა პირველმა ქვეითმა დივიზიამ წინსვლა განაგრძო გერმანელთა კარგად გამაგრებული პოზიციებისა და კონტრშეტევების მიუხედავად. საბოლოოდ ამერიკელთა დაკავებულმა ტერიტორიამ ქალაქის გარშემო ნახევარმთვარის ფორმა მიიღო. სექტემბრის ბოლოსკენ ამერიკელთა წინსვლა შეჩერდა ჯარის მომარაგების პრობლემის გამო და ასევე იმ მიზეზით, რომ საწვავისა და საბრძოლო მასალის არსებული მარაგებიდან საკმაო ნაწილი ოპერაცია მარკეტ გარდენისთვის გაიგზავნა.
ბრძოლა
რედაქტირებაშეტევა ჩრდილოეთიდან
რედაქტირება2 ოტქომბერს აშშ-ს ოცდამეათე ქვეითთა დივიზიამ აახენის მისადგომებთან შეტევა წამოიწყო, მას არტილერია ეხმარებოდა, რომელიც გერმანულ საცეცხლე ბუნკერებს ბომბავდა. თითო ასეთი ბუნკერის აღებას ამერიკელები დაახლოებით ოცდაათ წუთს ანდომებდნენ. მათ შეამჩნიეს, რომ ერთი ბუნკერის აღების შემდეგ თუ მაშინვე არ გადავიდოდნენ იერიშზე მეორე ბუნკერის ასაღებად, გერმანელები ყოველთვის კონტრშეტევას იწყებდნენ.
ამერიკელები ნელ-ნელა მიუახლოვდნენ და გადაკვეთეს მდინარე ვურმი და გერმანულ ბუნკერებზე იერიში ცეცხლმტყორცნებითა და ნაღმებით განაგრძეს. 2 ოქტომბრის საღამოსთვის ოცდამეათე დივიზიას გარღვეული ქონდა გერმანული დაცვის ხაზი და ქალაქ პალენბერგამდე იყო მისული. პალენბერგში შეტაკებები მოხდა ახლო მანძილებზე, მოწინააღმდეგეები თითოეული სახლისთვისა თუ შენობისთვის ებრძოდნენ ერთმანეთს. ამერიკელებს ქვეითებს მძიმედ დაუჯდათ ქალაქ რიმბურგის აღებაც, სადაც გერმანელები შუა საუკუნეების დროინდელ ციხე-სიმაგრეში იყვნენ გამაგრებული, ხოლო ამერიკელებს ტანკების მხარდაჭერა არ ჰქონდათ. საბოლოოდ სატანკო ნაწილებიც ჩაერთნენ ბრძოლაში და ქალაქი რიმბურგი დაეცა, თუმცა არანაკლებ მძიმე გამოდგა ქალაქ იუბახის აღება. გერმანელებმა არაერთი კონტრშეტევით სცადეს იუბახის დაბრუნება, თუმცა ეს არ გამოსდიოდათ არასაკმარისი ძალების გამო. ამერიკელებმა მალევე აიღეს ქალაქი ჰოვერდორი და ბეგენდორფი, თუმცა მდინარე ვურმის გადაკვეთის შემდეგ ეს წინსვლა მთლიანობაში დაახლოებით 1 800 ჯარისკაცის სიცოცხლის ფასად დაუჯდათ. ამერიკელებმა განაგრძეს აახენის გზისკენ პატარ-პატარა ქალაქების აღება, გერმანელები კი ისევ კონტრშეტევებს აწყობდნენ, მაგრამ ამაოდ. მათი რიცხობრივი უმცირესობა წარმატებული კონტრშეტევების საშუალებას არ იძლეოდა. დანაკარგების მატებისა და ამერიკელთა მოახლოების ფონზე, გერმანულმა სარდლობამ აახენში გადაისროლა პანცერგრენადერთა მესამე დივიზია, SS-ის პირველი სატანკო კორპუსი, ასმეთექვსმეტე სატანკო დივიზია და SS-ის ასმეერთე მძიმე სატანკო ბატალიონი.
