ჯოვანი დი ბიჩი დე’ მედიჩი

ჯოვანი დი ბიჩი დე’ მედიჩი (იტალ. Giovanni di Bicci de' Medici; დ. 1360 — გ. 20 თებერვალი, 1429) — მედიჩების დინასტიის ფუძემდებელი. იტალიელი ბანკირი და მედიჩის ბანკის დამაარსებელი. თავისი ბიზნესით მოპოვებული დიდძალი სიმდიდრისა და გავლენის წყალობით, იგი უბრალო ვაჭრიდან მონარქამდე ამაღლდა. მისი შთამომავლები იყვნენ ტოსკანის დიდი საჰერცოგოს დამაარსებელი კოზიმო I მედიჩი, ასევე საფრანგეთის ორი დედოფალი: ეკატერინე და მარია მედიჩები, ასევე ოთხი რომის პაპი: ლეო X, კლემენტ VII, პიუს IV და ლეო XI.

ჯოვანი დი ბიჩი დე’ მედიჩი
დაბადების თარიღი 1360
ფლორენცია, ტოსკანა
გარდაცვალების თარიღი 20 თებერვალი, 1429, (69 წლის)
ფლორენცია, ტოსკანა
ეროვნება იტალიელები
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) პიკარდა ბუერი
შვილ(ებ)ი კოზიმო, ფლორენციის ლორდი
ლორენცო
მშობლები მამა: ავერარდო მედიჩი
დედა: ჯაკოპა სპინი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჯოვანი დაიბადა 1360 წელს ფლორენციაში, ფლორენციის რესპუბლიკაში. იგი იყო ადგილობრივი მაცხოვრებლის, არც თუ ისე მდიდარი ავერარდო მედიჩისა და მისი ცოლის, ჯაკოპა სპინის ვაჟი. მისი გაჩენიდან მალევე ავერარდო დაიღუპა, თავის ქვრივსა და ხუთ შვილს კი მხოლოდ მცირე მემკვიდრეობა დაუტოვა.

თავდაპირველად, თავის სარჩენად ჯოვანი ბეწვეულის მრეცხავად მუშაობდა, საიდანაც შემოსავლის დანაზოგით გარკვეული თანხის დაგროვება და შემდგომში მისი გაპროცენტება დაიწყო. სულ რამდენიმე წელიწადში მან საკუთარი მედიჩის ბანკი დააფუძნა, რომელიც მალევე გახდა მთელს ევროპაში ცნობილი. მის ბანკში ანაბარი თვით რომის პაპსა და ევროპელ მონარქებს ჰქონდათ გახსნილი. მან ამით იმდენად დიდი თანხების დაგროვება მოახერხა, რომ მალე პოლიტიკური ინტერესები და ამბიციებიც გაუჩნდა. ჯოვანი მალევე მოხვდა ფლორენციის რესპუბლიკის სამმართველო საბჭოში, სადაც ისარგებლა მიმდინარე კონფლიქტებით და მის სათავეში მოვიდა.

სწორედ ამ პერიოდში ჩნდება ჯოვანისა და ზოგადად მედიჩების უდიდესი მტრები — ალბიცების დინასტია, რომლებიც აქამდე მართავდნენ ფლორენციას. მიუხედავად ამიას, მედიჩებმა მარტივად მოახერხეს ალბიცების დაჯაბნა, მიუხედავად მათი ინტრიგებისა. მედიჩის ბანკის წყალობით, ფლორენცია მალევე გადაიქცა სხვა სახელმწიფოების კომერციული ინტერესის მთავარ სფეროდ, რამაც მისი ეკონომიკის გაფურჩქვნას შეუწყო ხელი.

1410 წლიდან იგი აღარ კმაყოფილდება მხოლოდ ფლორენციით და რომში მიმდინარე პროცესებში აქტიურად ერთვება. ამ წელს იგი ცდილობდა თავისი მოკავშირე კარდინალი ბალთაზარ დე კოსა რომის პაპად აერჩიათ, რის სანაცვლოდაც იგი არ თაკილობდა არც დაშინებას და არც მოსყიდვას, თუმცა ამაოდ. მიუხედავად ამისა, რომის პაპი იოანე XXIII გახდა, რომელმაც პაპების მთავარ ბანკირებად მედიჩები აქცია. ასევე ჯოვანიმ მიიღო გადასახადების აკრეფვის პრივილეგიაც, რომლიდანაც დიდძალი ფული შედიოდა მის ბანკში. იგი გარდაიცვალა 1429 წლის 20 თებერვალს, 69 წლის ასაკში. ითვლება, რომ იგი მისმა მოსისხლე მტერმა ალბიციმ ყურძნით მოწამლა.

  1. კოზიმო (1389-1464), ფლორენციის პირველი მმართველი მედიჩთა დინასტიიდან. ცოლად შეირთო კონტესინა დე’ ბარდი, რომელთანაც ორი ვაჟი შეეძინა. მისი შთამომავალი იყო ფლორენციის ოქროს ხანის შემქმნელი ლორენცო მედიჩი და საფრანგეთის ლეგენდარული დედოფალი ეკატერინე მედიჩი, ასევე რომის პაპები ლეო X და კლემენტ VII;
  2. დამიანო (1390), დაიღუპა ჩვილი;
  3. ლორენცო (1394-1440), ცოლად შეირთო ჯინევრა კავალკანტი, რომელთანაც ორი ვაჟი შეეძინა. მისი შთამომავალი იყო ტოსკანის პირველი ჰერცოგი კოზიმო I და ტოსკანის ყველა შემდგომი მედიჩი მონარქი, ასევე საფრანგეთის დედოფალი მარია მედიჩი და ორი რომის პაპი: პიუს IV და ლეო XI;
  4. ანტონიო (1398), დაიღუპა ჩვილი;

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Grendler, Paul F., M. J. B. Allen, William R. Bowen, Margaret L. King, Stanford E. Lehmberg, Nelson H. Minnich, Sara T. Nalle, Robert J. Rodini, Ingrid D. Rowland, David B. Ruderman, Erika Rummel, J.H.M. Salmon, and William A. Wallace, O.P., eds. (1999). Encyclopedia of the Renaissance. Charles Schribner's Sons, New York, New York.
  • Hibbert, Christopher (1975). The House of the Medici: Its Rise and Fall. William Morrow & Company, Inc. New York.
  • Parks, Tim (2005). Medici Money: Banking, Metaphysics, and Art in Fifteenth-Century Florence. W.W. Norton & Company. New York. London.
  • Pernis, Maria Grazia; Adams, Laurie (2006). Lucrezia Tornabuoni de' Medici and the Medici family in the fifteenth century. Peter Lang Publishing, Inc, New York.