ჯონოულის ლოდები
ჯონოულის ლოდები — ლოდები საქართველოში, ცაგერის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ჯონოულის ხეობაში, სოფელ ქულბაქს ზემოთ, ზღვის დონიდან 700–1000 მ სიმაღლეზე.[1] ხეობის ბრტყელ ფსკერზე მიმოფანტული გიგანტური კირქვული ლოდები (სიგრძე 10–12 მ-მდე) ქმნის მყინვარული წარმოშობის ერატიკული ლოდნარის შთაბეჭდილებას. სინამდვილეში ლოდები ჩამოზიდულია ღვარცოფული ნაკადის მიერ, უხსოვარ ხანაში, ასხის კირვული მასივის ჩრდილო-აღმოსავლური კუთხიდან. ეს ღვარცოფი უნდა გამოეიწვია ხეობის გადაღობვას დიდი მეწყერით, ტბის გაჩენას და შემდეგ წყლის მიერ საგუბარის გარღვევას. ამგვარად, ჯონოულის ღვარცოფი დაკავშირებული იყო არა კლიმატურ, არამედ გეომორფოლოგიურ ფაქტორებთან.[2] ლოდები რომ მყინვარს ჩამოეტანა, მათ შორის იქნებოდა ეგრისის ქედის ამგებელი შუაიურული პორფირიტების ბლოკებიც (ამ ქედის მწვერვალ ცეკურის სამხრეთ ფერდობზე პლეისტოცენური მყინვარების მოქმედების მკაფიო კვლებია შემორჩენილი). ჯონოულის ლოდებთან მისვლა შეიძლება ცაგერიდან საავტომობილო გზატკეცილით, რომელიც ჯერ მდინარე ცხენისწყლის ხეობას დაუყვება სარეწკელას კლდეკარამდე, ხოლო იქიდან აუყვება მდინარე ჯონოულის მარჯვენა სანაპიროს (მთლიანი მანძილი 15 კმ).[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 „საქართველოს სსრ წითელი წიგნი“, გამომცემლობა «საბჭოთა საქართველო», თბ., 1982.
- ↑ კობა ხარაძე. საქართველოს ბუნების ფენომენები, თბ., 2014