ჰონგ-კონგის გეოგრაფია

ჰონგ-კონგი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონია, რომელიც მოიცავს შემდეგ ტერიტორიებს: კოულუნი, კუნძული ჰონგ-კონგი და ახალი ტერიტორიები. ჰონგ-კონგი სანაპირო ქალაქი და სამხრეთი ჩინეთის უმთავრესი პორტია. რეგიონს ჩრდილოეთიდან გუანდუნის პროვინცია, ხოლო აღმოსავლეთიდან, სამხრეთიდან და დასავლეთიდან სამხრეთი ჩინეთის ზღვა ესაზღვრება. რეგიონში შემავალი 260 კუნძული და ნახევარკუნძული მარგალიტის მდინარის შესართავთანაა თავმოყრილი. ჰონგ-კონგის რეგიონი არ შედის კონტინენტური ჩინეთის შემადგენლობაში.

ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის რაიონული დაყოფა

ჰონგ-კონგის სახმელეთო საზღვარი 30 კილომეტრი, ხოლო სანაპირო ხაზის სიგრძე 733 კილომეტრია. რეგიონის ფართობი 1,108 კილომეტრს2 მოიცავს, საიდანაც 1 073 კმ2 ხმელეთს, ხოლო 35 კმ2 წყალს უკავია. ჰონგ-კონგის 263 კუნძულის საერთო ფართობი 500 მ2-ია. მათ შორის ფართობით უდიდესია ლანტაუ, რომელიც კოულუნის ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. ასევე დიდი კუნძულებია: ჰონგ-კონგი, ლამა და პენგ ჩაუ. კუნძული ჰონგ-კონგი კოულუნის ნახევარკუნძულისგან ბუნებრივად ჩამოყალიბებული ვიქტორიას ნავსადგურითაა გამოყოფილი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ღრმა ბუნებრივად ჩამოყალიბებული საზღვაო პორტია. კუნძულები ახალი ტერიტორიების შემადგენლობაში შედის.

ჰონგ-კონგის ლანდშაფში სანაპიროსგან მოშორებით საკმაოდ მთიანია, გვხვდება ციცაბო ფერდობები. რეგიონის უმაღლესი წერტილია ტაი მო შანი, რომელიც ზღვის დონიდან 958 მეტრზე მდებარეობს და ახალი ტერიტორიების შემადგენლობაში შედის.[1] ახალი ტერიტორიების ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ვაკე-დაბლობები გვხვდება.

ჰონგ-კონგის საზღვაო საზღვრები

ჰონგ-კონგში მოსახლეობის სიმჭიდროვე კმ2-ზე 6,300 ადამიანია. რეგიონში საცხოვრებელი და ეკონომიკური მიზნებისთვის მეტი სივრცის უზრუნველსაყოფად მიწის სარეკლამაციო პროექტები ჩატარდა, რის შედეგადაც შემცირდა მანძილი ჰონგ-კონგის კუნძულსა და კოულუნის ნახევარკუნძულს შორის. ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტი კუნძულ ჩეპ ლაპ კოკის ხელოვნურად შექმნილ მიწაზე მდებარეობს.

ჰონგ-კონგი 18 რაიონადაა დაყოფილი, რომელთაც რაიონული საბჭოები მართავენ. მიუხედავად ამისა, საჯარო ტრანსპორტი სრულიად ჰონგ-კონგის ტერიტორიაზე გადაადგილდება და რაიონებს შორის მოგზაურობა არაა შეზღუდული. 2019 წლის მონაცემებით, რაიონებს შორის ყველაზე მრავალრიცხვოვანია შა ტინი.

სახელწოდება „ჰონგ-კონგი“, რომელიც „სურნელოვან ნავსადგურს“ ნიშნავს, მომდინარეობს კუნძულ ჰონგ-კონგზე მდებარე დღევანდელი აბერდენის ტერიტორიიდან, სადაც ძველად სურნელოვანის ხის პროდუქტებითა და საკმევლით ვაჭრობდნენ.[2]

ჰონგ-კონგიდან 60 კილომეტრით დასავლეთით, მარგალიტის მდინარის შესართავის საპირისპირო მხარეს, მაკაოს რეგიონი მდებარეობს. ჰონგ-კონგი და მაკაო ერთმანეთს ჰონგ-კონგი–ჟუჰაი–მაკაოს ხიდის საშუალებით უკავშირდება.

ჰონგ-კონგის ტერიტორიის 40% ეროვნულ პარკებსა და ბუნებრივ ნაკრძალებს უკავია. რეგიონი მრავალფეროვანი ეკოსისტემით გამოირჩევა. ჰონგ-კონგში სისხლძარღვოვანი მცენარეების 300-ზე მეტი სახეობა გვხვდება, რომელთა შორის 300 ენდემური სახეობაა.

ჰონგ-კონგი და მისი მიმდებარე ტერიტორიები
ჰონგ-კონგი 1954 წლის რუკაზე

კლიმატი რედაქტირება

ჰონგ-კონგში სუბტროპიკული და მუსონური კლიმატია, რომლისთვისაც დამახასიათებელია ცივი, მშრალი ზამთარი და ცხელი, ნოტიო ზაფხული. 2006 წლის მონაცემებით, ჰონგ-კონგში ატმოსფერული ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 2 214 მმ იყო. ნალექების ძირითადი ნაწილი მაისიდან სექტემბრამდე პერიოდში მოდის. მაისიდან ნოემბრამდე, ძირითადად ივლისიდან სექტემბრამდე პერიოდისთვის ტროპიკული ციკლონებია დამახასიათებელი. ჰონგ-კონგში საშუალო ტემპერატურა იანვრისა და თებერვლის თვეებში 16°C-დან ივლისისა და აგვისტოს თვეებში 28°C-მდე მერყეობს.[3]

იანვარსა და თებერვალში ამინდი ძირითადად მოღრუბლულია, პერიოდულად ქრის მშრალი ჩრდილოეთის ქარი. ურბანულ სივრცეებში ტემპერატურა 10°C -ზე ქვემოთ არ ეცემა; ყინვები ძირითადად ახალი ტეტიტორიების მაღალმთიან რაიონებში ფიქსირდება. მარტსა და აპრილში ამინდი ხშირად წვიმიანია. წლის ამ პერიოდისთვის სამხრეთ-აღმოსავლეთის მაღალმთიან რაიონებში ნისლია დამახასიათებელი. მაისიდან აგვისტომდე პერიოდისთვის ნოტიო, ცხელი ამინდია გვხვდება, ხშირია კოკისპირული წვიმა ელჭექით. დღის მონაკვეთში ტემპერატურა ხშირად 31°C -ს აღემატება, ხოლო ღამით 26°C -მდე ეცემა. ნოემბრიდან დეკემბრამდე პერიოდისთვის სასიამოვნო ნიავი და მცხუნვარე მზეა დამახასიათებელი.[4]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. "Hong Kong" დაარქივებული 3 May 2009 საიტზე Wayback Machine. . The World Factbook. CIA. Retrieved 18 September 2009.
  2. Visit Hong Kong: Volume 1, Spring, 2004 (p.14) დაარქივებული 7 December 2006 საიტზე Wayback Machine. , University of Hong Kong English Centre.
  3. Hong Kong Survey & Mapping Office, Lands Department. Hong Kong Guide 2007 [map]. Notes on Hong Kong, p. 411. ISBN 962-567-174-9.
  4. Climate of Hong Kong დაარქივებული 17 October 2016 საიტზე Wayback Machine. Hong Kong Observatory. Retrieved on 1 September 2007.