ჰამსიქოის ციხე
ჰამსიქოის ციხე — ციხე თურქეთში. ჰამსიქოი, პალეოკასტრონი, რომელსაც ძველ მაჭუკასაც ეძახდნენ, მდებარეობს თანამედროვე ჰამსიკოიში, მდინარე დეღირემენდერეს მარჯვენა სანაპიროზე. იგი საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავს და მასში რამდენიმე სოფელი შედის.
მდინარის მარცხენა მხარეს გამავალი ცენტრალური ტრასიდან გადახვევის შემდეგ, ციხისაკენ მიმავალი გზა გაივლიდა შემდეგ ადგილებს: გურგენ აღაჯი, ანაიურთი და შედიხარ სოფელ დიქქაიაში. დიქქკაიადან გზა შეუხვევს მარჯვნივ და დაკიდულ, მაგრამ კარგად გამართული გზით მიდიხარ ამავე სოფლის ერთ-ერთ უბანში, რომელსაც ზეფთილი ეწოდება. აქედან ციხემდე ფეხით სავალი გზა დაახლოებით 1200 მეტრია. ასევე ძველად გადიდოდა სავაჭრო-საქარავნო გზა, რომელიც ზამთარში დიდთოვლიანობის გამო სუმელას მიმართულებით მიემართებოდა, ხოლო ზაფხულში კი სწორედ აქ გაივლიდა და ტრაპიზონისაკენ ეშვებოდა. ციხე ამაღლებულ და რთულად მისადგომ კლდეზე, სტრატეგიულ ადგილზეა აშენებული, აქედან შესანიშნავად ჩანს მთელი ხეობა ყველა მიმართულებით. იგი კავშირშია ხეობაში არსებულ სხვა საფორტიფიკაციო ნაგებობებთან და კარგად აკონტროლებს აქ გამავალ გზებს. შეიძლება ითქვას იგი ხეობის სათავის ჩამკეტი ციხეცაა. მშენებლებს ციხისთვის საკმაოდ კარგი ადგილი შეურჩევიათ. მისთვის ხეობის შუაწელზე არსებული ორი უზარმაზარი კლდოვანი ბორცვი გამოუყენებიათ. ორივე მათგანი დასავლეთითაც, ჩრდილოეთითაც და ნაწილობრივ სამხრეთითაც მიუვალია. ერთადერთი მისადგომი კლდოვან ბორცვთა სისტემას აღმოსავლეთის მხრიდან აქვს. დღეისათვის შემორჩენილი ნაშთების მიხედვით ჩანს, რომ ციხის ძირითადი ნაწილის აშენებისათვის ამ ორიდან მაქსიმალურად მარჯვენა, ჩრდილოეთის მხარის კლდოვანი სივრცე გამოუყენებიათ. აქ დღემდეა შემორჩენილი ციხის ნაშთები. მათგან განსაკუთრებით ყურადღებას იქცევს, ციხის ჩრდილო–აღმოსავლეთ მონაკვეთში დაცული ნანგრევები. შემორჩენილია კუთხის ნახევარწრიული ფორმის კედლების ნაშთები.
