ჰალილ ქუთი
ჰალილ ქუთი (თურქ. Halil Kut დ. 1882 — გ. 1957) — თურქი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ლეიტენანტი, ენვერ და ნური ფაშების ბიძა. იყო თურქეთ-იტალიის, ბალკანეთის და პირველი მსოფლიო ომების აქტიური მონაწილე.
ბიოგრაფია
რედაქტირება1905 წელს დაამთავრა სტამბოლის სამხედრო აკადემია. მსახურობდა მაკედონიაში დისლოცირებულ მე-3 არმიაში. იყო 1908 წელს „ახალგაზრდა თურქთა“ რევოლუციის მონაწილე. 1909 წელს გაგზავნეს ირანში აგენტურული მუშაობისთვის. 1910 წელს სათავეში ჩაუდგა იმპერიის გვარდიას. ბალკანეთის ომებში მეთაურობდა მობილური ჟანდარმერიის დანაყოფებს. პირველი მსოფლიო ომის საწყის ფაზაში იყო კავკასიაში დისლოცირებული მე-3 არმიის დივიზიის მეთაური. 1915 წლიდან იყო მესოპოტამიის ფრონტის სარდალი. მესოპოტამიიდან გენერალ თაუნშენდის ბრიტანული საექსპედიციო ძალების განდევნის შემდეგ გახდა ბაღდადის გენერალ-გუბერნატორი და ჯარების სარდალი. 1916 წლიდან იყო მესოპოტამიაში გაშლილი ოსმალთა მე6 არმიის სარდალი. 1918 წლის 28 ივნისიდან იყო არმიათა ჯგუფ „აღმოსავლეთის“ სარდალი კავკასიის კამპანიაში. 1918 წლის აგვისტოდან ომის დასრულებამდე იყო ოსმალეთის სახმელეთო ჯარების სარდალი. მუდროსის დროებითი ზავის დადების შემდეგ ბრიტანელებმა დააპატიმრეს და ნური ფაშასთან ერთად ჩასვეს ბათუმის ციხეში. ციხიდან გაქცევის შემდეგ მიემხრო ანატოლიაში მუსტაფა ქემალის მიერ აგორებულ წინააღმდეგობის მოძრაობას. ინტენსიური კონტაქტები დაამყარა რუს ბოლშევიკებთან. პირადი და საქმიანი კონტაქტები ჰქონდა ბოლშევიკური პარტიის უმაღლეს ეშელონებთან ლენინისა და სტალინის ჩათვლით. წარმოადგენდა შემაერთებელ რგოლს მუსტაფა ქემალის წინააღმდეგობის მოძრაობასა და რუს ბოლშევიკებს შორის, მისი მეშვეობით ხდებოდა მოსკოვიდან ქემალისტებისთვის იარაღის, საბრძოლო მასალების, ტექნიკური საშუალებებისა და ოქროს მიწოდება. 1919-21 წლებში ცხოვრობდა ბაქოსა და მოსკოვში, შემდეგ ბერლინში, ხშირად სტუმრობდა თბილისს. 1920 წლის აპრილ-მაისში მისი უშუალო დახმარებით მოახერხა რუსეთმა აზერბაიჯანის გასაბჭოება. 1922 წელს ჯემალ ფაშასთან ერთად აქტიურად იყო ჩართული ცენტრალური აზიის პოლიტიკურ ცხოვრებაში. 1923 წელს სპეციალური ნებართვის საფუძველზე საცხოვრებლად დაბრუნდა სამშობლოში. ამის შემდეგ აქტიური მონაწილეობა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში აღარ მიუღია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Biographical note - Khalil Pasha - downloaded from FirstWorldWar.com, January 13, 2006.
- Gaunt, David (2006). Massacres, resistance, protectors: muslim-christian relations in Eastern Anatolia during world war I, 1st Gorgias Press, Piscataway, NJ: Gorgias. ISBN 1-59333-301-3.
- Kiernan, Ben (2008). Blood and Soil: Modern Genocide 1500–2000. Melbourne University Publishing. ISBN 0-522-85477-X.
- Winter, J. M. (2003). America and the Armenian Genocide of 1915. Cambridge University Press. ISBN 978-0-511-16382-1.