ხობის მიწერილი სანადირო მეურნეობა
ხობის მიწერილი სანადირო მეურნეობა — მიწერილი სანადირო მეურნეობა საქართველოს სსრ ხობის რაიონში. რაიონის მონადირეთა საზოგადოებაზე მიწერილი იყო 20 000 ჰექტარი სანადირო სავარგული. მას აღმოსავლეთით საზღვრავდა ცხაკაიას რაიონი, დასავლეთით — შავი ზღვა, ჩრდილოეთით — ზუგდიდის რაიონი და სამხრეთით — ფოთის ტერიტორია. სანადირო მეურნეობა, ძირითადად, მდინარეებით დაკავებულ ადგილებში იყო მოთავსებული. ტყეები აქ უმთავრესად ფოთლოვანი იყო. შედარებით ნახევრად მშრალ ნიადაგზე გავრცელებული იყო მარცვლეული კულტურები და სხვადასხვა სახეობის გვიმრა.
სანადირო ობიექტებიდან აღსანიშნავი იყო ხოხობი, შველი, კურდღელი, მაჩვი, ციყვი, კვერნა, ტურა; გადამფრენებიდან — მწყერი, ტყის ქათამი და სხვ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვ. ბურჯანაძე, მონადირის ცნობარი, გვ. 199, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1969.