წარწერებისა და სიტყვაკაზმული მწერლობის აკადემია
წარწერებისა და სიტყვაკაზმული მწერლობის აკადემია (ფრანგ. Académie des Inscriptions et Belles-Lettres) — საფრანგეთის ინსტიტუტის ხუთი შემადგენელი ნაწილიდან ერთ-ერთი. დაარსდა 1663 წელს, თანამედროვე სახელწოდებას ატარებს 1716 წლიდან. აკადემიის შესწავლის სფეროებია: ისტორიული ძეგლები და დოკუმენტები, ანტიკური ხანის, შუა საუკუნეებისა და ახალი ევროპული კლასიციზმის ენები და კულტურები, ასევე არაევროპული ცივილიზაციები.[1]
დაარსდა 1663 წელს ლუი XIV-ის დროს ჟან-ბატისტ კოლბერის ინიციატივით. 1805 წლიდან განთავსებულია ინსტიტუტის სასახლეში (ყოფილ ოთხი ერის კოლეჯში). თავდაპირველად ეწოდებოდა „წარწერებისა და მედლების აკადემია“ და მისი საქმიანობა იყო ლათინური და ფრანგული წარწერების შედგენა სამეფო შენობებზე, მედლებსა და მონეტებზე განსათავსებლად. 1716 წელს აკადემიამ მიიღო თავისი დღევანდელი სახელწოდება. მისი შესწავლის სფეროში მოექცა ის საკითხები, რომლებიც დღემდე აქტუალურია აკადემიისათვის. ნაშრომები ეხება ისტორიას, არქეოლოგიას, ხელოვნებათმცოდნეობას, ფილოლოგიას, ენათმეცნიერებას, ლიტერატურას, იდეის ისტორიას, ასევე მომიჯნავე დისციპლინებს (ეპიგრაფიკა, ნუმიზმატიკა, დიპლომატიკა და სხვ.).[2]
თავისი წესდების შესაბამისად, წარწერებისა და სიტყვაკაზმული მწერლობის აკადემია რეგულარულად ანიჭებს პრემიებს საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომებს სამეცნიერო საქმიანობის წახალისებისა და მსოფლიოში მისი ავტორიტეტის ამაღლების მიზნით. აქტიური საგამომცემლო საქმიანობით საფრანგეთში სამეცნიერო პუბლიკაციების ერთ-ერთ უმსხვილესი ცენტრია. როგორც სახელმწიფო ორგანიზაცია, იგი კონსულტანტისა და ექსპერტის როლში გამოდის მთავრობასთან მისი კომპეტენციის სფეროში შემავალ საკითხებზე. გარდა ამისა, ახორციელებს კონტროლს საზღვარგარეთ არსებულ ფრანგულ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებზე და იძლევა გამოხმაურებებს იმ კანდიდატებზე, რომლებიც პასუხსაგებ თანამდებობებზე არიან წამოყენებულნი ფრანგულ უმაღლეს სასწავლებლებსა და მსხვილ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში.[2]
1665 წლიდან აკადემია გამოსცემს მსოფლიოში უძველეს სამეცნიერო ჟურნალს „Journal des savants“ („მეცნიერთა ჟურნალი“).[2] აგრეთვე გამოიცემა შრომების კრებულები: „ანგარიშები“ («Comptes rendus», 1857 წლიდან), „ჩანაწერები“ («Mémoires», 1803 წლიდან), „ცნობები და ამონაწერები“ («Notices et Extraits», 1787 წლიდან).[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Мартынов, Д. Е.. Академия надписей и изящной словесности ru. Большая российская энциклопедия (28 ნოემბერი, 2022). ციტირების თარიღი: 18 სექტემბერი, 2024
- ↑ 2.0 2.1 2.2 Презентация Академии. Académie des Inscriptions et Belles-Lettres. ციტირების თარიღი: 18 სექტემბერი, 2024
- ↑ Черкасов П. П. Институт Франции // Большая российская энциклопедия. т. 11. — М., 2008. — стр. 411.