ფოლკსშტურმი (გერმ. Volkssturm — „სახალხო შტურმი“) — ნაცისტური გერმანიის ეროვნული მილიცია (სამოქალაქო პირთა შეიარაღებული გასამხედროებული ფორმირება), რომელიც დაარსდა ადოლფ ჰიტლერის ბრძანებით 1944 წლის 25 სექტემბერს, მეორე მსოფლიო ომის ბოლო თვეებში. ფოლკსშტურმი არ ეკუთვნოდა ვერმახტს, ის ნაცისტურ პარტიის ორგანიზებით შეიქმნა და მას ემორჩილებოდა. ფოლკსშტურმში იწვევდნენ 16-დან 60-წლამდე მამაკაცებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ მსახურობდნენ ვერმახტის რომელიმე ნაწილში. ფოლკსშტურმი წარმოადგენდა იოზეფ გებელსის მიერ გამოცხადებული მესამე რაიხის ტოტალური ომის პოლიტიკის ნაწილს, რომელიც გერმანიის ყოველგვარ დანებებაზე უარს აცხადებდა და ბოლომდე ბრძოლას აპირებდა ყველა იმ რესურსით, რომელიც მას ჯერ კიდევ გააჩნდა. ჰიტლერს და გებელსს სწამდათ, რომ გერმანია შეძლებდა, მოწინააღმდეგის სამხედრო ძალები გერმანელი ერის უდრეკი ნებისყოფით დაემარცხებინა. თუმცა რეალობა სხვა იყო, ყოველგვარი რესურსებისგან გამოფიტულ გერმანიას აღარ შესწევდა საბჭოთა წითელი არმიისა და დასაველელი მოკავშირეების ჯარების წინსვლის შეჩერება და ამიტომ ფოლკსშტურმი წარუმატებელ და თავიდანვე კრახისთვის განწირულ ბრძოლებს აწარმოებდა, რომელშიც დიდ დანაკარგებს განიცდიდა.

ფოლკსშტურმი
Volkssturm
ფოლკშტურმის მსვლელობა, 1944 წლის ნოემბერი
ფოლკსშტურმის მსვლელობა, 1944 წლის ნოემბერი
აქტიური 18 ოქტომბერი, 1944–8 მაისი, 1945
ქვეყანა ნაცისტური გერმანიის დროშა ნაცისტური გერმანია
ტიპი მილიცია
ნაწილი ნაცისტური პარტია
მეთაურები
ცერემონიული მეთაური იოზეფ გებელსი

ფოლკსშტურმისმაგვარი ძალების შეკრების შთაგონების წყარო იყო 1813–1815 წლების პრუსიული ლანდსშტურმი, რომელიც ნაპოლეონის წინააღმდეგ მებრძოლი პარტიზანების ერთობას წარმოადგენდა. ნაცისტურ გერმანიაში ამდაგვარი ძალის შეკრების პირველი იდეა გენერალ ჰაინც გუდერიანს ეკუთვნოდა, რომელმას ის 1944 წელს გააჟღერა.

1941 წელს დაწყებული ოპერაცია ბარბაროსადან მოყოლებული, მძიმე ბრძოლებისა და დაუსრულებელი ომის პირობებში, გერმანიის არმიის დანაკარგები კოლოსალური იყო, მას აღარ გააჩნდა საკმარისი რაოდენობის ადამიანური რესურსი, რათა დაღუპული ჯარისკაცების რიგები შეევსო და წითელ არმიას დაპირისპირებოდა. ამიტომ ფოლკსშტურმში იწვევდნენ ჰიტლერიუგენდის წევრ მოზარდებს, ხშირ შემთხვევაში ბავშვებსაც კი, სამხედრო სამსახურისთვის მანამდე უვარგისად შეფასებულ მამაკაცებს, პირებს, რომლებიც უმნიშვნელო“ სამსახურში მუშაობდნენ, ასაკში შესულებს, პირველი მსოფლიო ომის ვეტერანებსა და დაჭრილებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ იყვნენ სრულად გამოჯანმრთელებულნი. ჰიტლერის ბრძანებით, ფოლკსშტურმში 6 მილიონი კაცი უნდა გაეწვიათ, თუმცა ეს ვერ მოხერხდა და მათი რეალური რაოდენობა ბევრად ნაკლები იყო.

მომზადება და შეიარაღება

რედაქტირება
 
ინსტრუქტორი უხსნის ტყვიამფრქვევის გამოყენების თავისებურებებს ფოლკსშტურმის ახალგაზრდა და ასაკიან წევრებს.
 
ფოლკსშტურმის წევრები პანცერფაუსტებით.

ფოლკსშტურმს აკლდა როგორც სამხედრო მომზადება, ასევე უნიფორმები, აღჭურვილობა და შეიარაღება. მისი წევრები მომზადების სახით ძალიან მცირე კურსს გადიოდნენ, რომელიც, ძირითადად, შაშხანისა და პანცერფაუსტის გამოყენების საბაზისო ცოდნის მიღებას გულისხმობდა. დეფიციტი იყო თვით ინსტრუქტორების მხრივადაც და ხშირად ამ მოვალეობას პირველი მსოფლიო ომის ვეტერანები კისრულობდნენ.