შეტევა სამხრეთიდან
რედაქტირებაამერიკელთა ქვეითთა პირველმა დივიზიამ სამხრეთიდან შეტევა 8 ოქტომბერს დაიწყო, აიღო ქალაქი ვერლაუტენჰაიდი და აახენის გარშემო არსებული მაღლობები. 10 ოქტომბერს ამერიკელმა გენერალმა ჰიუბნერმა აახენის დამცველ გერმანელებს ულტიმატუმი წაუყენა: თუ აახენის გარნიზონი არ ჩაბარდებოდა, ამერიკელები მანამ დაბომბავდნენ ქალაქს, სანამ მათ ამ გადაწყვეტილებას არ შეაცვლევინებდნენ. გერმანელმა მეთაურმა კატეგორიული უარი განაცხადა დანებებაზე. შედეგად, ამერიკულმა არტილერიამ 11 ოქტომბერს ქალაქის დაბომბვა დაიწყო, რა დროსაც დაახლოებით 5000 ჭურვი გაისროლა. ქალაქს ასევე ბომბავდა ამერიკული ავიაცია.
ძალების შეერთება
რედაქტირებამძიმე ბრძოლების შემდეგ 16 ოქტომბერს სამხრეთისა და ჩრდილოეთის ამერიკული ძალები შეერთდნენ. მეცხრამეტე კორპუსს ამ ბრძოლების შედეგად საბოლოო ჯამში 400 დაღუპული და 2000 დაჭრილი ჰყავდა. ამერიკელთა დანაკარგები ძირითადად გერმანული საცეცხლე ბუნკერების აღებასა და გერმანეთლა ხშირ კონტრშეტევებს მოჰყვა. ამ შეტაკებებიდან იოლად არც გერმანელები გამოვიდნენ, დაღუპულების სახით მათ 1 230, ხოლო დაჭრილების სახით — 4 400 კაცი ჰყავდათ.
ბრძოლა ქალაქისთვის
რედაქტირებააახენს 5 000 გერმანელი იცავდა, რომელთაგან უმეტესობა საკმაოდ გამოუცდელი იყო, რადგანაც მათ რიგებში ბევრი საზღვაო და საჰაერო ძალების წარმომადგენელი, ასევე ქალაქის პოლიციის პერსონალი იყო. მათ აკლდათ საჭირო სამხედრო მომზადება და შეიარაღება, რათა ემოქმედათ ისე, როგორც სტანდარტულ კარგად გაწვრთნილ გერმანელ ქვეითებს. საქმეს ართულებდა ისიც, რომ გერმანლეთა განკარგულებაში მხოლოდ რამდენიმე ტანკი იყო. მათი ერთადერთი უპირატესობა აახენის ლაბირინთისებური ქუჩები იყო, რომლებსაც ისინი კარგად იცნობდნენ, ამერიკელები — არა.
ამერიკელთა მხარეს სჭირდებოდა ქალაქის გარშემო პერიმეტრის დაცვა გერმანული კონტრშეტევებისგან, ამიტომ უშუალოდ ქალაქის ასაღებად მხოლოდ ერთი პოლკი გამოიყო. ეს საქმე ოცდამეექვსე ქვეითთა პოლკს დაევალა. ტყვიამფრქვევებითა და ცეცხლმტყორცნებით შეიარაღებულ ორ ბატალიონს (მათ პოლკის მესამე ბატალიონი აკლდათ) მხარს მხოლოდ რამდენიმე შერმანის ტანკი და ერთი ჰაუბიცა უჭერდა.
ბრძოლის სახე თავიდანვე ცხადი გახდა. 13 ოქტომბერს დაწყებულ შეტევაში გამოჩნდა, რომ გერმანლეები კანალიზაციისა და სარდაფების სისტემას იყენებდნენ მოულოდნელი ჩასაფრებებისთვის, ამიტომ ამერიკელებს თითოეული ღიობისა და სახლის გაწმენდა უწევდათ, სანამ წინ წაიწევდნენ. ამერიკელებმა თავიანთ განკარგულებაში მყოფი ჰაუბიცა გამოიყენეს სახლების სქელი კედლებისა და გერმანული სიმაგრეების დასანგრევად. ამერიკული შერმანის ტანკები ხშირად ხვებოდნენ ჩასაფრებებში, ამიტომაც, შემდეგში სანამ წინ წაიწევდნენ, ისინიც აფეთქებდნენ შენობებს პოტენციური მტრის პოზიციების გასანადგურებლად. ამერიკული ავიაციის დომინირების პირობებში, გერმანელები ქალაქის საკანალიზაციო სისტემას ეფექტურად იყენებდნენ, რათა მომხდური მტრის ზურგში აღმოჩენილიყვნენ და მოულოდნელად დაერტყათ მისთვის. ამან ამერიკელებს პრობლემები შეუქმნა.
