ჰიროსიმისა და ნაგასაკის ატომური დაბომბვა
ჰიროსიმას და ნაგასაკის ატომური დაბომბვა — იაპონიის წინააღმდეგ აშშ ბირთვული შეტევის მაგალითი მეორე მსოფლიო ომის დროს. 1945 წლის 6 აგვისტოს ბირთვული ბომბი სახელად „ბიჭუნა“ („Little Boy“) ჩამოგდებული იქნა ქალაქ ჰიროსიმაში, ხოლო სამი დღის შემდეგ მეორე ბომბი სახელად „მსუქანა“ („Fat Man“) ნაგასაკში.
მსხვერპლთა რაოდენობის ზუსტად დადგენას რამდენიმე ფაქტორი უშლის ხელს: ომისდროინდელი უზუსტო მონაცემები, ის გარემოება რომ მსხვერპლთა საერთო რაოდენობა ზოგადად საკმაოდ დიდი იყო და ისინი სხვადასხვა დროს გარდაიცვალნენ სხივური დაავადების შედეგად, აგრეთვე პოლიტიკური სპეკულაციები რომლის დროსაც მსხვერპლთა რიცხვს ხან აზვიადებდნენ ხან კი ამცირებდნენ. მიჩნეულია რომ ბირთვული დაბომბვის და მასთან დაკავშირებული გარემოებების შედეგად ჰიროსიმაში 140 000 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 74 000 ნაგასაკიში. ორივე ქალაქში მსხვერპლთა უმრავლესობა მშვიდობიანი მოსახლეობა იყო.
იაპონიის კაპიტულაციაში ამ დაბომბვის როლი და საერთოდ მეორე მსოფლიო ომის დრო ბირთვული იარაღის გამოყენების მართლზომიერება იყო და არის კამათის საგანი. აშშ-ში გავრცელებული შეხედულების თანახმად ბირთვული იარაღის გამოყენებამ ომის დასრულება დააჩქარა და ამგვარად იხსნა იმათი სიცოცხლე ვინც დაიღუპებოდა, ომი რომ კიდევ დიდი ხნით გაგრძელებულიყო, კერძოდ-აშშ რომ შეჭრილიყო უშუალოდ იაპონიის ტერიტორიაზე. იაპონიაში კი მიიჩნევენ რომ დაბომბვა საჭირო არ იყო და შეგნებულად ასეთი საშინელი ძალის მიყენება მშვიდობიან მოსახლეობაზე უზნეობაა.
1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიამ გამოაცხადა კაპიტულაცია მოკავშირეთა წინაშე და ამით ოფიციალურად მეორე მსოფლიო ომი დასრულდა.
დაბომბვამდე
რედაქტირებაამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდი ბრიტანეთისა და კანადის დახმარებით ”მანჰეტენის პროექტის” ფარგლებში შექმნა პირველი ატომური ბომბები. თავდაპირველად ეს პროექტი დაწყებულ იქნა ამერიკელი და ევროპიდან გამოქცეული ცნობილი მეცნიერების (მ.შ. ალბერტ აინშტაინის) ინიციატივით რომლებიც შიშობდნენ, რომ ნაცისტური გერმანიაც შექმნიდა ასეთ ბომბს (როგორც შემდგომ აღმოჩნდა გერმანული ბირთვული პროგრამა არც იმდენად მასშტაბური იყო როგორც ამერიკული და ამასთანავე არც იმდენად შორს წასული). ”მანჰეტენის პროექტის” ფარგლებში 130 000 მეტი ადამიანი მუშაობდა ოცდაათზე მეტ სამეცნიერო ინსტიტუტში მთელი ამერიკის მასშტაბით და მისი ღირებულება იყო 2 მლრდ აშშ დოლარი რის გამოც იგი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძვირადღირებული საკვლევი პროგრამების სიაში შედის.
პირველი ბირთვული ბომბი რომელსაც უბრალოდ "Gadget" ერქვა გამოცდილ იქნა 1945 წლის 16 ივლისს ალამოგორდოს პოლიგონზე, ნიუ-მექსიკოს შტატში. მეორე და მესამე ბომბები გამოცდილ იქნა შესაბამისად ჰიროსიმაში და ნაგასაკიში. 2007 წლისათვის ეს ბირთვული იარაღის ომში გამოყენების ერთადერთი მაგალითია.
მეორე მსოფლიო ომის დროს ორივე მეომარი მხარის სამხედროები მასიურად ბომბავდნენ მოწინააღმდეგე ქვეყნის ინფრასტრუქტურას, რასაც ხშირად სამოქალაქო მოსახლეობის დიდი მსხვერპლი მოჰყვებოდა ხოლმე. მაგალითად, გერმანიაში დრეზდენის დაბომბვას 30 000 ადამიანის დაღუპვა მოჰყვა. 1945 წლის მარტში ტოკიოს დაბომბვისას 100 000 მეტი ადამიანი დაიღუპა. აგვისტოსთვის 60 იაპონურ ქალაქზე მეტი დანგრეულ იქნა ამერიკულ საჰაერო თავდასხმების შედეგად, განსაკუთრებით ტოკიო და კობე.
ამერიკის 3,5 წლიანი მონაწილეობის განმავლობაში მეორე მსოფლიო ომში აშშ-მა 400 000 ჯარისკაცზე მეტი დაკარგა და ამ დანაკარგის ნახევარი იაპონიის წინააღმდეგ ომზე მოდიოდა. მაგალითად, ოკინავის ბრძოლისას დაიღუპა 50 000-150 000 მშვიდობიანი მაცხოვრებელი, 100 000-125 000 იაპონელი და ოკინაველი სამხედრო და 72 000 ამერიკელი. ჰიროსიმას და ნაგასაკის ატომურ დაბომბვას ხშირად სწორედ იმით ამართლებენ, რომ უშუალოდ იაპონიის კუნძულებზე ამერიკელთა შეჭრა გაცილებით დიდ მსხვერპლს გამოიწვევდა ვიდრე ეს ოკინავაზე მოხდა.
