ჭახრაკაული (ლათ. Cerinthe minor) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ლაშქარასებრთა ოჯახისა. მისი ღეროს სიმაღლე 20 — 25 სმ-ს აღწევს,[1] მარტივი ან დატოტვილია, მთელი მცენარე შიშველია, ლეგა.[2] ქვედა ფოთლები ოვალური ფორმისაა, ყუნწებში ვიწროვდება. ღეროსეული ზედა ფოთლები ოვალური ან კვერცხის ფორმისაა, გულისებური ფუძით, ფართოდ ღერომხვევი. ყვავილედი თანაყვავილიანია, გვირგვინი მილისებური, მკრთალი ყვითელი ფერის, ნახევრამდეა გაყოფილი ლანცეტა ფორმის სწორ ნაკვთებად,[2] ხახასთან 5 მეწამული ლაქა აქვს.[1] ყვავილობს და ნაყოფმსხმოიარობს მაის-სექტემბერში.[2]
იზრდება ბუჩქნარებში, ნათესებსა და რუდერალურ ადგილებზე მთის ზედა სარტყელამდე. საქართველოში თითქმის ყველგანაა გავრცელებული, საქართველოს გარეთ — კავკასიის ყველა რაიონში, ხმელთაშუაზღვისპირეთსა და მცირე აზიაში.[1]