ხორბლის შემოტანა საქართველოში
ხორბლის შემოტანა საქართველოში — საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველი დღიდანვე უმწვავეს პრობლემას წარმოადგენდა ქვეყნის სურსათით მომარაგება. მდგომარეობას ამძიმებდა ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლები და სამხედრო კონფლიქტები მეზობელ სახელმწიფოებთან.
1920 წლის ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს რესპუბლიკას ხორბლის სამთვიანი მარაგი გააჩნდა. კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა არმიის გამოკვების საკითხი. მდგომარეობის ნაწილობრივ გაუმჯობესებას ითვალისწინებდა 1920 წლის 14 დეკემბრის „დეკრეტი სამხედრო-სასურსათო ფონდის გასაძლიერებლად სიმინდის შესყიდვის შესახებ“. ევროპის ქვეყნების მიერ საქართველოსთვის შეპირებული სურსათის მიყიდვის პროცედურის დასაწყებად, საქართველოს წარმომადგენლობითი მისიების 1919-1920 წლების საქმიანობა უშედეგო აღმოჩნდა. რაც შეეხება საქართველოს წარმომადგენლობის მეორე განშტოებას, რომელსაც ვასილ დუმბაძე ხელმძღვანელობდა, აშშ-ში გარკვეულ წარმატებას მიაღწია. მისი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი საქართველოს მომარაგების სამინისტროს წარმომადგენლობასა და ნიუ-იორკის კერძო ფირმის 1919 წლის ნოემბერში ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმება. ამ დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს მომარაგების სამინისტრომ 20-მილიონიანი ფრანკის საბანკო კრედიტი გახსნა.
ამ ხელშეკრულებით, ფირმა „შაბრიერ-მორელიკო“ პასუხისმგებლობას იღებდა შეძენილი პროდუქციის უსაფრთხო ტრანსპორტირებაზე ფოთის პორტში მიტანით. ხელშეკრულება ითვალისწინებდა საქართველოსთვის 1 350 ტონა ხორბლის შეძენას, ხოლო მისი ღირებულების სანაცვლოდ, საქართველოს მომარაგების სამინისტროს 100 ათასი კილო აბრეშუმის პარკი ან მატყლი (1 კგ. აბრეშუმის პარკის სანაცვლოდ, 5 კგ. მატყლი) უნდა მიეცა. საქართველოს მომარაგების სამინისტროს ძალისხმევით, 1920 წლის დეკემბრის დასაწყისში, „შაბრიერ მორელიკოს“ პირველ ეტაპზე 62400 კილო პარკი გაუგზავნეს (გემ „ფრიგზე“ 40 ათასი კგ. დაიტვირთა, ხოლო გემ „ტოდლაზე“ 22 ათას 400 კგ.). ზემოაღნიშნული ფირმა დანარჩენ 37600 კილო პარკს მხოლოდ მას შემდეგ მიიღებდა, როცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 1 350 ტონა ხორბალი საქართველოში სრულყოფილად იქნებოდა შემოტანილი. შეპირებული ხორბალი ფოთის პორტში 1921 წლის იანვრის პირველ რიცხვებში შემოვიდა. მისი გემებიდან გადმოტვირთვა, მიწონვა, მატარებლის ვაგონებში განთავსება (76 ვაგონი), მიღებული პროდუქციის სრულფასოვნად შეფასება და მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერა 1921 წლის 20 იანვარს დასრულდა.
ხორბლის დანიშნულებისამებრ გაგზავნა და მოხმარების მიზნით მისი დამუშავების შესაძლებლობის პროცესის განხორციელება, მხოლოდ ამ ოპერაციის დასრულების (1921 წლის 20 იანვარი) შემდეგ გახდა შესაძლებელი. საქართველოში იმ ეტაპზე არსებული სარკინიგზო ტვირთგადაზიდვის შესაძლებლობებს და შესაბამის ტექნოლოგიურ პროცესებს თუ გავითვალისწინებთ, ფოთის პორტიდან ხორბლის ტრანსპორტირება და თბილისის საწყობებში სრულფასოვნად დაბინავება თებერვლამდე ვერ მოხერხდებოდა. ამის შემდეგ უნდა მომხდარიყო მისი დაფასოება და დაფქვა. ფოთის პორტში შემოტანილმა ხორბლის დიდმა მარაგმა და ჯარისთვის პურის მიწოდების გარანტიის შექმნამ ხელისუფლებას შესაძლებლობა მისცა, 1921 წლის 26 იანვარს საქართველოს მოქალაქეების, 1900 წელს დაბადებული ახალგაზრდების, ჯარში გაწვევა გამოეცხადებინა. ამ დოკუმენტით ყველა წვევამდელი მოქალაქე დანიშნულ ადგილზე 1921 წლის 6 თებერვალს, დილის 8-9 საათზე უნდა გამოცხადებულიყო. ამ საქმის ორგანიზება მაზრების შესაბამის უბნებსა და განყოფილებებს ჰქონდა დავალებული. ქვეყანაში მარცვლის ზემოაღნიშნული მარაგის შემოტანამ, სამხედრო შენაერთების ახალი კონტინგენტით შევსება გახადა შესაძლებელი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვადაჭკორია შ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 534.