აშშ-ს პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა რომელმაც არაფერი იცოდა მანჰეტენის პროექტის შესახებ, ფრანკლინ რუზველტის სიკვდილამდე გადაწყვიტა ატომური ბომბების ჩამოგდება იაპონიაში (მან თავის მემუარებში მოგვიანებით აღიარა, რომ ბრძანების გაცემისას ოდნავადაც არ მერყეობდა). იგი იმედოვნებდა, რომ დაბომბვა გამოიწვევდა დიდ ნგრევას და განმეორებითი ნგრევის შიში იაპონელებს აიძულებდა დანებებულიყვნენ. 1945 წლის 26 ივლისს მან და მოკავშირეთა სხვა ლიდერებმა გამოაქვეყნეს პოსტდამის დეკლარაცია, სადაც იაპონიის კაპიტულაციის პირობები იყო ჩამოყალიბებული:
”...........ის ძალები, რომლებიც ახლა იაპონიას უახლოვდებიან, განუზომლად უფრო ძლიერები არიან ვიდრე ისინი, რომლებმაც გერმანია დაამარცხეს, გააპარტახეს და გერმანელი ხალხის ცხოვრება თავდაყირა დააყენეს. ამ ძალების, რომელიც ჩვენი სიმტკიცით არიან შთაგონებულნი და აღსავსენი სრული გამოყენება იაპონიის წინააღმდეგ გამოიწვევს იაპონიის შეიარაღებული ძალების და იაპონიის სრულ განადგურებას”
”...........ჩვენ მოვუწოდებთ იაპონიის მთავრობას გამოაცხადოს უსიტყვო კაპიტულაცია მისი შეირაღებული ძალებისა და გამოხატოს მისი ნება ამ საქმეში. წინააღმდეგ შემთხვევაში იაპონიას სრული განადგურება ემუქრება”
(ატომური ბომბი ჯერ კიდევ სამხედრო საიდუმლოებას წარმოადგენდა და იგი ამ დეკლარაციაში არ იყო ნახსენები).
მეორე დღეს იაპონიის გაზეთებმა გამოაცხადეს რომ ეს დეკლარაცია რომელიც ეთერშიც გადაიცა და რომლის ტექსტიც იაპონიაში ფურცლებზე ჩამოყარეს, უარყოფილ იქნა. ატომური ბომბი ჯერ კიდევ სამხედრო საიდუმლოებას წარმოადგენდა და იგი ამ დეკლარაციაში არ იყო ნახსენები. იაპონიის მთავრობას არავითარი სურვილი არ გამოუხატავს. 28 ივლისს პრემიერ-მინისტრმა სუძუკი კანტარომ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ პოტსდამის დეკლარაცია კაიროს დეკლარაციის ახალი ვარიანტი იყო მხოლოდ, და რომ მთავრობა მას უგულებელყოფდა.
იმპერატორმა ჰიროჰიტომ, რომელიც ელოდებოდა საბჭოთა პასუხს იაპონელთა დიპლომატიურ მიმოსვლებზე, არაფერი იღონა, რომ იაპონიის მთავრობის ეს გადაწყვეტილება შეეცვალა. 31 ივლისს მან ნათლად განუმარტა კოიჩი კიდოს, იაპონიის ფლოტის ადმირალს, რომ იაპონია ნებისმიერ ფასად უნდა ყოფილიყო დაცული.
სამიზნის ამორჩევა
რედაქტირებაკომისიამ რომელიც დასაბომბ სამიზნეებს არჩევდა, 1945 წლის 10-11 მაისს დაასახელა კიოტო, ჰიროსიმა, იოკოჰამა და კოკურასთან არსებული არსენალი. კომისიამ უარყო იდეა იმის თაობაზე რომ ბირთვული იარაღი წმინდა სამხედრო ობიექტის წინააღმდეგ ყოფილიყო გამოყენებული რადგან დიდი იყოს იმის შანსი რომ ბომბი აცდენოდა ასეთ მიზანს რომელიც დიდი საქალაქო არეალით არ იქნებოდა შემოსაზღვრული. კომისიის წევრებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა დაბომბვის ფსიქოლოგიურ ეფექტს. ამას გარდა ისინი მიიჩნევდნენ, რომ ბირთვული იარაღის პირველი გამოყენება უნდა ყოფილიყო ეფექტიანი სანახაობა მსოფლიო საზოგადოებისთვის. კომისიამ კიოტო აირჩია როგორც იაპონიის ინტელექტუალური ცენტრი, რომლის მოსახლეობასაც ”საუკეთესოდ შეეძლო შეეფასებინა ახალი იარაღის ძალა”. ჰიროსიმა არჩეულ იქნა მისი დიდი ზომის, მასში არსებული დიდი სამხედრო ბანაკის და აგრეთვე იმის გამოც, რომ ბომბს განსაკუთრებით დიდი დამანგრეველი ძალა ექნებოდა, რადგან ეს ქალაქი მთებით იყო გარშემორტყმული და მათ ”ფოკუსის ეფექტი” ექნებოდათ.
აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა ჰენრი სტიმსონმა კიოტო ამოშალა სამიზნეთა სიიდან მისი კულტურული მემკვიდრეობის გამო, რის წინააღმდეგაც გამოვიდა გენერალი გროესი, ”მანჰეტენის პროექტის” ხელმძღვანელი. პროფესორ ედვინ რაიშაუერის სიტყვებით სტიმსონი ”იცნობდა და აღმერთებდა კიოტოს იქ ადრე გატარებული თაფლობის თვის შემდეგ”. 1945 წლის 25 ივლისს გენერალ კარლ სპააცს ებრძანა შემდეგი სამიზნეებიდან ერთ-ერთი: ჰიროსიმა, კოკურა, ნიიგატა ან ნაგასაკი, სამი აგვისტოს შემდეგ როგორც კი ამინდი იქნებოდა შესაფერისი და მოგვიანებით სხვა ქალაქიც-ბომბების მიღებისდა მიხედვით.
