ათერინისებრნი (ლათ.Atherinidae) — თევზების ოჯახი ათერინისნაირთა რიგისა. სახეობების უმრავლესობა 15 სმ, ზოგი – 30 სმ-მდე სიგრძისაა. ბინადრობენ ტროპიკულ და სუბტროპიკულ, ზოგჯერ ზომიერი ზონის ზღვებში, იშვიათად — მტკნარ წყალსატევებში. გვხვდება შავ და კასპიის ზღვებში.[1] აქ ფართოდ გავრცელებული პოპულაციები წყაროების ნაწილის მიხედვით წარმოადგენს ჩვეულებრივი ათერინის (Atherina boyeri) ქვესახეობებს,[2] შესაბამისად — A. p. pontica და A. p. caspia. ზოგიერთი წყაროს მიხედვით კი ორივე პოპულაცია ერთი სახეობა — Atherina caspia-ა, ან ცალ-ცალკე სახეობები — A. pontica და A. caspia.[3] შავი ზღვიდან ისინი შემოდიან საქართველოს მდინარეებშიც. ცოცხლობენ 6 წლამდე. ტოფობენ ზაფხულობით სანაპირო ზონაში. იკვებებიან მცირე ზომის უხერხემლო ცხოველებით, თავის მხრით, ათერინები მრავალი სარეწაო თევზის საკვებია. ათერინისებრთა ზოგ სახეობას სარეწაო მნიშვნელობა აქვს.[1]