ჰომოგენური სისტემა
ჰომოგენური სისტემა (ბერძ. ὁμός — ტოლი, მსგავსი; ბერძ. γένω — დაბადება) — ფიზიკური სისტემა, რომელიც არ შეიცავს შედგენილობის ან თვისებების მიხედვით განსხვავებულ და ერთმანეთისგან გაყოფის ზედაპირებით განცალკევებულ ნაწილებს. განასხვავებენ ერთგვაროვან (ჰომოგენური სისტემის ყველა ფიზიკური მახასიათებელი ერთნაირია მის ყველა ნაწილში) და არაერთგვაროვან (ეს პარამეტრები უწყვეტად იცვლება წერტილიდან წერტილამდე) ჰომოგენურ სისტემას. არაერთგვაროვან ჰომოგენურ სისტემაში, განსხვავებით ჰეტეროგენული სისტემისაგან, არ არსებობს ისეთი გამყოფი ზედაპირებით შემოსაზღვრული არეები, სადაც პარამეტრები ნახტომისებურად იცვლება (სისტემა ერთფაზიანია). მიკროარაერთგვაროვნებანი (სიმკვრივისა, შედგენიობისა და სხვა, კერძოდ ფლუქტუაციური) არ არღვევენ ჰომოგენური სისტემის ზოგად ერთგვაროვნებას, თუ ისინი იმდენად მცირეა, რომ მათ მიმართ გამოუყენებელია ტემპერატურის, შედგენილობისა და სხვა ცნებები. ერთგვაროვანი ჰომოგენურ სისტემაა აირული ნარევი, მყარი ან თხევადი ხსნარები. არაერთგვაროვანი ჰომოგენური სისტემაა მაგ., აირი გრავიტაციულ ველში (მისი სიმკვრივე სიმაღლის მიხედვით უწყვეტად იცვლება).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 684.