ჰიროსიმა
რედაქტირებაჰიროსიმა მეორე მსოფლიო ომის დროს
რედაქტირებამეორე მსოფლიო ომის დროს ჰიროსიმა მნიშვნელოვანი სამრეწველო და სამხედრო მნიშვნელობის ქალაქი იყო. მის სიახლოვეს განლაგებული იყო სამხედრო ბანაკები, აგრეთვე მეხუთე დივიზიის და ფელმარშალ შუნროკუ ჰატას მეორე მთავარი არმიის შტაბები, რომელიც სამხრეთ იაპონიის თავდაცვას ხელმძღვანელობდნენ. ჰიროსიმა იაპონიის არმიის მომარაგების, კომუნიკაციების და არმიის შეკრების მნიშვნელოვანი ცენტრი იყო. ის იყო ერთ-ერთი იმ იაპონურ ქალაქთაგან რომელსაც საგანგებოდ ხელი არ ახლო ამერიკულმა ავიაციამ იმისათვის, რომ ბირთვული იარაღის გამოცდის შედეგები უფრო იოლად შესამჩნევი ყოფილიყო. ზოგი მონაცემის თანახმად გენერალი სპააცი იტყობინებოდა, რომ ჰიროსიმა ერთადერთი ქალაქი იყო სადაც არ იყო განლაგებული ომის ტყვეთა ბანაკები და ვაშინგტონმაც იგი სამიზნეთა სიაში პირველ ადგილას მოათავსა.
ქალაქის ცენტრში იყო როგორც ბეტონის ნაგებობები, ასევე მეტად მსუბუქი კონსტრუქციები. ქალაქის განაპირა მხარეებში უფრო ხის პატარა სახლები და სახელოსნოები იყო აშენებული. რამდენიმე მსხვილი ქარხანა ქალაქის კიდეზე იყო განლაგებული. ხის სახლების უმრავლესობას კრამიტის სახურავი ჰქონდა და სამრეწველო შენობებიდან ბევრი ხის კონსტრუქციით იყო აშენებული. საერთოდ, ქალაქი მეტად მგრძნობიარე იყო ხანძრის მიმართ.
ომის დასაწყისში ჰიროსიმის მოსახლეობა 381 000 ადამიანს აღწევდა მაგრამ შემდეგ იგი ნელ-ნელა იკლებდა სისტემატიური ევაკუაციის გამო, რომელიც იაპონიის მთავრობის განკარგულებით ხდებოდა. 1945 წლის ზაფხულისათვის მოსახლეობა ამ ქალაქში დაახლოებით 255 000 ადამიანს შეადგენდა. ეს მონაცემი ეფუძნება მოსახლეობის აღწერას, როემლსაც იაპონელები იმისათვის იყენებდნენ, რომ საკვები რაციონი დაედგინათ. რაც შეეხება დამატებითი მუშების და ჯარების რაოდენობას, რომლებიც ქალაქში იყვნენ თავმოყრილი, შეიძლება იგი არაზუსტი იყოს.
დაბომბვა
რედაქტირებაჰიროსიმა უპირველესი სამიზნე იყო (მეორე იყო კოკურა და მესამე ნაგასაკი) 1945 წლის 6 აგვისტოს ბირთვული შეტევისას. ბომბდამშენი ბ-29 ”ენოლა გეი” რომელსაც მართავდა და მეთაურობდა აშშ სამხედრო-საჰაერო ძალების 509-ე ჯგუფის პოლკოვნიკი პოლ ტიბეტსი, აფრინდა წყნარი ოკეანის კუნძულ ტინიანიდან. ამ კუნძულიდან იაპონიამდე 6 საათის საფრენი გზა იყო. დაბომბვის თარიღი-6 აგვისტო არჩეულ იქნა იმიტომ, რომ წინა დღეებში სამიზნე ქალაქში ღრუბლიანი ამინდები იდგა. 6 აგვისტოს კი კარგი ამინდი გამოვიდა და მოწყობილობები კარგად მუშაობდნენ. საზღვაო კაპიტანმა უილიამ პარსონსმა დეტონატორები ჩართო აფრენიდან ცოტა ხნის შემდეგ, რადგან აფრენამდე ისინი გამორთული იყვნენ უსაფრთხოების მიზნით, ხოლო მისმა ასისტენტმა, ლეიტენანტმა მორის ჯეპსონმა მოაშორა დამცველები მიზნის მიღწევამდე 30 წუთით ადრე. შეტევა განხორციელდა ისე როგორც დაგეგმილი იყო და ურანის ბომბმა წარმატებით იმუშავა.
ჰიროსიმას დაბომბვაში სამი თვითმფრინავი იღებდა მონაწილეობას: 1) ”ენოლა გეი” (პოლკოვნიკმა ტიბეტსმა მას საკუთარი დედის სახელი უწოდა), 2) ”დიდი ხელოვანი” რომელსაც რადიოაპარატურა უნდა ჩამოეშვა პარაშუტით ეთერში აფეთქების ინფორმაციის გადასაცემად და 3) მაშინ ჯერ კიდევ უსახელო ბომბდამშენი რომელსაც მოგვიანებით ”აუცილებელი ბოროტება” უწოდეს - მასში ფოტო და კინოკამერები იყო მოთავსებული.
ბ-29 ტიპის ბომბდამშენებს რომელთა მიზანი ჰიროსიმას დაბომბვა იყო, წინ უსწრებდა იმავე კუნძულ ტინიანიდან ერთი საათით ადრე აფრენილი სამი სხვა თვითმფრინავი, რომელთა მიზანი სამიზნე ქალაქებში ამინდის დაზვერვა იყო. ერთ-ერთმა თვითმფრინავმა პირველმა მიაღწია მიზან-ქალაქ კოკურას მაგრამ იქ ღრუბლიანი ამინდი იყო და ამის გამო მზვერავმა თვითმფრინავმა ”ენოლა გეის” რადიოთი მისცა ნიშანი - ”დაბომბვა მოხსნილია!”. ასეთივე ამინდი იდგა მეორე სამიზნეში-ნაგასაკიში.
