ჭყინპო, გარშნეპი, ჩიბუხელა[1] (ლათ. Lymnocryptes minimus) — ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 19-22 სმ, მასა 80 გ აღწევს. გრძელი, წვრილი ნისკარტი აქვს, ზურგი შავია და ლითონისებრი ბზინვარება დაკრავს. თავის ზედა ნაწილი შავია, წინწკლები აყრია და გვერდებზე თეთრი ზოლები დასდევს. მუცელი მოთეთროა. გავრცელებულია ევრაზიის შუა და ჩრდილოეთ ზოლში. საქართველოში გვხვდება მიმოფრენისას, შესაძლოა მცირე რაოდენობა ზამთრობდეს კიდეც. ბინადრობს ჭაობიან ადგილებში ან მდინარეთა დაჭაობებულ, ლელქაშიან ნაპირებზე. დებს 4 კვერცხს. იკვებება მწერებით, მათი მატლებით, ჭიებით, მოლუსკებით. ყველგან მცირერიცხოვანია. სპორტული ნადირობის ობიექტია.