Metro“ — კოდური სახელწოდება სადიზაინო ენისა, ან უბრალოდ დიზაინის სტილისა, რომელიც შექმნა კომპანია Microsoft-მა. ეს ენა ტიპოგრაფიაზეა დაფუძნებული, ანუ მეტი ყურადღება ექცევა ტექსტის დიზაინს. მოგვიანებით მას ეწოდა Microsoft-ის სადიზაინო ენა (Microsoft design language).[1] მისი შექმნის იდეა გაჩნდა საზოგადოებრივ სატრანსპორტო სისტემებზე დაკვირვების შედეგად. მთავარი პრინციპი ამ ენისა არის ის, რომ პროცესორის დატვირთვაზე ყურადღება ექცევა უფრო მეტად აპლიკაციებს, ვიდრე თავად საოპერაციო სისტემას და ვიზუალური გარემო დაფუძნებულია უფრო მეტად ტიპოგრაფიაზე, ვიდრე გრაფიკაზე. დიზაინის ასეთი მიდგომა დაიწყო ჯერ კიდევ Microsoft Encarta 95-ისა და MSN 2.0-ის დროს და მოგვიანებით განვითარდა Windows Media Center-სა და Zune-ში. დიზაინი ოფიციალურად წარმოდგენილ იქნა "Metro"-ს სახელწოდებით Windows Phone 7-ის საზეიმოდ წარდგენის დროს და მას შემდეგ ეს სახელწოდება გაერთიანდა სხვა Microsoft-ის პროდუქტებშიც, როგორებიცაა Xbox 360-ის საოპერაციო სისტემა, Windows 8 და Outlook.com-ი.

Music+Video-ს განყოფილება Windows Phone-ში
Outlook.com-ში ჩაშენებულია Microsoft-ის სადიზაინო ენის ინტერნეტ ვერსია

Metro დიზაინის სტილი დაფუძნებულია საერთაშორისო ტიპოგრაფიული სტილის პრინციპებზე. ამ სტილის ადრეული ნიშნები ჯერ კიდევ Windows XP Media Center Edition-ის Windows Media Center-ში შეიმჩნეოდა, რაც გულისხმობდა იმას, რომ ნავიგაციის ძირითადი ფორმა იყო ტექსტი. ასეთი ინტერფეისი მოგვიანებით გადატანილ და განვითარებულ იქნა Media Center-ის შემდეგ ვერსიებშიც. 2006 წელს, Zune-ის ინტერფეისიც განახლდა ამ პრინციპების გამოყენებით. Microsoft-ის დიზაინერებმა გადაწყვიტეს ხელახლა შეექმნათ ამ დიზაინის ინტერფეისი, რომელშიც კიდევ უფრო წმინდა და სუფთა ტიპოგრაფია იქნებოდა გამოყენებული და თან რაც შეიძლება ნაკლები გრაფიკული ელემენტებით. ეს პრინციპები და Zune-ის ახალი სამომხმარებლო ინტერფეისი ჩაშენებულ იქნა Windows Phone-ში (სწორედ Windows Phone-ის Metro სტილის ინტერფეისი გადაიზარდა შემდგომ Windows 8-ის Metro სტილის ინტერფეისში). Zune-ის სამაგიდო სამომხმარებლო პროგრამის დიზაინი ასევე ხელახლა იქნა შექმნილი უფრო მეტი ტიპოგრაფიითა და სუფთა ვიზუალით, რომელიც საკმაოდ განსხვავდებოდა Zune-ის წინამორბედ, Portable Media Center-ზე დაფუძნებული სამომხმარებლო ინტერფეისისაგან. ბრტყელი, ფერადი "ცოცხალი ფილები" სადიზაინო ენაში Windows Phone-ის შექმნის დროს იქნა წარმოდგენილი.

