ჰერმან ვედეკინდი (გერმ. Hermann Wedekind; დ. 18 ნოემბერი, 1910, კოესფელდი, ახლანდ. ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალია, გერმანია, — გ. 16 იანვარი, 1998, ზაარბრიუკენი) — გერმანელი კულტურის მოღვაწე, რეჟისორი, მსახიობი, მომღერალი; ქართული კულტურის პროპაგანდისტი და მოამაგე გერმანიაში.

ჰერმან ვედეკინდი (1958)

1946-1950 წლებში იყო ბონის საოპერო თეატრის მთავარი რეჟისორი და სამსახიობო სკოლის ხელმძღვანელი, 1951-1954 წლებში — მიუნსტერის საქალაქო თეატრის, 1954-1960 წლებში — ბაზელის თეატრის დირექტორი, 1960–1976 წლებში — ქალაქ ზაარბრიუკენის სახალხო თეატრის გენერალური დირექტორი. 1972 წელს საბჭოთა კავშირში ვიზიტის ფარგლებში ეწვია თბილისსაც, მჭიდრო კავშირი დაამყარა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან, რაც შემდეგ აქტიურ კულტურულ ურთიერთობაში გადაიზარდა თბილისსა და ზაარბრიუკენს შორის. ამ პერიოდში ზაარბრიუკენის თეატრის სცენაზე დაიდგა ზაქარია ფალიაშვილის „დაისი”, „აბესალომ და ეთერი”, ოთარ თაქთაქიშვილის „მინდია”, აგრეთვე დრამატული სპექტაკლები: დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი”, რეზო ებრალიძის „თანამედროვე ტრაგედია” და სხვ.

1973–1983 წლებში ვედეკინდმა საქართველოს თეატრებში დადგა ათი საოპერო და დრამატული სპექტაკლი: რიხარდ ვაგნერის „ლოენგრინი” და „მფრინავი ჰოლანდიელი”, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის „ჯადოსნური ფლეიტა”, შარლ გუნოს „ფაუსტი”, ანდრეას გრიფიუსის „ქეთევან ქართველი”, ფრიდრიხ შილერის „ვერაგობა და სიყვარული”, ვოლფგანგ ბორხერტის „გარეთ, კარის წინ”, ფრიდრიხ დიურენმატის „ფიზიკოსები”.

ვედეკინდმა თავდაპირველად კირფ-ბაირენში, შემდეგ კი ვედერნში დააარსა „ქართული მუზეუმი“ და რუსთაველის საზოგადოება. მიღებული აქვს როგორც გერმანიის, ისე საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები. 1995 წელს აირჩიეს თბილისის, ხოლო 1996 წელს ქუთაისის საპატიო მოქალაქედ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვედეკინდი, ჰერმან // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.
  • ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 2015. — გვ. 175.
  • Wedekind, Hermann; Garber, Hein; Gvenetadze, Tamaz, Hermann Wedekind erzählt sein Leben, Blieskastel: Gollenstein, 1997.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება