ცხრაკარას სასახლე
ცხრაკარას სასახლე — მდებარეობს ქალაქ ახმეტის განაპირას, ჩრდილოეთით, მდინარე ალაზნის პირას, მარჯვენა ნაპირზე. განეკუთვნება XVII საუკუნის მეორე ნახევარს.
სასახლე ერთსართულიანი ყოფილა, ნაგებია რიყის ქვით. კარ-სარკმელთა წყობაში და სარკმლებს შორის, ერთ რიგად ნაწყობი აგურის შრეებია ჩართული. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილი კედლები 1,8-2,3 მეტრის სიმაღლეზეღა დგანან. სასახლე ერთ რიგად განლაგებული ექვსი, თითქმის თანაბარი ზომის ოთახისგან შედგება, რომელთა შორის განაპირებს, ეზოს მხარეს თითო კვადრატული ოთახი ეკვრის. შესასვლელი უკანა კედელშია, ცენტრალურ დიდ ოთახში, მდინარე ალაზნის მხარეს. შესასვლელის გვერდებზე ორ-ორი ფართო და მაღალი სარკმელია. მსგავსი ოთხი სარკმელი ეზოს მხარესაცაა. დანარჩენ ოთახებს ეზოს მხარეს ორ-ორი სარკმელი აქვთ. მომიჯნავე ოთახები ერთმანეთთან თითო შესასვლელითაა დაკავშირებული. ექვსი ძირითადი ოთახიდან თითოეულში, თითო ბუხარია, ან უკანა კედელში, ან ეზოს მხარეს, სარკმლებს შორის.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 42.