დაბომბვამდე ერთი საათით ადრე იაპონელთა ადრეული აღმოჩენის რადარების ქსელმა დააფიქსირა ამერიკული თვითმფრინავების ჯგუფი რომელიც იაპონიის სამხრეთს უახლოვდებოდა. გამოცხადდა განგაში და რადიომაუწყებლობა იაპონიის ბევრ ქალაქში შეჩერდა (მ.შ. ჰიროსიმაშიც). ამერიკული თვითმფრინავები ძალიან დიდ სიმაღლეზე დაფრინავდნენ. ადგილობრივი დროით რვა საათზე იაპონური რადარის ოპერატორმა დაადგინა, რომ იაპონიის სამხრეთს მხოლოდ სამი თვითმფრინავი უახლოვდებოდა. საჰაერო განგაში გაუქმებულ იქნა და იაპონელებმა საწვავის და თვითმფრინავების დაზოგვის მიზნით ამერიკული საჰაერო ესკადრილიისათვის გზის გადაჭრა გადაიფიქრეს.
მზვერავმა თვითმფრინავმა რომელსაც მაიორი კლოდ იზერლი მეთაურობდა, მიაღწია ჰიროსიმას და მასში არსებული კარგი ამინდის გამო ეთერში რვა ნიშანი - Y2, Q2, B2, C1 გაგზავნა რაც ნიშნავდა - ”ხედვა კარგია, რეკომენდაციას ვიძლევი დაიბომბოს პირველადი მიზანი”. შესაბამისად ”ენოლა გეიმ” კურსი აიღო ჰიროსიმასაკენ.
ჰიროსიმის დროით 8 საათსა და 15 წუთზე ”ენოლა გეიმ” ჩამოაგდო ატომური ბომბი სახელად ”პატარა ბავშვი” ჰიროსიმის ცენტრის თავზე. ბომბი ჰაერში, დაახლოებით 600 მეტრი სიმაღლის თავზე აფეთქდა და აფეთქების სიმძლავრე 13 კილოტონა იყო (ურან-235 საკმაოდ არაეფექტიან საწვავად ითვლებოდა - ურანის ამ იზოტოპის მხოლოდ 1,38% შედიოდა ჯაჭვურ რეაქციაში). აფეთქების შედეგად მაშინვე დაიღუპა 90 000 ადამიანი, მათ შორის იყვნენ დაახლოებით 2 000 იაპონელი ამერიკელი. მიჩნეულია რომ დაიღუპნენ აგრეთვე ომის ტყვეებიც. ჰიროსიმაში ყველაფერი პირწმინდად განადგურდა 1,6 კმ რადიუსში, ხანძარი მოედო 11,4 კვადრატულ კილომეტრ ფართობს. ქალაქში არსებული შენობების 90% ან მთლიანად დაინგრა ან დაზიანდა.
იაპონელთა რეაქცია დაბომბვაზე
რედაქტირებაიაპონიის სამაუწყებლო კორპორაციის ოპერატორმა შეამჩნია რომ ჰიროსიმის სადგური ეთერიდან გაითიშა. მან სცადა კავშირის აღდგენა სხვა სატელეფონო ხაზის მეშვეობით მაგრამ ვერ შეძლო. 20 წუთის შემდეგ ტოკიოს სარკინიგზო ტელეგრაფის ცენტრში შენიშნეს, რომ ტელეგრაფის მთავარი ხაზი ჰიროსიმის ჩრდილოეთით აღარ მუშაობდა. ჰიროსიმის ირგვლივ 16 კილომეტრის რადიუსში არსებული სარკინიგზო სადგურებიდან იგზავნებოდა არაოფიციალური და არეულ-დარეული ცნობები რაღაც საშინელი აფეთქების შესახებ ჰიროსიმაში. ყველა ეს ცნობა გაგზავნილ იქნა იაპონელთა მთავარ სამხედრო შტაბში.
სამხედროებმა სცადეს გამოეძახებინათ ჰიროსიმაში ჯარების მართვის ცენტრი, მაგრამ სრულმა მდუმარებამ ისინი საგონებელში ჩააგდო რადგან მათ იცოდნენ რომ ჰიროსიმაში არ ყოფილა ფეთქებადი ნივთიერებების რაიმე მნიშვნელოვანი მარაგი რომელიც შეიძლებოდა აფეთქებულიყო და იმ დღეს არც რაიმე მნიშვნელოვანი საჰაერო დაბომბვა არ ყოფილა. მათ სასწრაფოდ გამოიძახეს ახალგაზრდა ოფიცერი და უბრძანეს გაფრენილიყო ჰიროსიმაში, დაედგინა ყველაფერი და ზუსტი ინფორმაციით დაბრუნებულიყო უკან. შტაბში მიიჩნევდნენ, რომ ჰიროსიმაში არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა და ეს ხმები საშინელი აფეთქების შესახებ უბრალოდ გაუგებრობა იყო მხოლოდ.
ოფიცერი დაუყონებლივ გაეშურა აეროპორტისკენ და მისმა თვითმფრინავმა გეზი სამხრეთ-დასავლეთისკენ აიღო. სამი საათის ფრენის შემდეგ როდესაც ჰიროსიმამდე ჯერ კიდევ 160 კილომეტრი რჩებოდა მან და მისმა მფრინავმა დაინახეს კვამლის უზარმაზარი ღრუბელი და მზიანი შუადღის ფონზე ნათლად ჩანდა ქალაქის ნარჩენები რომლებიც ჯერ კიდევ იწვოდა. მათმა თვითმფრინავმა მალე მიაღწია ქალაქს რომელიც გარშემო ისინი დაფრინავდნენ და თვალებს არ უჯერებდნენ. ქალაქისგან მხოლოდ ნანგრევები დარჩა რომელიც სქელი კვამლით იყო დაფარული და იწვოდა. მათი თვითმფრინავი დაეშვა ქალაქის სამხრეთ ნაწილში სადაც ოფიცერმა მას მერე რაც ტოკიოში შტაბს მოხსენება გაუგზავნა მომხდარის შესახებ დაუყონებლივ დაიწყო სამაშველო სამუშაოები.
იაპონელებმა პირველად იმის თაობაზე თუ რა მოხდა სინამდვილეში ჰიროსიმაში, გაიგეს თეთრი სახლის საჯარო განცხადებიდან, რომელიც გაკეთდა ჰიროსიმის დაბომბვიდან 16 საათის შემდეგ.
