ზუთხისნაირნი

(გადამისამართდა გვერდიდან Acipenseriformes)

ზუთხისნაირნი (ლათ. Acipenseriformes) — თევზების რიგი ხრტილოვანი განოიდების ქვეკლასისა. ძველი ზუთხისნაირების ნამარხები ცნობილია ქვემო იურული პერიოდიდან, თანამედროვე სახეობები — ქვემო ცარცული პერიოდიდან. მათი სხეულის სიგრძეა 27 სმ-დან (მასა დაახლ. 200 გრამი; ამუდარიის მცირე ცრუდინგნიჩაბა) 5 მეტრამდე (მასა 1 ტონა და მეტი; სვია). სხეული თითისტარასებურია, ჩვეულებრივ გლუვი ან ფარეკლების (რომბისებრი ძვლოვანი ფირფიტები) ხუთი გრძივი რიგით დაფარული, რაც განოიდური ქერცლის რუდიმენტებად ითვლება. თავი დაფარულია ფარებით — გადაკრული (კანისებრი) ძვლებით, რომლებიც აგებულებით ფარეკლებს წააგავს. აქვთ საშხეფი (მდებარეობს სალაყუჩე სარქვლის ზედა მხარესთან). დინგი (თავის ნაწილი თვალების წინ) წინ გამოწეულია; ქვედა ზედაპირზე განლაგებულია ულვაშები. პირიც ქვემოთ მდებარეობს. ზურგისა და ანალური ფარფლების სხივების რაოდენობა აღემატება მათ საყრდენ ჩონჩხოვან ელემენტებს (რადიალებს). მუცლის ფარფლების ძირში მდებარეობს ანუსი. კუდის ფარფლი ჰეტეროცერკალურია (გამოშვერილი დიდი ზემო ნაწილით, რომლის შემდეგ კიდევ გრძელდება კუდის ღერო). კუდის ზედა ნაწილი დაფარულია რომბისებრი ქერცლით. შიდა ჩონჩხი ხრტილოვანია; ღერძული ჩონჩხის საფუძველს წარმოადგენს დრეკადი ქორდა. გულში აქვთ არტერიული კონუსი, ნაწლავებში — სპირალური სარქველი (ზრდის შემწოვ ზედაპირს). ცნობილია ორი თანამედროვე ოჯახი: ზუთხისებრნი და დინგნიჩაბასებრნი, 6 გვარი და 27 სახეობა. ბინადრობენ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს წყალსატევებში; გამსვლელი და ტბა-მდინარის თევზებია. ზოგიერთი რეწვისა და აკვაკულტურის ობიექტია (მაგ., ბესტერი).[1]

ზუთხისებრნი

კორეული ზუთხი (Acipenser dabryanus)

ამერიკული დინგნიჩაბა (Polyodon spathula)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანნი
ქვეკლასი:  ხრტილოვანი განოიდები
რიგი:  ზუთხისნაირნი
ლათინური სახელი
Acipenseriformes (Berg, 1940)
ოჯახები
  1. Решетников Ю. С. Осетрообразные // Большая российская энциклопедия. т. 24. — М., 2014. — стр. 527.