ხარის გორა
ხარის გორა — ყორღანულ სამაროვანთა კომპლექსი, არქეოლოგიური ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავის საჯარო სკოლის დასავლეთით, ყოფილი ზოლოტნიცკის მამულში, ე. წ. ხარის გორაზე, მდინარე პატარა ლიახვის მარჯვენა ნაპირზე. თარიღდება ადრინდელი ბრინჯაოს ხანით, ძვ.წ. 2500 წლით.
კომპლექსი შეისწავლა გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის 1938-1940 წწ. არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ს. მაკალათია). გაითხარა 3 ყორღანული სამარხი. ყველა სამარხი ქვაყრილიანია, მხოლოდ მეორე და მესამე სამარხი გაერთიანებული ერთიანი ქართული. თამაშების ზომები განსხვავებულია: პირველი ყორღანის დიამეტრი 20 მ-ია, ქვაყრილის ცენტრალური ნაწილის სიმაღლე — 1,1 მ; მეორე ყორღანი პირველთან შედარებით ოდნავ პატარაა; მესამე ყორღანის დიამეტრი 12 მ-ს უდრის, ქვაყრილის ცენტრალური ნაწილის სიმაღლე 0,4 მ. პირველ ყორღანში, ქვაყრილის სხვადასხვა დონეზე, 42 ორმოსამარხია, მეორე და მესამეში — თითო. მიცვალებულები დაკრძალულია სხვადასხვა წესით: გულაღმა, გაშოტილი, გვერდზე, მოკუნტული. ზოგ სამარხში მხოლოდ თავის ქალაა დამარხული. ერთ-ერთ სამარხში აღმოჩნდა ომაიანების დინასტიის 741-742 წწ. ვერცხლის ფული. სამარხებში გამოვლინდა თიხის ჭურჭელი: უმეტესად შავზედაპირიანი და წითელსარჩულიანი, სქელკედლიანი, უორნამენტო ორყურა ჯამები; ლითონის ნივთები: ორმაგი ხვეული ბოლოებგახსნილი სასაფეთქლე ხვიები (3 ცალი), ჯვარედინი ხაზებით შემკული მავთულის რგოლისებრი ბეჭედი და სხვა, ოფსიდიანისა და კავის საჭრისები, საფხეკები, ყუნწიანი ისრის პირები და სხვა. მასალა დაცულია გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ირემაშვილი შ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 88.