დაბომბვისშემდგომი მსხვერპლი
რედაქტირება1945 წლის დეკემბრისათვის ათასობით ადამიანი დაიღუპა სხივური დაავადებისგან რის შედეგადაც დაღუპულთა საერთო რიცხვმა 140 000 ადამიანს მიაღწია. სტატისტიკურად დადგენილია რომ 1950-1990 წლებს შორის კიდევ რამდენიმე ასეული ადამიანი დაიღუპა დასხივების შედეგად.
ზოგიერთი შენობის გადარჩენა
რედაქტირებაჰიროსიმაში ზოგიერთი ბეტონის შენობა მეტად მტკიცედ იყო აგებული იმ მიწისძვრათა საწინააღმდეგოდ, რომელიც მეტად ხშირია იაპონიაში და მათი კარკასი თვით ატომური ბომბის აფეთქებამაც კი ვერ დაანგრია, თუმცა ეს შენობები აფეთქების ეპიცენტრთან საკმაოდ ახლოს იდგნენ. ბომბის აფეთქების შემდეგ დარტყმითი ტალღა უფრო მეტად ქვევით წავიდა ვიდრე გვერდებისკენ, რის გამოც იაპონიის სამრეწველო პალატის შენობა, რომელსაც ახლა უფრო „გენბაკუ“ ან „ატომური თაღი“ (იგი დაპროექტებული და აშენებული იყო ჩეხი არქიტექტორის იან ლეტცელის მიერ) ეწოდება, გადარჩა, თუმცა იგი აფეთქების ეპიცენტრიდან სულ რამდენიმე მეტრში იმყოფებოდა. ნანგრევებს სახელად ჰიროსიმას მშვიდობის მემორიალი ეწოდა და იუნესკოს კულტურულ მემკვიდრეობათა სიაშიც შევიდა აშშ-ისა და ჩინეთის წინააღმდეგობის მიუხედავად.
7-9 აგვისტოს მოვლენები
რედაქტირებაჰიროსიმის დაბომბვის შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტმა ტრუმენმა გამოაცხადა რომ ”თუკი იაპონელები არ მიიღებენ ჩვენ პირობებს, მაშინ უნდა ელოდონ ნგრევის წვიმას ციდან რისი მსგავსიც დედამიწაზე ჯერ არ ყოფილა”. 1945 წლის 8 აგვისტოს გამაფრთხილებელი ფურცლები ამერიკულმა ავიაციამ მთელს იაპონიაში ჩამოყარა თუმცა ნაგასაკის ისინი არ მისვლია. იაპონიას რადიო ”საიპანის” მეშვეობითაც მიეცა გაფრთხილება.
იაპონიის მთავრობა ისევ არ გამოხმაურებია პოტსდამის დეკლარაციას. იმპერატორი ჰიროჰიტო, იაპონიის მთავრობა და სამხედრო საბჭო დანებებისათვის ოთხ პირობას განიხილავდნენ: ეროვნული პოლიტიკის და საიმპერიო ინსტიტუტების შენარჩუნებას, სამხედრო შტაბის მიერ განიარაღება და დემობილიზაციის უფლების დატოვება, იაპონიის ტერიტორიის არავითარი ოკუპაცია და იაპონიის მთავრობისათვის ომის დამნაშავეების გასამართლების უფლების გადაცემა.
5 აგვისტოს სსრკ საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა მოლოტოვმა შეატყობინა ტოკიოს, რომ სსრკ ცალმხრივად გამოდიოდა სსრკ-იაპონიის ხელშეკრულებიდან ნეიტრალიტეტის შესახებ. ტოკიოს დროით პირველის ორ წუთზე 9 აგვისტოს სსრკ ქვეითმა ჯარმა, სატანკო არმიებმა და ავიაციამ დაიწყეს მანჯურიის კამპანია იაპონიის წინააღმდეგ. ოთხი საათის შემდეგ ტოკიომ შეიტყო რომ საბჭოთა კავშირმა იაპონიას ომი გამოუცხადა. იაპონიის არმიის მთავარსარდლობამ დაიწყო მზადება სამხედრო მდგომარეობის შემოსაღებად სამხედრო მინისტრ ანამის მხარდაჭერით იმისათვის, რომ ხელი შეეშალა ყველასათვის ვინც კი ზავის დადებას მოისურვებდა.
მეორე დაბომბვის ზუსტი დროის შესახებ გადაწყვეტილების უფლება პოლკოვნიკ ტიბეტსს ჰქონდა როგორც აშშ სამხედრო-საჰაერო ძალების 509-ე ჯგუფის მეთაურს. თავდაპირველად მეორე ბომბის ჩამოგდება იგეგმებოდა ქალაქ კოკურაში 11 აგვისტოს მაგრამ ცუდი ამინდის გამო თარიღი შეიცვალა. ატომური ბომბის ნაწილები ჩატანილ იქნა კუნძულ ტინიანზე და 8 აგვისტოს მისი ჩამოგდების რეპეტიცია ჩატარდა მაიორ ჩარლ სვინის მიერ. ამ რეპეტიციაში გამოყენებულ იქნა ბომბდამშენი Bockscar რომელმაც სინამდვილეშიც ჩამოაგდო მეორე ატომური ბომბი ნაგასაკიში.
ნაგასაკი
რედაქტირებანაგასაკი მეორე მსოფლიო ომის დროს
რედაქტირებაქალაქი ნაგასაკი სამხრეთ იაპონიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საზღვაო ნავსადგური იყო. მას აგრეთვე ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ომის დროს, რადგან მასში განლაგებული მრეწველობა უშვებდა საზღვაო ხომალდებს, არტილერიულ დანადგარებს და მრავალი სახის სამხედრო დანიშნულების საქონელს. უფრო თანამედროვე ჰიროსიმისგან განსხვავებით, ნაგასაკიში გაცილებით უფრო მეტად ჭარბობდა ხის ძველებური შენობები, ხის კედლებით (ბათქაშით ან მის გარეშე) და კრამიტით. პატარ-პატარა სამრეწველო ნაგებობებიც აგრეთვე ხისგან იყვნენ აგებულნი და მათ არ შეეძლოთ გაეძლოთ აფეთქებისათვის. ნაგასაკი წლების განმავლობაში იზრდებოდა განაშენიანების რაიმე გეგმის გარეშე. სახლები ქარხნებთან და ერთმანეთთან რაც შეიძლება ახლოს იყვნენ აშენებულნი.