პრინციპები

რედაქტირება
 
Segoe UI-ის ფონტი Windows 7-ში (ზევით) და Windows 8-ში (ქვევით)
 
Windows 8-ის Start Screen-ი წარმოდგენილია ბრტყელი, ფერადი "ცოცხალი" ფილებითა და "ფილების კედლის" ჰორიზონტალურად მოძრაობის ფუნქციით, როგორც თავის დროზე იყო (და ახლაც არის) წარმოდგენილი Windows Phone-ი და Xbox 360-ის საოპერაციო სისტემა.

სადიზაინო ენის, Metro-ს, შექმნაში დიდი გავლენა მოახდინა Microsoft-ის დიზაინერთა გუნდის შთაგონებამ, რომელიც საზოგადოებრივ სატრანსპორტო სისტემებზე დაკვირვების დროს მიიღეს; მაგალითად, ისინი აკვირდებოდნენ King County Metro-ს (საზოგადოებრივი სატრანსპორტო სისტემის განყოფილება ვაშინგტონის ერთ-ერთ ოლქში, კერძოდ King County-ში). ეს სისტემა სიეტლის დიდ ფართობს მოიცავს, სადაც კომპანია Microsoft-ის სათავო ოფისებია განლაგებული. სადიზაინო ენა ხაზს უსვამს კარგ ტიპოგრაფიასა და ტექსტებს - დიდი ზომის შრიფტით, რაც თვალისთვის მისწრებაა. Microsoft-ის ხედვით, ეს სადიზაინო ენა არის "ლამაზი, სწრაფი, თანამედროვე" და ხატულებზე დაფუძნებული ინტეფეისის (ასეთი ინტერფეისი აქვს Windows-ს, Android-სა და iOS-ს) მკაფიოდ გაუმჯობესებული "განახლება". ყველანაირი ტექსტი იყენებს Segoe შრიფტის ფონტებს. Segoe შრიფტი, რომლის ლიცენზია შეიძინა Microsoft-მა, შექმნა სტივ მეტისონმა Monotype Corporation-ში (კორპორაცია, რომელიც ქმნის შრიფტებს სხვადასხვა დიზაინით). Microsoft-მა შექმნა Segoe-ს ორი ახალი ვერსია, ერთი Zune-ისთვის, რომელსაც Zegoe UI უწოდეს, და მეორე Windows Phone-ისთვის, რომელსაც Segoe WP დაარქვეს. ეს ფონტები მხოლოდ მცირედით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. აშკარა განსხვავება Segoe UI-სა და Segoe WP-ს შორის შეიმჩნევა შესაბამის ციფრების სიმბოლოებში. Windows 8-ში Segoe UI-ს აშკარა განსხვავებები ჰქონდა ისევე როგორც Segoe WP-ს. ყველაზე მეტად თვალსაჩინოა ტიპოგრაფიული ცვლილებები შემდეგი სიმბოლოებისა: 1, 2, 4, 5, 7, 8, I და Q.

Microsoft-მა ეს სადიზაინო ენა შექმნა სპეციალური მიზნით: მოხმარების პროცესი ყოფილიყო უფრო სწრაფი (მთავარი კომპიუტერული ამოცანების გაერთიანებისა და გაძლიერების წყალობით), რაც მიიღწევა ზედმეტი გრაფიკული ელემენტების ამოღებით. საბოლოოდ მიღებულ ინტერფეისებს გააჩნიათ უფრო დიდი ვიზუალური სივრცე, შედარებით პატარა ღილაკები და ხშირად აქვთ "ფილების კედლის" ჰორიზონტალურად მოძრაობის ფუნქცია. გვერდების სათაურების შრიფტი, ჩვეულებრივ, დიდი ზომისაა, რაც ჰორიზონტალური მოძრაობის უპირატესობაზე მეტყველებს.

ანიმაცია დიდ როლს ასრულებს. Microsoft-ის რეკომენდაციით, სასურველია კარგად გავერკვეთ Metro სტილის დიზაინის ანიმაციურ "გადასვლებსა" და სენსორული ეკრანის შემთხვევაში, საკონტროლო მოქმედებებში (როგორებიცაა: თითის ერთხელ დაჭერა და თითის გასრიალება), რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მიიღოს არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება "ცოცხალი" ინტერფეისისგან, სადაც განვითარებულია სიღრმის შეგრძნება.

