ხუან როდრიგეს კაბრილიო

ხუან როდრიგეს კაბრილიო (ესპ. Juan Rodríguez Cabrillo, პორტ. João Rodrigues Cabrilho — დაახ. 1499 წელი — 1543 წლის 3 იანვარი) — ესპანეთის სამეფოს ქვეშევრდომობის ქვეშ მყოფი კონკისტადორი და მეზღვაური, პირველი ევროპელი, რომელმაც მიაღწია თანამედროვე კალიფორნიის ტერიტორიას და გამოიკვლია იგი.

ხუან როდრიგეს კაბრილიო
დაბადების სახელი ესპ. Juan Rodríguez Cabrillo
პორტ. João Rodrigues Cabrilho
დაბადების თარიღი 1499 წელი
გარდაცვალების თარიღი 1543 წლის 3 იანვარი
სანტა-კატალინა, კალიფორნია
ქვეშევრდომობა ესპანეთი
პროფესია კონკისტადორი, მეზღვაური

ბიოგრაფია

რედაქტირება

კაბრილიოს ცხოვრების ადრეული წლებისა და წარმომავლობის შესახებ დოკუმენტურმა ცნობებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. ფართოდ არის გავრცელებული მოსაზრება მისი პორტუგალიური წარმომავლობის შესახებ, რომელიც ეყრდნობა ერთადერთ მოხსენიებას ესპანელ ისტორიკოს ანტონიო დე ერერას ნამუშევარში[1], რომელიც კაბრილიოს გარდაცვალებიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ გამოიცა. ის ფართოდ იყო პოპულარიზებული, ძირითადად პორტუგალიის მთავრობისა და კალიფორნიაში პორტუგალიის დიასპორის მეშვეობით. თუმცა ბევრი თანამედროვე ისტორიკოსი არ ეთანხმება ამ მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ კაბრილიო კასტილიური წარმომავლობის იყო[2][3].

კაბრილიო მონაწილეობდა კუბისა და მექსიკის დაპყრობაში. 1521 წელს კორტესის მეთაურობით მონაწილეობდა ტენოჩტიტლანის აღებაში. პედრო დე ალვარადოსთან ერთად მან დაიპყრო თანამედროვე გვატემალის, ჰონდურასისა და სალვადორის ტერიტორიები. 1542 წელს მეთაურობდა ხომალდების, „სან-სალვადორისა“ და „ვიქტორიას“, არმადას, რომელიც ნატივიდადის პორტიდან გავიდა ლეგენდარული ანიანის სრუტის საპოვნად. 3 სექტემბერს ხომალდებმა მიაღწიეს კალიფორნიის ნახევარკუნძულის სამხრეთ ბოლოს. 28 სექტემბერს არმადა შევიდა სან-დიეგოს ყურეში. როდესაც მიაღწიეს 40° ჩ. გ., უკან გაბრუნდა. ამ ექსპედიციის დროს კონტაქტი დამყარდა ჩუმაშას ტომის ინდიელებთან. ინდიელებთან შერკინებისას კაბრილიო დაიჭრა და გარდაიცვალა კუნძულ სანტა-კატალინაზე.

კაბრილიოს ექსპედიციის ოფიციალური ცნობა დაიკარგა, დარჩა მხოლოდ მოკლე უწყება, რომელიც გააკეთა ანდრეს უდანეტამ, რომელსაც კაბრილიოს ჟურნალებსა და რუკებთან მიუწვდებოდა ხელი. მეზღვაურის საფლავის ადგილმდებარეობა უცნობია.

ისტორიული მემკვიდრეობა

რედაქტირება
 
კაბრილიოს ძეგლი სან-დიეგოში, კალიფორნია

1913 წელს ნახევარკუნძულ პოინტ-ლომას სამხრეთ ტერიტორიაზე, სადაც მეზღვაურები ჩამოდიოდნენ, დადგეს კაბრილიოს ეროვნული მონუმენტი. 1939 წელს აქ დაიდგა პორტუგალიელი მოქანდაკის, ალვარუ დე ბრეეს, მიერ გაკეთებული ხუან კაბრილიოს ძეგლი. ამ ადგილიდან იშლება ფერწერული ხედი სან-დიეგოს ყურეზე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Antonio de Herrera y Tordesillas. Historia general de los hechos de los Castellanos en las islas y tierra firme del Mar Oceano (Madrid, 1601—1615, 4 vols)
  2. Juan Rodriguez Cabrillo, by Harry Kelsey. Huntington Library Pr; 6th edition (November 15, 1998), ISBN 0873280865
  3. Journal of San Diego History, Summer 1973, Volume 19, Number 3. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-02. ციტირების თარიღი: 2013-01-17.