ჯეტსუნ პემა (ძონგ-კე. རྗེ་བཙུན་པདྨ་; დ. 4 ივნისი, 1990, თიმფუ, ბჰუტანი) — ბჰუტანის დედოფალ კონსორტი 2011 წლიდან დღემდე, როგორც მეფე ჯიგმე ხესარ ნამგიელ ვანგჩუკის მეუღლე და მისი მემკვიდრის დედა.

ჯეტსუნ პემა
ბჰუტანის დედოფალი
კორონაცია: 13 ოქტომბერი, 2011
მმართ. დასაწყისი: 13 ოქტომბერი, 2011
მმართ. დასასრული: დღემდე
წინამორბედი: დორჯი ვანგმო
მემკვიდრე: ამჟამად თანამდებობაზეა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 4 ივნისი, 1990 (1990-06-04) (34 წლის)
დაბ. ადგილი: თიმფუ, ბჰუტანი
მეუღლე: ჯიგმე ხესარ ნამგიელ ვანგჩუკი
შვილები: პრინცი ჯიგმე ნამგიელ ვანგჩუკი
სრული სახელი: ჯეტსუნ პემა ვინგჩუკი
დინასტია: ვანგჩუკები (ქორწინებით)
მამა: დჰონდუპ გიალტშენი
დედა: სონამ ჩოკი
რელიგია: ბუდიზმი

ადრეული წლები

რედაქტირება

ჯეტსუნ პემა დაიბადა 1990 წლის 4 ივნისს თიმფუში, ჯიგმე დორჯი ვანგჩუკის სახელობის ეროვნულ საავადმყოფოში. იგი არის დჰონდუპ გიალტშენისა და მისი მეუღლის, სონამ ჩოკის ქალიშვილი. აღსანიშნავია, რომ დედამისის საგვარეულო უძველესი ბჰუტანური არისტოკრატიული დინასტიაა, რის გამოც ჯეტსუნი თავიდანვე მაღალ წრეში ტრიალებდა. ჯეტსუნის დედის ორი მამიდა — პჰუნტშო ჩოდენი და პემა დეჩენი ბჰუტანის დედოფლები იყვნენ.

ჯეტსუნი მისი მშობლების ხუთი შვილიდან მეორე შვილი და პირველი ქალიშვილია. მას ორი და და ორი ძმა ჰყავს.

ჯეტსუნმა განათლება ბჰუტანის საშუალო სკოლაში მიიღო, რის შემდეგაც 1999-2000 წლებში სამონასტრო ცხოვრებას ეწეოდა დასავლეთ ინდოეთის მთიანეთში. 2001-2005 წლებში მან განათლება კვლავ განაგრძო ჯერ ინდოეთის ქალაქ სოლანში, შემდეგ კი 2006 წელს კი პრადეშის უნივერსიტეტში გადავიდა. ინდოეთში მან შეისწავლა ინგლისური, ისტორია, გეოგრაფია, ეკონომიკა და ფერწერა. 2008 წელს მან საბოლოოდ დაასრულა საშუალო განათლების მიღება და ლონდონის რეგენტის კოლეჯში ჩააბარა. რეგენტის კოლეჯი მან საერთაშორისო ურთიერთობების განხრით დაასრულა, თუმცა აგრეთვე შეისწავლიდა ფსიქოლოგიასა და ხელოვნების ისტორიას, როგორც დამატებით საგნებს.

სამეფო ქორწინება

რედაქტირება

2011 წლის 20 მაისს, ბჰუტანის პარლამენტის მეჩვიდმეტე სესიის დროს, მეფემ თავისი ნიშნობის შესახებ გამოაცხადა. მან თავისი რჩეულის ვინაობაც დაასახელა და ეს ჯეტსუნი იყო, რომელსაც იგი ლონდონში სწავლისას შეხვდა.

2011 წლის 13 ოქტომბერს წყვილი პუნახა ძონგში დაქორწინდა. აქვე შედგა ჯეტსუნის ბჰუტანის დედოფლად კორონაცია. ეს მოვლენები პარალელურად შუქდებოდა თიმფუსა და პაროში. ცერემონიისას მეფემ დედოფლის გვრიგვინი თავისი ხელით დაადგა და გამოაცხადა „ბუტანის სამეფოს დედოფლად“.

