ხმალა, ხანჯალა, გლადიოლუსი (ლათ. Gladiolus) — მრავალწლოვან გორგლ-ბოლქვიან მცენარეთა გვარი ზამბახისებრთა ოჯახისა. აქვთ სწორმდგომი, დაუტოტავი (ზოგჯერ დატოტვილი) ღერო, მწვანე ან მოცისფრო-მომწვანო შეფერილობის ხაზურ-ხმლისებრი ფოთოლი. ყვავილი ძაბრისებრია და 6 არასწორნაკვთებიანი ყვავილსაფარი აქვს; ყვავილები ლამაზად ყვავის და ფერად ნაირგვარია: თეთრი, ყვითელი, ნარინჯისფერი, წითელი, იასამნისფერი, იისფერი; ყვავილედი ერთ-ან ორმხრივი თავთავია.

ხმალა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ზეგანყოფილება:  ფარულთესლოვნები
განყოფილება:  ყვავილოვნები
კლასი:  ერთლებნიანები
რიგი:  Asparagales
ოჯახი:  ზამბახისებრნი
სახეობა:  ხმალა
ლათინური სახელი
Gladiolus

ცნობილია ხმალას დაახლოებით 250-მდე სახეობა, რომლებიც გავრცელებულია სამხრეთ და ჩრდილოეთ აფრიკაში, ევროპასა და აზიაში. საქართველოში გვხვდება 7 სახეობა. მათგან 1 საქართველოს ენდემია, 1 — კავკასიისა. დეკორატიულ მებაღეობაში ფართოდაა გავრცელებული ჰიბრიდული ხმალა (ლათ. Gladiolus hybridus), რომელიც გამოირჩევა ყვავილობის ხანგრძლივობით, დიდი ზომის ყვავილედითა და ყვავილით, ნაირგვარი ფერადოვნებით. ხმალას იყენებენ ბაღებში, პარკებსა და სკვერებში ყვავილნარების გასაფორმებლად, ყვავილწნულების გასაკეთებლად და სხვა. ხმალა მრავლდება გორგალ-ბოლქვით და შვილეული ბოლქვებით. დეკორატიულ მეყვავილეობაში მიღებულია მისი მრავალი ჯიში და ფორმა.

ბათუმის ბოტანიკური ბაღის მეცნიერმუშაკმა ვ. შანიძემ გამოიყვანა ახალი ჯიშები: „ბათუმის გაზაფხული“, „ვაჟა-ფშაველა“, „პიონერი“, „ჰიბრიდი №1“ და სხვა, რომელთაც საერთაშორისო აღიარება პოვეს.

ლიტერატურა

რედაქტირება