კონტესინა დე’ ბარდი
კონტესინა დე’ ბარდი (იტალ. Contessina de' Bardi; დ. 1390 — გ. 1473) — გამოჩენილი იტალიელი დიდგვაროვანი და ბარდების ძლევამოსილი ოჯახის წარმომადგენელი. 1415 წელს ცოლად გაჰყვა ფლორენციის სენიორ კოზიმო მედიჩის, რომელიც ფლობდა მედიჩების უზარმაზარი ბანკების ქსელს მთელს ევროპაში. მისი შთამომავლები იყვნენ ფლორენციის ჰერცოგი ლორენცო მედიჩი, საფრანგეთის დედოფალი ეკატერინე მედიჩი და ასევე ორი რომის პაპი: ლეო X და კლემენტ VII.
კონტესინა დე’ ბარდი | |
---|---|
ფლორენციის სენიორა | |
მმართ. დასაწყისი: | 5 სექტემბერი, 1434 |
მმართ. დასასრული: | 1 აგვისტო, 1464 |
წინამორბედი: | წოდება შეიქმნა |
მემკვიდრე: | ლუკრეცია ტორნაბუონი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1390 |
დაბ. ადგილი: | ფლორენცია |
გარდ. თარიღი: | ოქტომბერი, 1473 |
გარდ. ადგილი: | ფლორენცია |
მეუღლე: |
კოზიმო მედიჩი (ქ. 1415 - გარდ. 1464) |
შვილები: |
პიერო მედიჩი ჯოვანი მედიჩი |
დინასტია: | ბარდები |
მამა: | ალესანდრო დე’ ბარდი |
დედა: | კამილა პანოჩიესკი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაკონტესინა დაიბადა 1390 წელს ფლორენციაში. იგი იყო ადგილობრივი დიდგვაროვნის, ვერნიოს გრაფ ალესანდრო დე’ ბარდისა და მისი ცოლის, კამილა პანოჩიესკის ასული. ბარდების ოჯახი წარმოშობით ბანკირები იყვნენ და ვერნიოს გრაფის წოდება 1343 წელს ჰქონდათ ნაყიდი.
1415 წელს, ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად, ალესანდრომ კონტესინა მთელს ევროპაში ცნობილი ბანკირის, ჯოვანი მედიჩისა და პიკარდა ბუერის უფროს ვაჟზე, კოზიმო მედიჩიზე დააქორწინა. მედიჩებს ეს ქორწინება მხოლოდ თავიანთი სტატუსის ასამაღლებლად აწყობდათ, ვინაიდან ბარდების მსგავსად ისინიც ახლად გამდიდრებული ბანკირები იყვნენ. კონტესინამ კოზიმოს ორი მემკვიდრე გაუჩინა და კარგი დიასახლისიც გამოდგა. იგი ზრუნავდა ოჯახის ქონების შენარჩუნება-გაფართოვებასა და მის ერთიანობაზე.
მრავალწლიანი ქორწინებიდან კოზიმოსა და კონტესინას ორი ვაჟი ეყოლათ. ცნობილია, რომ იგი თავისი შვილივით ზრდიდა კოზიმოს არალეგიტიმურ ვაჟსაც, რომელიც მას ვენეციაში ყოფნის დროს შეეძინა ერთ-ერთი მოახლისგან.
კოზიმო მედიჩი 1464 წელს გარდაიცვალა და ოჯახს დიდძალი ქონება, მასთან ერთად კი ფლორენციის სენიორის ტახტიც დაუტოვა. ფლორენციის ახალი მმართველი კონტესინას უფროსი ვაჟი, პიერო გახდა, რომლის ცოლთან, ლუკრეცია ტორნაბუონთან კონტესინას შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა. მას ასევე ახლო ურთიერთობა ჰქონდა პიეროს ვაჟებთანაც, რომელთაც იგი ისე ზრდიდა, რომ დიდი პოლიტიკური ლიდერები გამხდარიყვნენ, რასაც მიაღწია კიდეც. იგი აგრეთვე აქტიურად ჩნდებოდა მაღალ წრეებში და არ ტოვებდა არცერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას.
კონტესინა გარდაიცვალა 1473 წლის ოქტომბერში. მისმა შვილიშვილმა ლორენცომ, მის პატივსაცემად, თავის ერთ-ერთ ასულს კონტესინა დაარქვა.
შვილები
რედაქტირება- პიერო (1416-1469), ფლორენციის სენიორი, ცოლად შეირთო ლუკრეცია ტორნაბუონი, რომელთანაც ხუთი შვილი შეეძინა;
- ჯოვანი (1421-1463), ცოლად შეირთო ჯინევრა ალესანდრი, რომელთანაც ერთი ვაჟი შეეძინა;
ლიტერატურა
რედაქტირება- Pernis, Maria Grazia; Adams, Laurie (2006). Lucrezia Tornabuoni de' Medici and the Medici family in the fifteenth century. New York: Peter Lang Publishing, Inc. ISBN 0820476455.
- Tomas, Natalie R. (2003). The Medici Women: Gender and Power in Renaissance Florence. Aldershot: Ashgate. ISBN 0754607771.