ნაგასაკი ატომურ დაბომბვამდე თითქმის ხელუხლებელი იყო აშშ-ს ავიაციისგან. თუმცა, 1945 წლის 1 აგვისტოს ამერიკელებმა ქალაქში არაბირთვული ბომბები ჩამოყარეს. რამდენიმე ბომბი ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ვერფებში და დოკებში ჩამოვარდა, რამდენიმე მიცუბიშის ქარხანაში და ექვსი კი ნაგასაკის სამედიცინო სკოლის და ჰოსპიტლის შენობასთან, მათ შორის სამი ბომბი პირდაპირ ამ შენობას დაეცა. თუმცა ამ დაბომბვის შედეგად მსხვერპლი დიდი არ იყო, მან შეშფოთება გამოიწვია ქალაქში და მოსახლეობის ნაწილი-ბავშვები ძირითადად-გაყვანილ იქნენ ქალქს გარეთ უსაფრთხოებისათვის რამაც ატომური დაბომბვის დროს ქალაქში მოსახლეთა რიცხვის შემცირება გამოიწვია.
ნაგასაკის ჩრდილოეთით სამხედრო ტყვეთა ბანაკი იყო სადაც ძირითადად ბრიტანეთის თანამეგობრობის სამხედრო ძალების ტყვეები იყვნენ მოთავსებულნი. მათგან ზოგიერთი ქვანახშირის მაღაროებში მუშაობდნენ და ატომური დაბომბვის შესახებ მხოლოდ მაშინ გაიგეს როდესაც ისინი ზედაპირზე ამოვიდნენ. სამხედრო ტყვეთაგან რვა მათგანი ატომური აფეთქების შედეგად დაიღუპა.
დაბომბვა
რედაქტირება1945 წლის 9 აგვისტოს დილას აშშ-ს ბ-29 ტიპის ბომბდამშენმა სახელად Bockscar, რომელსაც 393-ე ესკადრილიის მეთაური, მაიორი ჩარლ სვინი მართავდა, წაიღო ატომური ბომბი სახელად ”მსუქანი კაცი” იაპონიის დასაბომბად - პირველად სამიზნედ მას კოკურა ჰქონდა არჩეული, მეორე სამიზნედ კი ნაგასაკი. ნაგასაკის დაბომბვის გეგმა ჰიროსიმის მსგავსი იყო და მასში მონაწილეობას იღებდა ორი ბ-29 ტიპის ბომბდამშენი და მათზე ერთი საათით ადრე აფრენილი ორი მზვერავი თვითმფრინავი. ჩარლ სვინი აფრინდა ატომური ბომბით რომელსაც დეტონატორები ჩართული ჰქონდა.
მზვერავი თვითმფრინავიდან გადმოსცეს, რომ ორივე ქალაქში კარგი ამინდი იყო. როდესაც სვინის თვითმფრინავი ჩამოფრინდა საჰაერო ბაზაზე რათა იაპონიისკენ გაფრენილიყო, აღმოჩნდა რომ მესამე თვითმფრინავი რომელსაც ლეიტენანტ-პოლკოვნიკი ლეიმს ჰოპკინზი მართავდა, ტექნიკური მიზეზების გამო ვერ აფრინდებოდა. ბომბდამშენი Bockscar მისი მხლებელი მეორე თვითმფრინავით 40 წუთის განმავლობაში ამაოდ ეძებდნენ ჰოპკინზის თვითმფრინავს და ბოლოს, 30 წუთის დაგვიანებით ისინი მარტო გაფრინდნენ იაპონიისაკენ.
როდესაც მათ მიაღწიეს კოკურას ნახევარი საათის დაგვიანებით, აღმოჩნდა რომ ღრუბლიანობა 70% იყო და დაბომბვას ხელს შეუშლიდა. ქალაქზე სამჯერ გადაფრენის შემდეგ მათ გადაწყვიტეს კურსი აეღოთ მეორე სამიზნისკენ - ნაგასაკისკენ. გაანგარიშებებმა, რომელიც მფრინავებმა ჩაატარეს გზად იაპონიისკენ, აჩვენა რომ ბომბდამშენს Bockscar საწვავის არასაკმარისი მარაგი ჰქონდა კუნძულ ივო ჯიმას მისაღწევად და ამის გამო ორივე თვითმფრინავი იძულებული გახდებოდა კურსი აეღო კუნძულ ოკინავასკენ.
თავდაპირველად მათ განზრახული ჰქონდათ, რომ თუკი ნაგასაკიც იქნებოდა დაფარული ღრუბლებით, ისინი ბომბს ოკინავასკენ წაიღებდნენ და საჭიროების შემთხვევაში მას ოკეანეში ჩაძირავდნენ, მაგრამ მოგვიანებით გადაწყვიტეს, რომ დაბომბვა ღრუბლებშიც შესაძლებელი იქნებოდა.
იაპონიის დროით 7 საათსა და 50 წუთზე ნაგასაკიში გაისმა საჰაერო განგაშის ხმა, მაგრამ მოგვიანებით 8 საათსა და 30 წუთზე იგი გაუქმდა. როდესაც ორი ამერიკული ბომბდამშენი ნაგასაკის თავზე გამოჩნდა, იაპონელებმა გადაწყვიტეს რომ ეს მხოლოდ მზვერავი თვითმფრინავები იყვნენ და განგაშიც არ აუტეხავთ.