ჩანს, რომ მისი ერთი ნაწილი დასავლეთით მიემართება და კლდის ჩრდილოეთ კიდეს მიუყვება მთელს სიგრძეზე. დაცული ნაწილის სიგრძე 3 მეტრია. დანარჩენი მონგრეულია. ამ ნაწილში კედლის სიმაღლე 12–13 მეტრს აღწევს. კედლის მეორე ნაწილი სამხრეთ–აღმოსავლეთისკენ მიემართება და კლდოვანი ქანის დასასრულს, ამავე ფორმის კუთხის კედელს უერთდება. მათ შორის დაცილება 25 მეტრია. გაცილებით ფართეა მათი დამაკავშირებელი კედელი. ეს გასაგებიცაა, რადგან ციხის ერთადერთი მისადგომი, რომელიც ამ მხარესაა, საგულდაგულოდ უნდა ყოფილიყო გამაგრებულ–დაცული. სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში შემორჩენილი კედლების მაქსიმალური სიმაღლე 10–12 მეტრია. აქაც ჩანს, რომ სამხრეთი კედელი კლდის გარე პირს მიუყვება და დასავლეთისაკენ მიემართება. გაგრძელებაზე აქა–იქ დღემდე შემონახულია დუღაბის ნაშთებიც. კლდოვანი ბორცვის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ მონაკვეთში კლდოვანი ქანის კიდეებზე შემორჩენილი დაზიანებული წყობები განსაკუთრებით ყურადღებას იქცევს. ადრე ეს ციხე მოინახულეს ბრაიერმა და ვინფილდმა. ასევე გამაგრებულ–გამოყენებული უნდა ყოფილიყო მეორე კლდოვანი ბორცვიც, რაც მიერ შედგენილი გეგმის მიხედვით ჩანს. დღეისათვის აქ საამისო ნიშანწყალი არ ჩანს. მათი აზრით სწორედ ერთ-ერთი რეკონსტრუქციის დროს ციხე გაუზრდიათ ერთი ან ორი სართულით. ამის გათვალისწინებით, გარე კედელს ციხის აღმოსავლეთ ნაწილში უნდა მოექცია.
ჩანს, რომ ციხე რამდენიმეჯერაა დანგრეულ–აღდგენილი. ადრეული წყობები განსხვავებულია ქვების ზომებითაც და გამოყენებული დუღაბის ფერითაც. რიგები მთლად სწორად არაა ჩალაგებული და შეინიშნება ხსნარით მისი გასწორების მცდელობა მოგვიანო 26 ჩანართებში. საერთო ჯამში შესაძლებელია კედლების წყობაში მინიმუმ ორი სამშენებლო პერიოდის გამოყოფა. როგორც ჩანს, ციხის მშენებლობის მეორე პერიოდი XIV საუკუნეს უნდა დავუკავშიროთ. ცოტა მოგვიანებით, 1404 წელს აქ გაიარა კლავიხომ, რომელმაც მოიხსენია პალეომაჭუკას ციხე, სადაც სასაზღვრო დუქსის რეზიდენცია იყო. ცოტა უფრო ადრე, XIII საუკუნეში ციხეს პირგენი უნდა რქმეოდა. არაა გამორიცხული, რომ აქ გამავალი გზების მნიშვნელობიდან და ციხის სტრატეგიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, საფორტიფიკაციო ნაგებობა აქ უფრო ადრეული პერიოდიდან არსებულიყო. ციხის სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში დღემდე შემორჩენილია დარბაზული ტიპის ეკლესიის ნანგრევები. იგი არცთუ ისე დიდი ზომისაა. შედარებით კარგადაა შემონახული აღმოსავლეთი, დასავლეთი და ჩრდილოეთი კედლები. ასევე კარგადაა გადარჩენილი სამხრეთი კედლის უკიდურესი დასავლეთი მონაკვეთი. აფსიდა ოთხკუთხა ფორმისაა. აფსიდის ნაწილში შემორჩენილი კედლის მიხედვით ჩანს, რომ მას თავის დროზე თაღოვანი გადახურვა უნდა ჰქონოდა. შესასვლელი კარები განთავსებულია დასავლეთისა და სამხრეთის კედლებში. ნაშენებია საშუალო და მოზრდილი გვერდებ ჩამოსწორებული ქვებით. დამუშავებული დიდი ზომის ქვები გამოყენებულია კუთხეების კვეთაში და დასავლეთი კარის ნაწილში. იგი საკმაოდ მოგვიანო პერიოდის ნაგებობა ჩანს. არაა გამორიცხული ეს ეკლესია მეციხოვნეთათვის ყოფილიყო გამოყენებული.
ლიტერატურა
რედაქტირება- ისტორიული ჭანეთის ცენტრალურ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2019, გვ. 24-26 ISBN 978-9941-8-1990-2