18 ოქტომბერს ოცდამეექვსე პოლკის მესამე ბატალიონმა სასტუმრო კელენჰოფის იერიში წამოიწყო. ეს სასტუმრო აახენის ერთ-ერთი ბოლო გამაგრებული ადგილი იყო, რომელსაც ჯერ კიდევ გერმანელები აკონტროლებდნენ. ამერიკული ტანკები და ქვემეხები სასტუმროს ჭურვებს უშენდნენ, თუმცა გერმანელებმა ამ დროს SS-ის პირველი პირველი ბატალიონის 300 ჯარისკაცის სახით შევსება მიიღეს, რომლებმაც ამერიკელთა შეტევები მოიგერიეს. მეტიც, გერმანელთა მრისხანე კონტრშეტევამ მოახერხა ამერიკული პოზიციების აღება სასტუმროს გარშემო, თუმცა ბოლოს ისინი ამერიკელთა ნაღმტყორცნების დაბომბვის ფონზე იძულებულნი გახდნენ, უკან დაეხიათ.
ცოცხალი ძალის დანაკარგების შესამცირებლად გადაწყდა, რომ აახენში დარჩენილი გერმანული სიმაგრეები უნდა დაბომბილიყო 155 მილიმეტრიანი ქვემეხებით. ასევე ოცდამეექვსე პოლკმა შევსების სახით მიიღო თავდაპირველად ნაკლული ბატალიონი. ეს გადამწყვეტი მომენტი აღმოჩნდა და 21 ოქტომბერს აახენს მთლიანად ამერიკული ძალები აკონტროლებდნენ, ამავე დღეს ჩაბარდა ბოლო გერმანული სიმაგრის — სასტუმრო კელენჰოფის გარნიზონიც. ბრძოლა აახენისთვის დასრულებული იყო.
შედეგი
რედაქტირებაამერიკელთა მთლიანი დანაკარგი აახენისა და მისი მახლობელი ქალაქების აღების შედეგად 7 000 კაცზე მეტი იყო. გერმანელებმა 5 000 ჯარისკაცი დაკარგეს, 5 600 კი ტყვედ ჩავარდა. აახენი პირველი დიდი გერმანული ქალაქი იყო, რომელიც მოკავშირეებმა აიღეს, თუმცა მათ დაინახეს, რომ გერმანული ქალაქების აღება რთული ამოცანა იქნებოდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Spiller, Roger J., ed. (1991). Combined Arms in Battle Since 1939. U.S. Army Command and General Staff College Press.
- the ed. of Command magazine (1995). Hitler's Army: The Evolution and Structure of German Forces, 1933–1945. Conshohocken, PA: Combined Books Inc.
- Ambrose, Stephen E. (1997). Citizen Soldiers: The U.S. Army From the Normandy Beaches to the Bulge to the Surrender of Germany
- Ambrose, Stephen E. (1998). Victors. New York City, New York: Simon & Schuster.
- Cooper, Matthew (1978). The German Army 1933-1945. Lanham, Maryland: Scarborough House.
- Ferrell, Bruce K. (November–December 2000). "The Battle of Aachen"
- Mansoor, Peter R. (1999). The GI Offensive in Europe: The Triumph of American Infantry Divisions, 1941–1945. Lawrence, Kansas: Kansas University Press.
- McCarthy, Peter; Mike Syryon (2002). Panzerkieg: The Rise and Fall of Hitler's Tank Divisions
- Rule, Richard (April 2003). "Bloody Aachen". Military Heritage. Herndon, Virginia: Sovereign Media
- Stanton, Shelby. World War II Order of Battle: An Encyclopedic Reference to U.S. Army Ground Forces from Battalion through Division, 1939–1946. Stackpole Books.
- Whiting, Charles (1976). Bloody Aachen.
- Whitlock, Flint (December 2008). "Breaking Down the Door". WWII History. Herndon, Virginia: Sovereign Media. 7
- Yeide, Harry (2005). The Longest Battle: September 1944 to February 1945. St. Paul, MN: Zenith Press.