ხახმატის წმინდა გიორგის ჯვარი
ხახმატის წმინდა გიორგის ჯვარი — საკულტო ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხახმატსა და სოფელ ბისოს შორის. ორივე სოფლის სალოცავია. უჭირავს საკმაოდ მოზრდილი მინდორი და შედგება დარბაზისაგან, საქვაბისა და საკოდისაგან. აქვე მრავლადაა ნახევრად დანგრეული სალოცავი და კოშკები და წმინდა ხეები.
დარბაზი, საქვაბე და საკოდე ფიქლით ნაგებ ერთ ნაგებობაშია მოქცეული. საქვაბეში შესასვლელი სამხრეთ-აღმოსავლეთიდანაა. კარის გვერდით, გარედან, ქვის სკამებია. სათავსი ოთხკუთხაა. კარის გვერდით და მოპირდაპირე კედელში, წყობაში დატანებულია წარწერიანი ქვები.
დარბაზში შესასვლელი ჩრდილო-დასავლეთ კედელშია. ეს სათავსი გეგმით ოთხკუთხაა და შედარებით მოზრდილი, კედლების გასწვრივ აქაც ქვის სკამებია მოწყობილი. შუაში კერაა. ჩრდილო-დასავლეთ კედელში გაჭრილი კარი საკოდეში გასასვლელია. აღნიშნულ სათავსებს შორის იგი ყველაზე პატარაა. დღეს თითქმის მთლიანად დანგრეულია. შენობის ორფერდა სახურავი ჩანგრეულია.
საზარე გეგმით კვადრატულია და ოთხივე მხარეს თითო თაღითაა გახსნილი. ნაგებია ფიქლით. გადახურულია პირამიდული ფორმის სახურავით. თავზე თეთრი ქვა ადევს.
საზარის ახლოს გეგმით ოთხკუთხა, ფიქლის მშრალი წყობით ნაგები ორი პატარა კოშკისებრი ყრუ ნაგებობაა. აქვეა გეგმით ოთხკუთხა, ფიქლის მშრალი წყობით ნაგები წმინდა გიორგის სვეტი — ცალ მხარეს პატარა ნიშით, რომელშიც წმინდა გიორგის ხატი იყო დასვენებული.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯინჭარაძე დ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 357.
- ოჩიაური თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 447-448.
- კიკნაძე ზ., ქართული მითოლოგია, თბილისი: ბაკმი, 2007. — გვ. 246-247, ISBN 978-99940-27-10-1.
- ოჩიაური თ., „ქართველთა უძველესი სარწმუნოების ისტორიიდან“, თბილისი, 1954
- ოჩიაური თ., „გადმოცემები სალოცავთა დაარსების შესახებ“, „მაცნე“, N2, 1974