ჯეიმზ ნორმან კუკ-კოლისი

(გადამისამართდა გვერდიდან ჯეიმს ნორმან კუკ-კოლისი)

ჯეიმზ ნორმან კუკ-კოლისი (ინგლ. James Norman Cooke-Collis; დ. 7 მაისი, 1876 — გ. 14 აპრილი, 1941) — ინგლისელი სამხედრო მოღვაწე, გენერალი, 1919-1920 წლებში ბათუმის გენერალ-გუბერნატორი.

ჯეიმზ ნორმან კუკ-კოლისი
ეროვნება ინგლისელი
დაბადების თარიღი 7 მაისი, 1876
დაბადების ადგილი კუკის ციხესიმაგრე, კორკის საგრაფო
გარდაცვალების თარიღი 14 აპრილი, 1941
ჯარის სახეობა ბრიტანეთის არმია
წოდება

გენერალი

ბათუმის გენერალ-გუბერნატორი
ბრძოლები/ომები

პირველი მსოფლიო ომი

მეორე მსოფლიო ომი
ჯილდოები ბრიტანეთის სამხედრო ორდენი „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“
წმინდა სტანისლავის III ხარისხის რუსული ორდენი
ბრიტანეთის წმინდა მიქაელის ორდენის კავალერი
წმინდა გიორგის რაინდული ორდენის კავალერი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა ირლანდიაში, კუკის ციხესიმაგრეში, კორკის საგრაფოში. განათლება მიიღო ჩელტენჰემის კოლეჯში. მონაწილეობდა ბურების მეორე ომში (1899-1902), პირველ მსოფლიო ომში. მისი სახელი უკავშირდება არაერთ მნიშვნელოვან სამხედრო მოქმედებას. პირველ მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, მუდროსის ზავის თანახმად, 1918 წლის დეკემბრიდან საქართველოში ჩამოვიდა ინგლისელთა 5 გემი 15-20 ათასკაციანი ჯარით, რომელიც განლაგდა ბათუმსა და თბილისში. ბათუმის ოლქის სამხედრო გუბერნატორად დაინიშნა გენერალი კუკ-კოლისი. ამ უკანასკნელის გადაწყვეტილებით, ბათუმის მმართველობა ხელში აიღო კადეტმა მასლოვმა, რომელმაც ოლქის მმართველობაში რუსი მოხელეები მოიყვანა.

კუკ-კოლისმა ბათუმის ოლქში ინგლისელთა სრული დიქტატურა დაამყარა. 21 იანვრიდან ბათუმში დაწესდა ინგლისის ფლოტზე მიღებული დრო. სამხედრო გუბერნატორის ბრძანებით, გამკაცრდა ფინანსური და ეკონომიკური სანქციები, მოსახლეობის მხრიდან პოლიტიკური გამოსვლების შემდეგ აიკრძალა მანიფესტაციები. ისჯებოდა ყველა, ვინც ბათუმში ნარგავების განადგურებას შეეცდებოდა ან ქუჩებს დაანაგვიანებდა. 1919 წლის სექტემბრიდან ბათუმში და მთლიანად ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ქართული პრესა საკმაოდ უარყოფითად აფასებდა კუკ-კოლისის საქმიანობას. მას არაერთი უსიამოვნო ინციდენტი შეემთხვა საქართველოს დემოკრეატიული რესპუბლიკის ოფიციალურ წარმომადგენლებთან ურთიერთობისას (მაგ.: კუკ-კოლისმა მასთან ორჯერ აუდიენციაზე მისული საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი, პოლკოვნიკი გედევანიშვილი არ მიიღო). დენიკინის დამარცხების შემდეგ, რუსეთიდან დევნილი თეთრგვარდიელების თავშესაფრად ბათუმი იქცა. კუკ-კოლისი აქტიურად უჭერდა მხარს სამხრეთ რუსეთის მოქმედ მოხალისეთა არმიას.

