ჯორჯ ჰამილტონ-გორდონ აბერდინი
ჯორჯ ჰამილტონ-გორდონი, გრაფი აბერდინი (ინგლ. George Hamilton-Gordon, 4th earl of Aberdeen; დ. 28 იანვარი, 1784, ედინბურგი, შოტლანდია, — გ. 14 დეკემბერი, 1860, ლონდონი) — შოტლანდიელი მემამულე, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი. 1852-1855 წლებში იყო დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი.
1813 წელს საგანგებო მისიით იყო მივლენილი ავსტრიის იმპერიაში და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ნაპოლეონის საფრანგეთის წინააღმდეგ ევროპის სახელმწიფოთა VI კოალიციის შექმნაში. 1828-1830 და 1841-1846 წლებში იყო დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი, დაასრულა ხანგრძლივი სასაზღვრო დავა ამერიკის შეერთებულ შტატებთან კანადის მონაკვეთზე. 1852 წლის 28 დეკემბერს გახდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ხელმძღვანელობდა ე.წ. პილიტების, ვიგებისა და რადიკალების კოალიციურ მთავრობას. 1853 წელს, კონფლიქტის არიდების წარუმატებელი დიპლომატიური მცდელობების შემდეგ, ჩაება რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ყირიმის ომში. საომარი მოქმედებების დროს ბრიტანელი სამხედრო მეთაურების მიერ დაშვებული შეცდომების გამო საკუთარ თავზე აიღო კონსტიტუციური ვალდებულება და 1855 წლის 29 იანვარს თანამდებობიდან გადადგა.