ჯარის მართვა
ჯარის მართვა — სარდლების (მეთაურების, უფროსების), შტაბების, სამსახურებისა და მართვის სხვა ორგანოების საქმიანობა, რაც უზრუნველყოფს ჯარის (ძალების) საბრძოლო მზადყოფნასა და ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნებას, ოპერაციებისა და საბრძოლო მოქმედების მომზადებას, დასმული ამოცანების შესრულებისას ჯარის ხელმძღვანელობას. ჯარის მართვა ხორციელდება ზემდგომი მეთაურებისა და უფროსების ბრძანებების, მითითებებისა და განკარგულებების შესაბამისად. მისი საფუძველია სარდლის (მეთაურის, უფროსის) გადაწყვეტილება, რის მიხედვითაც იგეგმება ოპერცია (ბრძოლა), ეწყობა და ტარდება ჯარის (ძალების) მომზადება საბრძოლო მოქმედებისათვის. ჯარის მართვის თეორია და პრაქტიკა იხვეწებოდა შეიარაღებული ძალების, იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის, ჯარის ორგანიზაციისა და საბრძოლო მოქმედების ხერხების სრულყოფის, აგრეთვე ომის წარმოების ხასიათისა და პირობების, მართვის ტექნიკური საშუალებებისა და შესაძლებლობების კვალობაზე. მასობრივი არმიების შექმნამდე ჯარს უშუალოდ ჯართუფროსი მართავდა, რომელიც განკარგულებებს თვითონ ან ადიუტანტების საშუალებით გადაცემდა. XII—XIII საუკუნეების საქართველოში ომის თაობაზე გადაწყვეტილებას სავაზირო ღებულობდა. „სპათა ქცეულობის საქმისათვის“ ანუ ჯარებისადმი „ღონიერად წინაძღომისთვის“ და „ბრძნად განგებისათვის“ პასუხისმგებლობა მთავარსარდალს (მეფეს) ან ამირსპასალარს ეკისრებოდა. წერილობითი ბრძანებები მხოლოდ ჯარის მობილიზაციისთვის გაიცემოდა, სიტყვიერ განკარგულებებს შიკრიკებისა (ევსტარების, იფრინდების) და მალემსრბოლელების პირით გადასცემდნენ. არმიებისა და მათი მოქმედების ასპარეზის ზრდასთან ერთად მთავარსარდლებთან შეიქმნა სამხდერო საბჭო, შემდეგ შტაბები, შეიცვალა მართვის ტექნიკური ბაზა. სისტემატურად უმჯობესდებოდა ჯარის მართვის მეთოდები, ტექნიკური საშუალებები. ჯარის მართვის პრაქტიკაში ფართოდ ინერგება ავტომატიზაცია და მართვის ავტომატიზებული სისტემები, პოზიციონერების გლობალური სისტემები (GPS). ფართოვდება ჯარის მართვის ამოცანათა წრე და რთულდება მართვის ამოცანების ხასიათი. ჯარის მართვის პრინციპებია: ერთმართველობა; სარდლების (მეთაურების) პირადი პასუხისმგებლობა მიღებული გადაწყვეტილებისთვის; ყველა რგოლში მართვის ცენტრალიზაცია და მიღებული საბრძოლო ამოცანების ხერხების დადგენაში ხელქვეითებისათვის ინიციატივის მინიჭება; სიმტკიცე და სიბეჯითე მიღებული გადაწყვეტილებისა და გეგმის შესრულებაში; განუწყვეტლობა და ფარულობა.
ლიტერატურა
რედაქტირება- შაიშმელაშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 542.