ჭობისხევის ციხე-კოშკები

არქიტექტურული ძეგლი საქართველოში, ქალაქ ბორჯომში

ჭობისხევის ციხე-კოშკები — არქიტექტურული ძეგლი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევში. ჭობისხევის ხეობის მარჯვენა სანაპიროზე კლდეზე, რომლის ბრტყელი მხარე ხევს გადაჰყურებს, მრგვალი კი, ადვილად მისავალი მხრისკენაა და კლდეს ემხრობა. ქვედა ციხის კედლები ამოსავალ ბილიკებს კეტავენ და ზოგან ნახევარწრიული ბურჯებია. კლდის ლოდები ჰორიზონტალურად კირზეა ნაწყობი. არქეოლოგიური ექსპედიციების დროს გამოვლინდა აღნიშნულ ციხეში თონე და წყალსაცავი.

ამგვარი კოშკი, ოღონდ უფრო მცირე ზომისა, არის სოფლის აღმოსავლეთ ნაწილში, აღნიშნული ციხიდან დაახლოებით 700 მეტრზე ხევის დაყოლებით.

ნასოფლარის ზევით, დაახლოები 3 კილომეტრზე, დაბაძველს მიმავალი გზის ჩრდილოეთ მხარეს მესამე კოშკია,ისიც ზურგიანი. ეს კოშკი ბილიკების ჩამკეტად აუგიათ მთის ფერდზე. ამ კოშკის ზომებია: 6 მ×6 მ, კედლის სისქე - 160 სმ. წყობა აქაც თარაზულია, კირზეა ნაგები. ჭობისხევის ციხე-კოშკს არქიტექტურული მონაცემების საფუძველზე, XVII საუკუნით ათარიღებენ. გამაგრებათა ამ სისტემით ჭობისხეველები ცდილობდნენ უკონტროლოდ არ დაეტოვებინათ არც ერთი ბილიკი დაბაძველისა, რომელიც ამ ხეობის ნამდვილი სიმდიდრეა და ძალა თავისი ტბებით (კახისის, წეროს და სხვ.). ტბების ირგვლივ გაშლილი საძოვარი და სათიბები, საიდანაც უმოკლესი გზებია თორისაკენ, საკირისაკენ და კოდიან-ციხისჯვრისაკენ.

პაპუნა ორბელიანის მიხედვით:

ვიკიციტატა
„ქორონიკონსა უმე ... მოვიდა ათასი ლეკი ქვეითი ავალიშვილების მამულში, ხეობაში, აიღეს ყვიბისის ციხე, მერე მოადგნენ ჭობის ხევს, ციხესა, მიეშველა მეფე თეიმურაზ ქართლის ჯარით, დადგა თითონ ქვიშხეთს, უთავა ამილახორი, მიუსივა ჯარი, მიაშველა ციხეს, გაეცალნენ ლეკნი უომრად, მეფე ჩაბძანდა ისევ ქალაქსა თბილისისა, წავიდნენ ეს ლეკნი, წაახდინეს ჯავახეთის ქვეყანა.“

როგორც ვხედავთ, 1757 წელს 1000 ქვეითი ლეკი შემოესია ბორჯომის ხეობას, აუღიათ ყვიბისის ციხე, რომლის შემდეგ მიადგნენს ჭობისხევის ციხეს. თეიმურაზ II თვითონ დადგა ქვიშხეთს და ციხეს მაშველი ჯარი მიაშველა ამილახორის მეთაურობით. ამის შემდეგ ლეკები იძლებული გახდნენ ჭობისხევის ციხეს გასცლოდნენ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბერძენიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან. ზემო ქართლი – თორი, ჯავახეთი, თბ., 1985
  • გელაშვილი ბ., თორის ხეობის თავდაცვითი ნაგებობების ისტორიისათვის, გულანი, ახალციხე 2011
  • გელაშვილი ბ., ბორჯომის ხეობა XI-XIII საუკუნეებში, თბ., 2013.
  • პაპუნა ორბელიანი, `ამბავნი ქართლისანი, ტექსტი დაადგინა, შესავალი, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ელენეცაგარეიშვილმა, თბ., 1981
  • საქართველოს ისტორიის ქრონიკები XVII-XIX სს, ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევები, შენიშვნები დაგანმარტებები დაურთო პროფ. ავთ. იოსელიანმა, თბ., 1980
  • გოგოლაძე თ., ბორჯომის ხეობის ისტორიული და ხუროთმოძღვრული ძეგლები, თბ., 2014, გვ. 56-57