ჰაიკ ბჟიშკიანი
ჰაიკ დმიტრის ძე ბჟიშკიანი, ფსევდონიმით გაი (სომხ. Հայկ Բժշկյան დ. 1887, თავრიზი — გ. 11 დეკემბერი, 1937) — სომეხი საბჭოთა სამხედრო მოღვაწე, პირველი მსოფლიო ომისა და რუსეთის სამოქალაქო ომის აქტიური მონაწილე.
ბიოგრაფია
რედაქტირება1901 წლიდან ოჯახი ირანიდან გადასახლდა თბილისში, სადაც დაამთავრა სასულიერო სემინარია. 1903 წლიდან ჩართული იყო რევოლუციურ საქმიანობაში. იყო სომეხთა სოციალ-დემოკრატიული პარტია „ჰუნჩაკისა“ და ფიდაისტების საბრძოლო რაზმის წევრი. თბილისის ოფიცერთა სკოლის დასრულების შემდეგ მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში დაშნაკთა საბრძოლო რაზმის შემადგენლობაში კავკასიის ფრონტზე. ომის დასრულებისას მიაღწია შტაბს-კაპიტნის ჩინს. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ შედის ბოლშევიკების რიგებში. მონაწილეობდა რუსეთის სამოქალაქო ომში. 1918 წლის ნოემბერ-დეკემბერში მეთაურობდა სიმბირსკის პირველ ქვეით დივიზიას, სადაც მის დაქვემდებარებაში მსახურობდა გიორგი ჟუკოვი. 1918 წლის დეკემბრიდან 1919 წლის ივნისამდე სარდლობდა ბოლშევიკთა აღმოსავლეთის ფრონტის პირველ არმიას, სადაც ამ თანამდებობაზე შეცვალა მიხეილ ტუხაჩევსკი. 1919 წლის აგვისტო-სექტემბერში სარდლობდა სამხრეთის ფრონტის 42-ე დივიზიას. 1919 წლის 25 სექტემბრიდან 1920 წლის 3 მარტამდე სამხრეთის ფრონტის კავკასიის პირველი „ველური დივიზიის“ მეთაურია. პოლონეთ-საბჭოთა რუსეთის ომის პერიოდში სარდლობდა დასავლეთის ფრონტის მე-3 საკავალერიო კორპუსს. ვარშავის ბრძოლაში გამანადგურებელი მარცხის შემდეგ თავის გადარჩენილ ძალებთან ერთად გადადის პრუსიაში, სადაც ინტერნირებულია. 1922 წლიდან სომხეთის სსრ-ს სამხედრო საქმეთა სახალხო კომისარია. 1924-25 წლებში მინსკის გარნიზონის უფროსია. 1927 წელს ამთავრებს ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიას, იქვე რჩება და ხდება კათედრის გამგე, იცავს დისერტაციას. 1933 წლიდან პროფესორია და 1933-35 წლებში ხელმძღვანელობს ჟუკოვსკის სახელობის სამხედრო-საჰაერო აკადემიის ომებისა და სამხედრო ხელოვნების ისტორიის კათედრას. 1935 წელს გაათავისუფლეს ყველა თანამდებობიდან და დააპატიმრეს წითელ არმიაში სამხედრო ფაშისტური ორგანიზაციის შექმნის ბრალდებით. მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. იაროსლავლის ციხეში გადაყვანისას, 1935 წლის 22 ოქტომბერს მოახერხა გაქცევა, თუმცა ორ დღეში დააკავა შინსახკომმა და დახვრიტეს 1937 წლის 11 დეკემბერს.
ლიტერატურა
რედაქტირება- W. Bruce Lincoln, Red Victory (1989, repr. 1999)
- Norman Davies, White Eagle, Red Star (1972), ISBN 0712606947