მთავარი მენიუს გახსნა

ხიზანაანთ გორა

(გადამისამართდა გვერდიდან ხიზაანთ გორა)

ხიზანაანთ გორა — მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი შიდა ქართლში, ურბნისის ნაქალაქარის უძველესი სამოსახლო გორა. მდებარეობს სოფ. ურბნისში (ქარელის რაიონი), მტკვრის მარცხენა ნაპირას.

გორა ნამოსახლარს (ზედაპირის ფართობი 340 მ²) ორივე მხრიდან ხევები, ხოლო ჩრდილოეთიდან ხელოვნური თხრილი შემოუყვება.ხიზანაანთ გორა ნაწილობრივ გათხარა ს. ნადიმაშვილმა (1953). 1954 წელს ჩრდილოეთ ფერდობზე გ. ლომთათიძემ გაავლო სადაზვერვო თხრილი. 1960-1964 წლებში მთლიანად გათხარა ურბნისის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (პ. ზაქარაია, ა. ჯავახიშვილი, ი. კიკვიძე). ხიზანაანთ გორაზე გამოვლენილია ადრინდელი ფეოდალური, ანტიკური და ადრინდელი ბრინჯაოს ხანის 12 კულტურული ფენა რომელთა საერთო სისქე 8 მ არწევდა. აღმოჩნდა ადრინდელი ბრინჯაოს ხანის 1 სამარხიც. ამ ხანის 9 ნამოსახლარი ფენიდან (სულ გაითხარა 19 სახლი) ზედა ექვსი თარიღდება ძვ. წ. III ათასწლეულის I ნახევრით. აქ გაითხარა მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელი ოთხკუთხა სახლები, რომელთა ცენტრში თიხის შვერილებიანი კერები აღმოჩნდა. გამოვლინდა კერამიკა, კაჟის ნამგლის ჩასართები და ისრისპირები, ძვლის იარაღი, სპილენძის ჩამოსასხმელი ყალიბები და სპილენძის იარაღი, მ. შ. ნამგლის ნამზადი და სხვა. ხიზაანთ გორის ქვედა 3 კულტურული ფენა ძვ. წ. IV ათასწლეულის II ნახევრით თარიღდება და მტკვარ-არაქსის კულტურის ადრინდელი საფეხურს განეკუთვნება. აქ, ქვევიდან მესამე ფენაში, მრგვალი შენობები გაითხარა. ქვედა ორ ფენაში კი თიხით მოლესილი მრგვალი უშვერილო კერები და სამეურნეო ორმოები გამოვლინდა. ხიზაანთ გორის ჩრდილო-დასავლეთით გაითხარა ადრინდელი ბრინჯაოს ხანის სამაროვანი. ურბნისის გაქალაქების შემდეგ, ელინისტურ ხანაში (ძვ. წ. III-I სს.), ხიზაანთ გორაზე ტაძარი იდგა.

გათხრებით გამოვლინდა 2,75 მ სიგანის საზეიმო კიბის 18 საფეხური, რომელსაც ჩრდილოეთიდან პანდუსი მიუყვებოდა. გაითხარა აგრეთვე სამეურნეო სათავსები, სადაც წითლად გამომწვარი და მოხატული ქვევრებია ნაპოვნი. აღმოჩნდა დიდი რაოდენობით კრამიტი, თიხის ჭურჭელი, ლითონისა და ძვლის ნივთები. ტაძარი ძლიერმა ხანძარმა გაანადგურა. გვიანდელი ანტიკურ ხანაში ხიზაანთ გორას ქვიტკირის კონტრფორსებიანი გალავანი შემოარტყეს. VI საუკუნეში აქ ქალაქის შიდაციხე იყო. გამოვლინდა ალიზის გალავანშემორტყმული დიდი ზომის ექვსსათავსიანი კოშკი (შემორჩენილი სიმაღლე 2,5 მ). კოშკსა და გალავანს შორის მოქცეული ფართობი მოკირყწლული იყო. გალავნის ჩრდილოეთი კედელი ეყრდნობა ქვისსაფეხურებიან კედელს, რომლითაც გამაგრებული იყო გორის ფერდობი. კოშკში მდიდარი არქეოლოგიური მასალა აღმოჩნდა, მ. შ. 10 ცალი სასანური ვერცხლის მონეტა, რომლებიც პეროზის (458-488), კავად I-ისა (488-531) და ხოსრო I-ის (531-579) სახელითაა მოჭრილი. კოშკი, VII საუკუნის დასაწყისში ხანძარს გაუნადგურებია, რის შემდეგაც იგი მიწით დაუფარავთ.

ლიტერატურარედაქტირება

  • გაგოშიძე ი., ქსე, ტ. 11 , გვ. 481, თბ., 1987