ქორწილი ტრადიციულ სტილში შედგა. ხალხში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მეფის განცხადებამ, რომ იგი სხვა ქალზე აღარ დაქორწინდებოდა. ტრადიციულად, ბჰუტანის მონარქებს ერთდროულად რამდენიმე ცოლი ჰყავდათ ხოლმე. აღსანიშნავია, რომ მათი ქორწილისათვის ნიდერლანდებიდან ჩამოიტანეს ტიტების დიდი პარტია და ტიტების ერთ-ერთ სახეობას მის პატივსაცემად „ბჰუტანის დედოფალი“ უწოდეს.

დედოფალი

რედაქტირება

ქორწინების შემდეგ ჯეტსუნი მეფეს ყოველთვის თან ახლავს ოფიციალური ვიზიტებისას. ამის გამო იგი ქმართან ერთად ეწვია იაპონიას, დიდ ბრიტანეთს, სინგაპურსა და ინდოეთს.

აღსანიშნავია, რომ ჯეტსუნი მეფეს ოფიციალურ ვიზიტებზე ქორწინებამდეც დაჰყვებოდა, ქორწილის შემდეგ კი ეს მისი, როგორც დედოფლის უმთავრეს მოვალეობად იქცა. ისინი უცხოელი ელჩებისა და მინისტრების გარდა, ხშირად ხვდებიან ადგილობრივ მოსახლეობას, სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებსა და სამხედროებს.

დედოფალი ჯეტსუნი არის ბჰუტანის ბუნების დაცვის სამეფო ორგანიზაციის მეთაური. იგი ასევე იყო ბჰუტანის ოფიციალური ელჩი UNEP-ში. იგი აქტიურად მუშაობს ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხზე. 2016 წლიდან იგი არის ბჰუტანის წითელი ჯვრის პრეზიდენტი.

გარდა პოლიტიკისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისა, დედოფალს აინტერესებს ხელოვნება, მხატვრობა და კალათბურთი. აღსანიშნავია, რომ სკოლაში სწავლისას იგი გოგონათა სასკოლო საკალათბურთო გუნდში თამაშობდა. ასევე აქტიურადაა ჩაბმული ცეკვის შესწავლით. დედოფალი გარდა ადგილობრივი ძონგხას ენისა, კარგად ფლობს ინგლისურსა და ჰინდის.

2016 წლის 5 თებერვალს დედოფალმა ჯეტსუნმა თავისი პირველი და უკანასკნელი ვაჟი, ჯიგმე ნამგიელ ვანგჩუკი გააჩინა, რომელიც ბჰუტანის ტახტის მემკვიდრეა. აღსანიშნავია, რომ პატარა პრინც სახელი მხოლოდ 2016 წლის 16 აპრილს დაარქვეს.

ტიტულები და წოდება

რედაქტირება
  • 4 ივნისი, 1990 - 12 ოქტომბერი, 2011: აში ჯეტსუნ პემა;
  • 12 აგვისტო, 2011 - დღემდე: მისი უმაღლესობა ბჰუტანის დედოფალი;

ლიტერატურა

რედაქტირება
  • "Know the royal bride". Businessbhutan. Archived from the original on 17 September 2011. Retrieved 27 May 2011.
  • "Royal Wedding in October". Bhutan Observer. Archived from the original on 25 May 2011. Retrieved 26 May 2011.
  • "Bhutan's King Is Set to Marry – Royal Wedding". Empowered News. Retrieved 27 May 2011.
  • "Himachal-educated girl to marry Bhutan king". MSN News. Retrieved 27 May 2011.
  • Anand Bodh, Bhutan king to wed Sanawar girl dated 22 May 2011, from Times of India at indiatimes.com, accessed 14 March 2012.
  • "Lawrence School, Sanawar in celebration mode". The Times of India. 13 October 2011. Retrieved 13 October 2011.
  • "Bhutan king to wed Sanawar girl". Times of India. 22 May 2011. Retrieved 27 May 2011.