ხუან დე სალასარ დე ესპინოსა

ხუან დე სალასარ ესპინოსა (ესპ. Juan de Salazar de Espinosa; დ. 1508 — გ.1560) — ესპანელი მკვლევარი, პარაგვაის ქალაქ ასუნსიონის დამფუძნებელი. დაიბადა ბურგოსის პროვინციის ქალაქ ესპინოსა-დე-ლოს-მონტეროსში, მისი ადრეული ცხოვრების შესახებ მცირე ცნობები არსებობს.

ხუან დე სალასარ დე ესპინოსა
დაბადების თარიღი 1508
ესპანეთი
გარდაცვალების თარიღი 1560
ასუნსიონი, პარაგვაი

1535 წლის აგვისტოში მან გაცურა ესპანეთის პორტ სანლუკარ-დე-ბარამედადან (კადისი), როგორც პედრო დე მენდოსას ექსპედიციის წევრმა. ექსპედიცია დაიძრა რიო-დე-პლატას რეგიონისაკენ და იქ ჩავიდა 1536 წლის იანვარში. ბუენოს-აირესის დამაარსებელ პედრო დე მენდოსასთვის დახმარების გაწევის შემდეგ, ხუან დე სალასარ ესპინოსა გაიგზავნა ხუან დე აიოლას მოსაძებნად, რომელიც მანამდე პედრო დე მენდოსამ გაგზავნა მდინარეების პარანისა და პარაგვაის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიების შესასწავლად. მან მოახერხა აიოლას ჯგუფის ერთი წევრის, დომინგო მარტინეს დე ირალას პოვნა პუერტო-დე-ლა-კანდელარიაში, რომელიც დააარსა აიოლამ, 1537 წლის თებერვალში.

აიოლას ძებნის პერიოდში მან დააარსა ციხე მდინარე პარაგვაის აღმოსავლეთ ნაპირზე, რომელსაც უწოდა „ასუნსიონის ღვთისმშობელი“, რადგან ამ დღეს დაემთხვა, 15 აგვისტო, ღვთისმშობლის მიძინების ქრისტიანული დღესასწაული. შემდეგ მან განაგრძო მოგზაურობა აიოლას მოსაძებნად და მხოლოდ ის გაარკვია, რომ იგი მოკლეს გრან-ჩაკოს ინდიელებმა.

ხუან დე სალასარ ესპინოსამ დააარსა პირველი მუდმივი ევროპული დასახლება რიო-დე-ლა-პლატას რეგიონში: ასუნსიონი, რომელიც გახდა პარაგვაის დედაქალაქი. 1544 წელს ის გააძევეს ესპანეთში, თუმცა დაბრუნდა ცხრა წლის შემდეგ, როგორც სანაბრიას ექსპედიციის ლიდერი. გარდაიცვალა 1560 წელს, მის მიერ დაარსებულ ქალაქ ასუნსიონში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება