ძველი უბნის საცხოვრებელი სახლი

ძველი უბნის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურის ძეგლი, დგას ძველ უბანში, დაბა სტეფანწმინდის აღმოსავლეთ ნაწილში. თარიღდება XVII-XVIII საუკუნით.

შენობა (9,5 x 15,2 მეტრი) ორსართულიანია, ძველი საცხოვრებელი სახლის ტიპისა. ნაგებია არათანაბარი ზომის ქვიშაქვითა და ფიქლით. ორივე სართულზე დასავლეთ კედელში თაღოვანი შესასვლელებია გაჭრილი. პირველ სართულზე ბოსელია (ქოითაი), რომელიც გატიხრულია სათავსებად (საძროხე, სახბორე, საბერწეხარებისა და მოზვრების სადგომი, საცხვრე და საბატკნე). ამ სართულის დიდ ნაწილს ზამთრობით საცხოვრებლად იყენებდნენ. დასავლეთის კედელში, კარის მარცხნივ, ორი სწორკუთხა სარკმელია. სარკმლები ფასადზე ვიწრო სწორკუთხა ხვრელების სახით გადის. მესამე სარკმელი ჩრდილოეთ კედელში, სართულშუა გადახურვის ძირშია გაჭრილი. იატაკი მიწისაა. ბოსელს წინიდან, მთელ სიგრძეზე ეკვრის მინაშენი (ქოით დარიფანი), რომელიც შედგება საცხენისა და მისგან კედლით გამოყოფილი სათავსისგან. ეს სათავსი თავდაპირველად ახლად დაქორწინებულთა დროებითი (ერთ წლამდე) სადგომი (საწვლაი-საწოლი) იყო. შემდგომ - საქონლის მომვლელის მუდმივ საძინებელ ოთახად იქცა. საცხენე სათავსს უკავშირდება სწორკუთხა კარით, ბოსელს - თაღოვანი კარით.

მეორე სართული (ზაით სახლი) ზემოთკენ თანაბრად ვიწროვდება, რითაც შენობა კოშკურ სახლს ემსგავსება. სართული გაყოფილია რამდენიმე სათავსად: კარსუკენაი, სადაც ინახებოდა სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი, ხელსაწყო-იარაღები, ცხენის აღკაზმულობა; კუთხი, სამატყლაი — ტყავისა და მატყლის შესანახი; სენა, სადაც ინახავდნენ სურსათს და სამყოფო - ყველაზე დიდი სათავსი - ოჯახის საცხოვრებელი ოთახი. კუთხისა და სენის ჭერში თითო სარკმელია გაჭრილი, დასავლეთ კედელში — სამი. დასავლეთ სარკმელები მცირე ზომისაა და ჭადრაკულადაა განლაგებული. კარსუკანა - კუთხისა და სამყოფიო სენის გამტიხრავი ხაზი ემთხვევა გადახურვის მთავარი კოჭის ხაზს. სახლის განივ კედლებთან, პირველი სართულიდან მეორე სართულის ჭერამდე, ამოყვანილია ქვის ბურჯი (კულა), რომელსაც ეყრდნობა მთავარი ჭაღის ერთი ბოლო. სახლი განსხვავდება ხევის ამავე ტიპის საცხოვრებელი სახლებისგან, სადაც ბურჯი ხის დგარებს შორის დგას. გადასახურავი მალის შუაში ხის ორი საყრდენი დგარია (დიამეტრი-25 სანტიმეტრი), რომლებიც დამკვიდრებულია პირველი სართულის იატაკზე. დგარები შეჭრილია სართულშუა გადახურვაში და ასრულებს მეორე სართულის ჭერის მთავარი კოჭის დამხმარე დგარების დანიშნულებას. პირველი სართული მეორეს უკავშირდება ქვის კიბით, ასვლა შეიძლება პირველი სართულის ერდოდანაც ხის მისადგმელი კიბით. დასავლეთის ფასადზე სარკმლები მოჩარჩოებულია საგანგებოდ შერჩეული შედარებით ღია ფერის ქვებით. სახლს ხის კოჭოვანი ბანური გადახურვა აქვს. სახლი ეკუთვნის ნ. ღუდუშაურს.

ლიტერატურა

რედაქტირება