ცოტა მოგვიანებით მეორე ბ-29 ტიპის ბომბდამშენმა ნაგასაკის თავზე ჩამოაგდო ინსტრუმენტების ყუთი. მათში თავად ინსტრუმენტების გარდა მოთავსებული იყო წერილი ბირთვული ფიზიკის სპეციალისტ, პროფესორ რიოკიში საგანისადმი, რომელიც ადრე ბერკლის უნივერსიტეტში იმ სამ ფიზიკოსთან ერთად სწავლობდა, რომლებიც ატომური ბომბის შექმნაზე იყვნენ პასუხისმგებლები. წერილში პროფესორ საგანს არწმუნებდნენ, რომ მას იაპონიის საზოგადოებისათვის ეთქვა თუ რა საფრთხეს წარმოადგენდა ბირთვული იარაღი. ეს წერილი იაპონელმა სამხედროებმა იპოვეს მაგრამ იგი პროფესორისათვის არ გადაუციათ.
11 საათისათვის ღრუბლები ნაგასაკის თავზე გაიფანტა რამაც მისი ბედი, როგორც ატომური დაბომბვის სამიზნისა, გადაწყვიტა. ატომური ბომბი სახელად ”მსუქანი კაცი” რომელიც 6,4 კგ პლუტონიუმ-239 შეიცავდა, ჩამოგდებულ იქნა ქალაქის ინდუსტრიული ნაწილის თავზე. იგი აფეთქდა 43 წამის შემდეგ მიწის ზედაპირიდან 469 მეტრის სიმაღლეზე, მიცუბიშის ფოლადსადნობი ქარხნის და მიცუბიში-ურაკამის საარტილერიო ქარხნის შორის შუა გზაზე. აფეთქების ეპიცენტრი დაგეგმილთან შედარებით 3 კილომეტრით ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობდა. აფეთქების არეალი ურაკამის ხეობით შემოისაზღვრა და ქალაქის დიდი ნაწილი დაცული აღმოჩნდა აფეთქებისგან მის გარშემო მყოფი მთის ფერდობების გამო. აფეთქების სიმძლავრე 21 კილოტონის ექვივალენტური იყო. აფეთქების შედეგად წარმოშობილი დარტყმითი ტალღის სიჩქარე 624 მილი იყო საათში.
ზოგიერთი შეფასების თანახმად ნაგასაკის 240 000 მაცხოვრებლიდან მაშინვე დაიღუპა 70 000, ხოლო 60 000-მა მიიღო სხვადასხვა სახის დამწვრობები და ჭრილობები. ნაგასაკიში ყველაფერი პირწმინდად განადგურდა 1,6 კმ რადიუსში, ამას მოჰყვა ხანძრები ქალაქის ჩრდილო ნაწილში ბომბის ჩამოგდების ადგილიდან 3,2 კმ მანძილზე. მსხვერპლთა საერთო რაოდენობა დაახლოებით 80 000 კაცს შეადგენს და ამ რიცხვში შედიან ისინიც ვინც რადიაციისგან დაიღუპნენ მომდევნო თვეების განმავლობაში.
ჰიროსიმის დაბომბვის შემდეგ გადარჩენილებმა მიაშურეს იაპონიის სხვადასხვა ქალაქებს ზოგიერთმა მათგანმა ხელმეორედ განიცადა ატომური დაბომბვის საშინელება-ამჯერად ნაგასაკიში.
შემდგომი დაგეგმილი ატომური დაბომბვები
რედაქტირებაამერიკის შეერთებული შტატები ელოდებოდა, რომ მესამე ატომური ბომბი აგვისტოს მესამე კვირაში იქნებოდა მზად, სექტემბერში კიდევ სამი დამზადდებოდა და ოქტომბერში შემდეგი სამი. 10 აგვისტოს გენერალმა ლესლი გროესმა, ”მანჰეტენის პროექტის” ხელმძღვანელმა მემორანდუმი გაუგზავნა არმიის გენერალს, აშშ არმიის გენერალური შტაბის უფროსს ჯორჯ მარშალს სადაც იგი წერდა: ”შემდეგი ბომბი.......დაბომბვისათვის მზად უნდა იყოს პირველივე ხელსაყრელი ამინდისთანავე 17 ან 18 აგვისტოს შემდეგ”. იმავე დღეს მარშალმა დაამტკიცა მემორანდუმი შემდეგი შენიშვნით: ”ბომბი პრეზიდენტის ნებართვის გარეშე არ უნდა ჩამოვარდეს”. ამ დროისათვის თავდაცვის სამინისტროში კამათი მიმდინარეობდა იმის თაობაზე - ატომური ბომბები უნდა შეენახათ იაპონიაში შეჭრამდე (”ოპერაცია ჩამოგდება”, ინგ. Operation Downfall) თუ არა. ”პრობლემა დღესდღეობით (13 აგვისტოსთვის) არის ის, რომ თუკი იაპონელები არ დანებდებიან, ჩვენ ატომური ბომბები მათი დამზადებისთანავე ჩამოვაგდოთ თუ დავაგროვოთ და ჩამოვყაროთ ისინი იაპონიაში არა ერთი დღის, მაგრამ შედარებით მოკლე ხნის განმავლობაში. მნიშვნელოვანია აგრეთვე შემდგომი სამიზნეების ამორჩევა - რომლები უნდა შეირჩეს? ისინი რომელთა დანგრევა ხელს შეგვიწყობს იაპონიაში შეჭრისათვის თუ ისინი რომელთა განადგურება მორალურ, ფსიქოლოგიურ და სამრეწველო შედეგს მოიტანს? რომელი უფრო მნიშვნელოვანია - ტაქტიკური შედეგი დაბომბვისას თუ სტრატეგიული?”
