ხევის სიონი
ხევის სიონი — IX-X საუკუნეების მიჯნის სამნავიანი ბაზილიკა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონში. ნაგებია სხვადასხვა ზომის ქვის კვადრებით. ფასადების მორთულობა ღარიბულია. ტაძარში დასავლეთ კედელზე შემორჩენილია მოხატულობის კვალი. ეკლესიის მახლობლად, ციცაბო კლდის პირას დგას ოთხსართულიანი, პირამიდისებრი სადარაჯო კოშკი. იქვე, კვარცხლბეკზე აღმართულია მემორიალური ქვა-სტელა, რომელსაც თავდაპირველად ჯვარი აგვირგვინებდა. ერთ ქვაზე შემორჩენილია ღვთისმშობლისა და ჩვილის გამოსახულების ნაშთი. ხოლო ფუძის რვაკუთხა ქვაზე ასომთავრული წარწერაა ამოკვეთილი. ეკლესიის შესასვლელთან ხევის უხუცესთათვის განკუთვნილი ქვის სავარძლები და სკამებია.
2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 379.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-21. ციტირების თარიღი: 2020-02-24.