5 ივლისის მოვლენები თბილისში (2021)

2021 წლის 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ შეკრებილმა ულტრამემარჯვენე და ძალადობრივმა ჯგუფებმა პარლამენტის წინ ხელისუფლების წინააღმდეგ აღმართული კარვები დაშალეს.[1] ამ მოვლენის მსვლელობისას, ადგილზე ფაქტობრივად არ იყო მობილიზებული პოლიცია. ამის შემდეგ, ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და ჯვარი აღმართეს.[2]

იმავე დღეს, ამ ჯგუფებმა დაარბიეს სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ და ლგბტქ+ უფლება დამცველი ორგანიზაციის „თბილისი პრაიდის“ ოფისები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფისებზე თავდასხმის ფაქტებზე გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლებით დაიწყო.[3]

5 ივლისს, ჰომოფობიურ ნიადაგზე თავდასხმის შედეგად პოლონელი ტურისტიც დაჭრეს.[4] მედიის ცნობით, მიზეზი მისი საყურე გახდა. ინციდენტი კოსტა ხეთაგუროვის ქუჩაზე მოხდა, რაც მოვლენების ეპიცენტრიდან დაახლოებით 800 მეტრში მდებარეობს. ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, ერთ-ერთმა თვითმხილველმა განაცხადა, რომ ტურისტი მამაკაცი თავდამსხმელებს ჰომოსექსუალი ეგონათ. მედიის ინფორმაციით, იგი, სავარაუდოდ, ჯერ სცემეს, ხოლო შემდეგ დანით დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით საქართველოს ერთი მოქალაქეა დაკავებული.

ულტრამემარჯვენე და ძალადობრივი ჯგუფების მთავარი სამიზნე მედია და ჟურნალისტები გახდნენ. მათი თავდასხმის შედეგად 53 ჟურნალისტი და 2 სხვა ადამიანი დაშავდა.[5] საქართველოში მყოფმა 20-მდე დიპლომატიურმა მისიამ ერთობლივი განცხადებით დაგმო ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და სამოქალაქო მოძრაობების ოფისების დარბევა.[6]

6 ივლისს, წინა დღით სახელმწიფოს უმოქმედობის გასაპროტესტებლად მიმდინარე აქციაზე, ლგბტ აქტივისტებმა პარლამენტის წინ დროშა გაშალეს და ცაში ფერადი კვამლი გაუშვეს. მედიის წარმომადგენლები 6 ივლისსაც დაშავდნენ, თუმცა ამ შემთხვევაში პოლიცია მოძალადეებს აქტიურად აკავებდა. ისინი მშვიდობიანი აქციის მიმართულებით კვერცხებს, ქვებს, ქვებით სავსე ბოთლებს, რკინის ნაჭრებს, შუშებს და სხვა ნივთებს ისროდნენ. დაშავდა რამდენიმე პოლიციელიც.[7]

11 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ „ტვ პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელიც აქციაზე ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი ჯგუფების მსხვერპლი გახდა, თავის სახლში გარდაცვლილი იპოვეს.[8] ამ ფაქტს მწვავე გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან. 14 ივლისს, ოთხმა კრიტიკულმა ტელევიზიამ – „მთავარმა არხმა“, ტელეკომპანია „პირველმა“, „ფორმულამ“ და „კავკასიამ“ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისა და 5 ივლისს ჟურნალისტებზე მოძალადეთა დასჯის მოთხოვნით დილის 07:00 სთ-დან 24 საათით მაუწყებლობა შეწყვიტეს. ოთხივე ტელევიზიის გამოსახულებაზე, შავ ფონზე, 5 ივლისს დაშავებული ჟურნალისტების სახელები და გვარები იკითხებოდა, ასევე ჩნდებოდა წარწერა – „გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი! დაისაჯოს ყველა მოძალადე!“.[9]

  1. „კონტრაქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ ხელისუფლების წინააღმდეგ გაშლილი კარვები დაშალეს“. civil.ge. 5 ივლისი 2021. ციტირების თარიღი: 11 ივლისი 2021.
  2. „ძალადობრივმა ჯგუფებმა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და ჯვარი აღმართეს“. რუსთავი 2. 5 ივლისი 2021. ციტირების თარიღი: 11 ივლისი 2021.
  3. „შსს-მ მოძრაობა „სირცხვილიასა“ და „თბილის პრაიდის“ ოფისებზე თავდასხმის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო“. civil.ge. 5 ივლისი 2021. ციტირების თარიღი: 11 ივლისი 2021.
  4. „მედია: უცხოელი მამაკაცი, სავარაუდოდ, ჰომოფობიურ ნიადაგზე დაჭრეს“. civil.ge. 5 ივლისი 2021. ციტირების თარიღი: 11 ივლისი 2021.
  5. „სენატორი კარდინი: ჟურნალისტებზე ძალადობის შემოქმედები უნდა გასამართლდნენ“. რადიო თავისუფლება. 15 ივლისი, 2021. ციტირების თარიღი: 15 ივლისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  6. „დიპლომატიური მისიები დედაქალაქში დღეს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებიან“. civil.ge. 5 ივლისი 2021. ციტირების თარიღი: 11 ივლისი 2021.
  7. „ოთხმა ტელევიზიამ პროტესტის ნიშნად შეჩერებული მაუწყებლობა აღადგინა“. On.ge. 14 ივლისი, 2021. ციტირების თარიღი: 15 ივლისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  8. „ტვ პირველის ოპერატორი, რომელსაც ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ, გარდაცვლილი იპოვეს“. TV პირველი. 11 ივლისი 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-07-11. ციტირების თარიღი: 11 ივლისი 2021.
  9. „ოთხმა ტელევიზიამ პროტესტის ნიშნად 24 საათით მაუწყებლობა შეწყვიტა“. Civil.ge. 14 ივლისი, 2021. ციტირების თარიღი: 15 ივლისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)