1920 წლის დასაწყისიდან საქართველოს მთავრობამ დაიწყო ბათუმის ოლქის შემოერთებისათვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რასაც სამხედრო გუბერნატორის, კუკ-კოლისის მხრიდან საპასუხო ქმედება მოჰყვა. 1920 წლის 2 მარტს გენერალმა კუკ-კოლისმა ქართულ მხარეს შემდეგი მოთხოვნები წარუდგინა:

 
„1. ბათომის ოლქში ნატანების, ახალციხის და არტაანის მხრით აშკარად სწარმოებს შეტევა საქართველოს ჯარისა; 2. ამ ჟამამდის ორი უკანასკნელი პუნქტის სამხედრო ძალებმა გადმოლახეს არსებული საზღვარი. არტაანის რაზმმა უკვე გადააყენა შავშეთში ადგილობრივი ადმინისტრაცია და მის ადგილზე თავისი დანიშნა. ამას გარდა, სამი ქართველი ჯარისკაცი შევიდა ქალაქ არტანუჯში. ნატანების რაზმი მზვერავებს უშვებს საზღვარზე. 3. ვინაიდან მე მაქვს მიღებული კატეგორიული ბრძანება მთავარსარდლის გენერალ სერ ჯორჯ მილნისაგან, რომ არავითარ სამხედრო ძალას არ მიეცეს საზღვრის გადალახვის საშუალება და საქართველოს ჯარი კი ნებადაურთველად გადმოვიდა ბრიტანეთის გამგებლობის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე, გთხოვთ, დაუყოვნებლივ გაიყვანოთ საქართველოს ჯარის ყველა ნაწილები, რომლებიც ამჟამად ბათომის ოლქის ფარგლებში იმყოფებიან. 4. თუ არავითარი ამგვარი ბრძანება არ იქნა გაცემული, ამისათვის საჭირო დროის განმავლობაში, მე ვიტოვებ უფლებას მივიღო ისეთი ზომები, როგორსაც საჭიროდ ვცნობ, რომ საშუალება მექნეს მთავარსარდლის განკარგულება სისრულეში მოვიყვანო. მე ძალიან მადლობელი ვიქნები, თუ პასუხი გამომეგზავნება.“

ინგლისის მთავრობის მიერ ბათუმის ოლქიდან ჯარების გაყვანის გადაწყვეტილების მიღებისას, გენერალ კუკ-კოლისის ბრძანებით, მოსახლეობაში დაიგზავნა სპეციალური მოხელეები არსებული ვითარების ასახსნელად, რათა ხელისუფლების შეცვლის პროცესი მშვიდობიანად წარმართულიყო.

ბათუმის სამხედრო გუბერნატორობიდან გადადგომის შემდეგ, კუკ-კოლისი განაგრძობს სამსახურს ბრიტანეთის არმიაში. 1927 წელს გახდა მე-11 ქვეითი ბრიგადის, ხოლო 1934 წელს 55-ე ქვეითი დივიზიის მეთაური. 1935-1938 წლებში იყო ჩრდილოეთ ირლანდიაში დისლოცილებული ბრიტანეთის ჯარების ხელმძღვანელი. მიღებული აქვს ბრიტანეთის სამხედრო ორდენი „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ (D.S.O. 1918 წელს), წმინდა სტანისლავის მე-3 ხარისხის რუსული ორდენი, იყო ბრიტანეთის წმინდა მიქაელისა და წმინდა გიორგის რაინდული ორდენის კავალერი (C.M.G. 1919). 1938 წლიდან ცხოვრობდა ირლანდიაში, კუკების სასახლეში.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

1906 წლის 30 იანვარს ჯეიმზ ნორმან კუკ-კოლისმა იქორწინა მაიორ ჯორჯ ფრენსის ქალიშვილზე, კლეონის გემბლზე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სამუშია ჯ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 235-236.