მსოფლიოსთვის წარდგენა, რეაქციები, გამოხმაურებები და ცვლილებები

რედაქტირება

პირველი შეფასებები ამ ენის მიმართ ძირითადად იყო დადებითი. Zune HD-ის (პორტატული მედია ფლეიერი, რომლის წარმოება 2011 წელს შეჩერდა) მიმოხილვაში Engadget-მა (მრავალენოვანი ტექნოლოგიური ბლოგის ქსელი) განაცხადა: "Microsoft-ი აგრძელებს დიდი, დიდი ტიპოგრაფიისკენ წინსვლას, რაც უზრუნველყოფს დახვეწილ, აკურატულ დიზაინს, რომელიც ისეთივე ფუნქციონალურია, როგორც მიმზიდველი." CNET-მა (ამერიკული ტექნოლოგიური ვებსაიტი) ძალიან შეაქო ეს ენა: "ეს შედარებით გაბედული და არაფორმალური პროდუქტია, ვიდრე iPhone-ისა და iPod Touch-ის მჭიდრო, სტერილური ხატულების ბადეები და როლოდექსური მენიუები."

Industrial Designers Society of America-მ (IDSA - ინდუსტრიულ დიზაინერთა ორგანიზაცია) Windows Phone-ს International Design Excellence Awards-ის (IDEA - საერთაშორისო დიზაინის დაჯილდეობის პროგრამა) ჯილდო მიანიჭა, როგორც "ხალხის რჩეული დიზაინი" და "საუკეთესო ნამუშევარი". იზაბელ ანკონამ (Isabel Ancona), IDEA-ს სამომხმარებლო კონსულტანტმა, განმარტა თუ რატომ გაიმარჯვა Windows Phone-მა:

 
„ამ პროდუქტში დიდი ინოვაცია არის ჩადებული, რაც უფრო მეტ სისწრაფეს, ბევრად დახვეწილ ვიზუალსა და მომხმარებლის უკეთეს კომფორტს გულისხმობს, ვიდრე ტრადიციული სამომხმარებლო ინტერფეისები. მარტივი ხელის მოძრაობები და ნავიგაციის სისტემა მომხმარებელს საშუალებას აძლევს უფრო კარგად აღიქვას კონტენტი. ჭეშმარიტად ელეგანტური და უნიკალური დიზაინია.“

Windows 8-ის შემდეგ

რედაქტირება

როდესაც გამოვიდა Windows 8, ახალი საოპერაციო სისტემის Metro სტილის ინტერფეისი ძირითადად ნეგატიურად გააკრიტიკეს. 2012 წლის 25 აგვისტოს, Ars Technica-ს (ტექნოლოგიური სიახლეების ვებსაიტი) თანამშრომელმა, პიტერ ბრაითმა (Peter Bright), Windows 8-ის წინასწარი ვერსიის მიმოხილვის პირველი ნაწილი Windows 7-ისა და Windows 8-ის Start menu-ების დიზაინის შედარებას მიუძღვნა. ორივე დიაზინის დადებითი და უარყოფითი მხარეების აწონდაწონვის შემდეგ, მან დაასკვნა, რომ გამარჯვებული იყო Metro. მიუხედავად ამისა, პიტერმა საბოლოო დასკვნაში მკაფიოდ გაუსვა ხაზი Windows 8-ის ინტერფეისის უარყოფით მხარეებს. კერძოდ იმას, რომ, Desktop და Metro ინტერფეისები ერთიანობაში ძალიან მოუხეხებელია, და ზოგიერთი ასპექტი არ ერწყმის კარგად ერთმანეთს.