ფოლკსშტურმის წევრებს ხშირად არ ჰქონდათ სახელმწიფოს მიერ დარიგებული სამხედრო უნიფორმები და მათ თავად ევალებოდათ საკუთარი უნიფორმისა და სამზარეულოს აღჭურვილობის მოტანა შინიდან. საბრძოლო იარაღის დეფიციტის გამო გერმანული არმიის სტანდარტული Kar98k მაუზერის შაშხანა ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყო, ამიტომ სახელმწიფო მათ მეცხრამეტე საუკუნის იარაღებს ურიგებდა, როგორებიც იყო მანლიხერისა და Gewehr 98 შაშხანები. ფოლკსშტურმი ასევე იარაღდებოდა ომის დასაწყისში გერმანიის მიერ ოკუპირებული ქვეყნებიდან წამოღებული შეიარაღებით და სპეციალურად ფოლკსშტურმისთვის შემუშავებული იარაღებით, რომელთა დამზადება გაიაფებული და გამარტივებული იყო. ამგვარი იარაღები იწარმოებოდა დაშტამპვის მეთოდით და იმდენად უხეშად და ნაჩქარევად დამზადებული იყო, რომ ვიზუალურად კუსტარული იერი ჰქონდა, თუმცა საკმაოდ ეფექტური იყო. MP 3008 სწორედ ასეთი პისტოლეტ-ტყვაიმფრქვევი იყო, რომელიც ბრიტანულ სტენს ეფუძნებოდა.

 
ფოლკსშტურმის სამკლავური

მიუხედავად იმისა, სამხედრო ფორმა ეცვათ თუ სამოქალაქო, ფოლკსშტურმის წევრებს სახელოზე ეკეთათ სპეციალური განმასხავებელი ნიშანი — შავი სამკლავური წითელი კიდეებით, რომელზეც თეთრად Deutscher Volkssturm Wehrmacht“ ეწერა.

ბრძოლები და ომის დანაშაულები

რედაქტირება
 
მდინარე ოდერის პირას გამაგრებული სამხედრო უნიფორმებში გამოწყობილი ფოლკსშტურმის წევრები.

ფოლკსშტურმის ზოგიერთი წევრი, განსაკუთრებით ახალგაზრდები, იდეოლოგიური დამუშავებისა და პროპაგანდის შედეგად ფანატიზმით გამოირჩეოდა და ბრძოლას სიკვდილამდე არ წყვეტდა. ფოლკსშტურმის ყველაზე მასშტაბური ბრძოლა ბერლინის დაცვისას მოხდა, მაშინ ბერლინში და მის მიდამოებში ამ ორგანიზაციის 60,000-მდე წევრი იყო დისლოცირებული. თუმცა სრულფასოვანი სამხედრო მომზადების არქონის, ცუდი შეიარაღებისა და კვალიფიციური სამხედრო მეთაურების არყოლის გამო ისინი ე.წ. საზარბაზნე ხორცად“ იყვნენ განწირულნი და ერთი შემთხვევის გარდა, როდესაც 50 წელს გადაცილებულმა პირველი მსოფლიო ომის ვეტერანების 770 კაციანმა დანაყოფმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწია წითელ არმიას, ბერლინის დაცვაში მათ არსებითი გავლენა ვერ შეიტანეს. ფოლკსშტურმის მრავალი წევრი და მეთაური, რომელიც ხვდებოდა მათი ბრძოლის ამაოებას და დანებება სურდა, ფანატიკურად განწყობილმა ფოლკსშტურმის დანარჩენმა წევრებმა მოკლეს.

ფოლკსშტურმმა ასევე ჩაიდინა ომის დანაშაულები, ძირითადად, სამხედრო ტყვეებისა და საკონცენტრაციო ბანაკების პატიმრების წინააღმდეგ აღმოსავლეთ პრუსიაში, შტირიასა და საქსონიაში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Fritz, Stephen G. (2004). Endkampf: Soldiers, Civilians, and the Death of the Third Reich. Lexington: The University Press of Kentucky.
  • Kershaw, Ian (2011). The End: The Defiance and Destruction of Hitler’s Germany, 1944–1945. New York: Penguin Books.
  • Stargardt, Nicholas (2015). The German War: A Nation Under Arms, 1939–1945. New York: Basic Books.
  • Kissel, Hans (1962). Der Deutsche Volkssturm 1944/45: Eine territoriale Miliz im Rahmen der Landesverteidung (გერმანულად). Frankfurt am Main: Verlag E. S. Mittler und Sohn.
  • Yelton, David K. (2003). "The SS, NSDAP, and the Question of Volkssturm Expansion". In Alan E. Steinweis; Daniel Rogers (eds.). The Impact of Nazism: New Perspectives on the Third Reich and Its Legacy. Lincoln, NE: University of Nebraska Press.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება