ჭაღის მღვიმე
ჭაღის მღვიმე — კარსტული გამოქვაბული საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ბზიფის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 245 მ-ზე, მდინარე შავწყალის აუზში, სოფელ ბლაბურხვის ტერიტორიაზე.
ჭაღის მღვიმე | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | გუდაუთის მუნიციპალიტეტი |
აბსოლუტური სიმაღლე | 245 მ |
სიგრძე | 100 მ |
ამგებელი ქანები | კირქვა |
გამომუშავებულია ცარცულ-პალეოგენურ შრეებრივ კირქვებში. იწყება ვრცელი სადარბაზო შესასვლელით, საიდანაც მღვიმე ორად იტოტება. აღმოსავლური განშტოება ვიწრო გასასვლელებისა და პატარა დარბაზების მორიგეობით 40-45 მ-მდე ვრცელდება და იკეტება ნაღვენთებით გამოვსებული პატარა დარბაზით. უფრო განიერია ჩრდილოეთური განშტოება. მას რამდენიმე მოზრდილი დარბაზი აქვს. მღვიმის ჯამური სიგრძე დაახლოებით 100 მეტრია. ქიმიური ნალექებიდან გვხვდება მოზრდილი სტალაქტიტები, სტალაგმიტები, სვეტები, ფარდები, ჰელიქტიტები, პიზოლითები; მექანიკური ნალექებიდან — ნგრევის ადგილობრივი, საკმაოდ უხვი მასალა, თიხის ნაფენები; ორგანოგენულიდან — გუანო.
ჰავა დინამიურია. ჰაერის ტემპერატურა შესასვლელთან 17 °C-ს აღწევს. მღვიმე მშრალია. ბინადრობენ ობობები, კალიები, კოღოები, ღამურები და სხვა. ჭაღის მღვიმე ადვილი გასასვლელია. არსებობს მღვიმის გეგმა და ჭრილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966