ჯაპავები — ქართული გვარი. სავარაუდოდ წარმოდგება ლაზური სიტყვა „ჯა“ (ხე) ან „ჯამპი“ (თუთის ხე) ძირისაგან. ფართოდ იყო გავრცელებული სამეგრელოსა და სამურზაყანოს ზღვისპირეთში. პირველად მოიხსენიება იმერეთის მეფე სოლომონ I-ის (1752-1784) დასავლეთ საქართველოს რუკაზე, სადაც ჯაპავების გვარი ფლობს დიდ მამულებს დღევანდელი სამეგრელოს ზღვისპირა სოფლებში — სუფსაში, ანაკლიასა და დარჩელში, ასევე აფხაზეთის ზღვისპირა ზოლზე ოჩამჩირემდეფიჩორსა და ილორის ტერიტორიებზე. ნარატიული წყაროებით გვარის წარმომადგენლები მისდევდნენ სხვადასხვა ტიპის ვაჭრობას შავიზღვისპირა სატრანზიტო გზებზე. წლების მანძილზე მათ დიდი ქონება დაუგროვებიათ და თვად-აზნაურობაც უყიდიათ სოლომონ მეფისგან. შავი ზღვისპირას მცხოვრები მდიდარი ჯაპავების დახმარება ხშირად დასჭირვებია ოსმალთა წინააღმდეგ თავგამოდებით მებრძოლ სოლომონ მეფეს, რაზეც მოწმობს სოლომონ მეფის წერილი თავადი პავლე ჯაპავას მიმართ ტყვეებით ვაჭრობის წინააღმდეგ დასახმარებლად, აღსანიშნავია, რომ მეფე სოლომონის მიერ შექმნილ რუკაზე ჯაპავების საგვარეულო მიწები მონიშნულია კონკრეტულად. თუმცა გრიგოლ დადიანი (1788-1804) „ჯაპავებს“ ისევ უბრალოდ „დიდ ვაჭრებად“ და „აბრაგებად“ მოიხსენიებს. დღესდღეობით ჯაპავების გვარის სულ 25 ოჯახი არსებობს აფხაზეთსა და სამეგრელოში, რომლებიც ორი სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები არიან. აფხაზეთში მცხოვრებ ჯაპავებს 1992-1993 რუსეთ-საქართველოს ომის დროს მოუწიათ გადასახლება აფხაზეთიდან თბილისსა თუ ქვეყნის გარეთ სხვადასხვა ქალაქებში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • დუმბაძე მ., დასავლეთ საქართველო XIX საუკუნის პირველ ნახევარში, თბ., 1957;
  • აბესალომ ტუღუში, სამეგრელოს სამთავროს ისტორია, ზუგდიდი, 1999;
  • რეხვიაშვილი, მ., იმერეთის სამეფო 1462-1810, თბილისი: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1989. — გვ. 56-60.
  • ჟველია, ნ., ოდიშის სამთავროს შიდაქართული და საგარეო ურთიერთობების ისტორიიდან, ქუთ., 1995;
  • მაკალათია, ს., სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, თბ., 2006.