ხუან დე გრიხალვა
ხუან დე გრიჰალვა (ესპ. Juan de Grijalva; დ. დაახ. 1489 წელს კუელარში — გ. 1527 წლის 21 იანვარს.) — ერთ-ერთი პირველი ესპანელი კონკისტადორი. გრიჰალვას ექსპედიცია, რომლის დროსაც მან აღმოაჩინა მექსიკა, აღწერილია ბერნალ დიასის წიგნში „ახალი ესპანეთის დაპყრობის რეალური ისტორია“.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა ძველ კასტილიაში. მონაწილეობდა თავისი ბიძის, დიეგო ველასკეს დე კუელარის ამერიკაში ექსპედიციაში (1508 წელს მიაღწია ჰაიტის, 1511 წელს კი კუბას).
ველასკესმა გრიჰალვას დაავალა 1518 წელს აღჭურვილი ექსპედიციის მეთაურობა. ექსპედიციის მიზანი იყო ფრანცისკო ერნანდეს დე კორდობას მიერ აღმოჩენილ მიწებთან (იუკატანი) სავაჭრო კავშირების დამყარება. ექსპედიციაში მონაწილეობა მიიღო 170-დან 300-მდე ადამიანმა, რომელთა შორისაც იყვნენ: პედრო დე ალვარადო, ხუან დიასი, ალონსო დე ავილა, ალონსო ერნანდესი, ფრანცისკო დე მონტეჰო და სხვანი.
გრიჰალვამ იუკატანიდან დასავლეთით, სანაპიროს გასწვრივ გააგრძელა გზა და მიაღწია მექსიკის ნაპირს, რომელსაც დაარქვა Nueva España (ახალი ესპანეთი). მან აღმოაჩინა მდინარე ტაბასკო. შემდეგ შეხვდა აცტეკების იმპერატორს, რომლამდეც უკვე მიაღწია ცნობებმა მექსიკის ნაპირებთან მოსული ესპანელების შესახებ. გრიჰალვა მას საკმაოდ მეგობრულად დაშორდა. მან ინდიელებისგან ბევრი ძვირფასი ქვა და ოქრო იყიდა და გაგზავნა ერთ-ერთი თავისი თანამგზავრი, რათა ეცნობებინა ველასკესისთვის თავისი აღმოჩენა, რის შემდეგაც გზა განაგრძო.
როდესაც მიაღწია მდინარე იატასპას, ის უკან გაბრუნდა და 6-თვიანი მოგზაურობის შემდეგ კუბას მიაღწია. გრიჰალვას მიერ აღმოჩენილ ქვეყანაში ახალი ექსპედიციით გაგზავნეს ერნან კორტესი, რომელსაც გრიჰალვას მიერ გაკეთებული აღმოჩენების მთელი დიდება ერგო. ცენტრალური ამერიკის დაპყრობის შემდეგ ის დასახლდა ნიკარაგუაში და მალევე მოკლეს, ტუზელების აჯანყებისას.