იაპონიის კაპიტულაცია და ამერიკული ოკუპაცია
რედაქტირება9 აგვისტომდე იაპონიის სამხედრო საბჭო კაპიტულაციის ისევ ძველ ოთხ პირობებს განიხილავდა. იმავე დღეს იმპერატორმა ჰიროჰიტომ უბრძანა კიდოს რომ ”სწრაფად მიეხედა სიტუაციისთვის” ”რადგან საბჭოთა კავშირმა ომი გამოუცხადა იაპონიას”. მოგვიანებით მან მოიწვია საიმპერიო კონფერენცია სადაც მან მითითება მისცა მინისტრ ტოგოს რომ მას ეცნობებინა მოკავშირეებისათვის რომ იაპონია იღებდა მათ პირობებს ”მაგრამ არ წავიდოდა არავითარ კომპრომისზე რომელიც ეჭვქვეშ დააყენებდა იმპერატორის ძალაუფლებას”
12 აგვისტოს იმპერატორმა აცნობა მის ოჯახს რომ იაპონია დანებებას აპირებდა. რაკი მოკავშირეთა პირობების თანახმად იმპერატორის ძალაუფლება შენარჩუნებული იქნებოდა, 14 აგვისტოს იმპერატორმა ჩააწერინა იაპონელებისადმი მიმართვის ტექსტი დანებების შესახებ და მომდევნო დღეს იგი ეთერში გადაიცა. ეს პირველი შემთხვევა იყო როდესაც იაპონელებმა მათი იმპერატორის ხმა გაიგეს. ამ პირობებს ყველა არ დაეთანხმა და ზოგიერთმა ფანატიკოსმა სამხედრომ ხანმოკლე აჯანყებაც კი მოაწყო ამის საპასუხოდ.
ატომური დაბომბვიდან ერთი წლის განმავლობაში ჰიროსიმაში დაახლოებით 40 000 ამერიკელი ჯარისკაცი იყო განლაგებული, ნაგასაკიში კი-27 000. ამ ჯარისკაცებმა ასევე მიიღეს დასხივება, კერძოდ მათი განლაგების მიხედვით ჰიროსიმაში ეს დოზა მერყეობდა 0,19 და 0,3 mSv შორის, ხოლო ნაგასაკიში 0,8-6,3 mSv შორის.
დაბომბვას გადარჩენილები
რედაქტირებაიაპონიაში ატომურ დაბომბვას გადარჩენილებს უწოდებენ ”ჰიბაკუშას” რაც სიტყვასიტყვით ”დასხივებულ ხალხს” ნიშნავს. დაბომბვის შედეგებია იაპონური ომის შემდგომი პაციფიზმის და ბირთვული იარაღის აკრძალვის მოძრაობის საფუძველი. 2005 წლისათვის იაპონიაში ცხოვრობს დაახლოებით 266 000 დაბომბვას გადარჩენილი ადამიანი.
დაბომბვას გადარჩენილი კორეელები
ომის განმავლობაში იაპონიამ ჰიროსიმაში და ნაგასაკიში ბევრ კორეელ ახალწვეულს მოუყარა თავი და მათ იძულებით ამუშავებდნენ. ბოლო მონაცემების თანახმად 20 000 კორეელი დაიღუპა ჰიროსიმაში ატომური ბომბის აფეთქების შედეგად, ხოლო ნაგასაკიში 2 000. მიჩნეულია რომ ჰიროსიმაში დაღუპულთაგან ყოველი მეშვიდე სწორედ კორეელი იყო. დიდი ხნის განმავლობაში კორეელები ცდილობდნენ რომ ისინი დაბომბვის მსხვერპლად ეღიარებინათ და დახმარება მიეღოთ. თუმცა ასეთი მცდელობები უფრო ბოლო წლების განმავლობაში გახდა აქტუალური და ჯერჯერობით ისინი ბოლომდე არ დაკმაყოფილებულა.
კამათი დაბომბვის შესახებ
რედაქტირებამხარდამჭერები
იაპონიაში შეჭრის შესახებ
ისინი ვინც დაბომბვას ამართლებენ ირწმუნებიან რომ დაბომბვამ ომის დასრულება დააჩქარა და ამგვარად იხსნა ბევრი ამერიკელი და იაპონელი ჯარისკაცის სიცოცხლე. კერძოდ, ”ოპერაცია ჩამოგდება” (ინგ. Operation Downfall) რომელიც იაპონიაში შეჭრას ითვალისწინებდა, გამოიწვევდა დიდ მსხვერპლს ორივე მხრიდან და თვით იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს ოპერაცია გადაიდებოდა, იაპონიის დაბომბვის გაგრძელება (ჩვეულებრივი იარაღით) და იაპონური ოკუპაცია აზიაში მეტ მსხვერპლს გამოიწვევდა. ამერიკელები ელოდნენ რომ იაპონიაში შეჭრა დიდ მსხვერპლს გამოიწვევდა თუმცა უნდა ითქვას რომ მოსალოდნელი მსხვერპლთა რიცხვი ხანდახან ეჭვქვეშ დგება ხოლმე. იგი დამოკიდებული იქნებოდა იაპონური წინააღმდეგობის მოძრაობის სიმტკიცეზე და აგრეთვე იმაზე მოკავშირეები მარტო კუნძულ კიუსიუზე შეიჭრებოდნენ 1945 წლის ნოემბერში თუ შეეცდებოდნენ ტოკიოს აღებასაც რაც 1946 წლის მარტისათვის იყო დაგეგმილი. წლების შემდეგ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯეიმზ ბარნსი (James Byrnes) ამტკიცებდა რომ ომის გაგრძელების შემთხვევაში 500 000 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპებოდა, თუმცა 1945 წლის ზაფხულში ამერიკელი სამხედროები მოელოდნენ რომ 1945 წლის ნოემბრიდან აშშ-ს არმია დაკარგავდა 20 000-110 000 ჯარისკაცს და სამ-ოთხჯერ მეტს დაჭრილების სახით (აშშ-მა 292 000 ჯარსკაცი დაკარგა მეორე მსოფლიო ომის ყველა ფრონტზე).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაარქივები
რედაქტირება- ნაგსაკის დაბომბვასთან დაკავშირებული სამცნიერო მონაცემები. ნაგასაკის უნივერსიტეტი.
- დაბომბვის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული მიმოწერა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-03-31. ციტირების თარიღი: 2011-04-03.
- ორი ქალაქის ისტორია: ჰიროსიმა და ნაგასაკი.
- ჰიროსიმისა და ნაგასაკის ატომური დაბომბვა. მანჰეტენის პროექტი (1946).
- ატომური ბომბი და მეორე მსოფლიო ომის დასასრული