Windows 7-ისგან განსხვავებით, Windows 8-ში არ არის Aero (დამატებითი გრაფიკული ელემენტების ერთობლიობა. ამ ელემენტებიდან ყველაზე მეტად გამორჩეულია ვინდოუსის ფანჯრების ჩარჩოების სრულად ან ნახევრად გამჭვირვალედ ჩვენების ფუნქცია). ზოგიერთი კრიტიკოსის მტკიცებით, Microsoft-მა იმიტომ ამოიღო Aero, რომ ნაკლები დატვირთვა ჰქონოდა გრაფიკულ პროცესორს (GPU), და შესაბამისად, მეტ ხანს გაეძლო ბატარეას, რათა ახალი საოპერაციო სისტემა არა მხოლოდ სამაგიდო, არამედ პლანშეტურ კომპიუტერებსაც კარგად მორგებოდა.

სახელის ცვლილება

რედაქტირება

2012 წლის აგვისტოში, The Verge-მა (ტექნოლოგიური საინფორმაციო ქსელი) განაცხადა რომ Microsoft-მა დეველოპერებსა და თავის თანამშრომლებს გაუგზავნა შიდა მემორანდუმი, სადაც საუბარი იყო ამ ტერმინის (Metro) "გამოყენების გაუქმებაზე", რისი გადაწყვეტილებაც "მნიშვნელოვან ევროპელ პარტნიორთან მოლაპარაკების" შემდეგ მიიღეს, და რომ ისინი უკვე "მუშაობდნენ ახალ ტერმინზე". რამდენიმე ტექნოლოგიური სიახლეებისა და საინფორმაციო წყარომ (Ars Technica, TechRadar, CNET, Engadget, IDG's Network World, Mainstream media, The New York Times და BBC) განაცხადა, რომ პარტნიორი, რომელიც ნახსენები იყო მემორანდუმში, შესაძლოა ყოფილიყო Microsoft-ის ერთ-ერთი სავაჭრო პარტნიორი, გერმანული კომპანია Metro AG, რადგან სახელწოდებები თითქმის ერთი და იგივეა, და რომ ერთნაირ სახელებს ჰქონდა ერთმანეთის სავაჭრო ნიშნის უფლებების დარღვევის პოტენციალი. მოგვიანებით Microsoft-მა განაცხადა, რომ სახელის ცვლილება არ იყო არანაირი დავის ან კონკურენციის მიზეზი, და რომ ეს ტერმინი უბრალოდ ადრეც ჰქონდათ გამოყენებული სხვა შიდა პროექტში, ამიტომ ურჩევნოდათ "Metro"-ს მაგიერ დაერქმიათ "Microsoft-ის სადიზაინო ენა" ("Microsoft design language").

Wired-ის თანამშრომელმა, ალექსანდრა ჩანგმა (Alexandra Chang) გამოთქვა აზრი, რომ ახალ საოპერაციო სისტემაში Microsoft-ს არ სჭიდება ცალკეული დამატებითი სახელი, და ჯობია "Metro"-ს ნაცვლად გამოიყენოს თავად ამ საოპერაციო სისტემის ტერმინი: "Windows 8".

2012 წლის სექტემბერში, "Microsoft design language" მიღებულ იქნა, როგორც დიზაინის ამ სტილის ოფიციალური სახელწოდება. ეს ტერმინი, სადიზაინო ენის მნიშვნელობით, გამოყენებულ იქნა როგორც Microsoft Developer Network-ის დოკუმენტაციაში, ასევე 2012 წლის Build-ის კონფერენციაზე.

შესაბამის ცვლილებებს რაც შეეხება, Windows Runtime-ზე (პროგრამული არქიტექტურა, რომელიც ამ სადიზაინო ენის მიხედვით არის შექმნილი) დაფუძნებული აპლიკაციების მნიშვნელობით, Microsoft-ი ნაკლებად იყენებს ფრაზას: "Metro სტილის აპლიკაციები". დროებით იყენებდნენ ფრაზას: "თანამედროვე აპლიკაციები", სანამ დაიწყებდნენ ამ ფრაზების გამოყენებას: "Windows Store-ის აპები" და "Windows 8-ის აპები".[2] აპი არის სიტყვა აპლიკაციის შემოკლებული ვარიანტი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება