ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჩხვიკთას ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხიკვთაში.

ეკლესია დგას მდინარე ალგეთის მარჯვენა ნაპირზე, კაშხლის თავზე. დარბაზული ეკლესია ნაგებია ადგილობრივი ფლეთილი ქვით და შეპერანგებულია კარგად ნათალი კვადრებით. დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე. შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდან აქვს. სარკმლებიდან შემორჩენილია აღმოსავლეთის და დასავლეთის, რომლებიც თაღოვანი ყოფილა (საპირეები მოცლილია და იქვე ყრია). კედლები სრულდებოდა ლილვისა და წრეთარგისგან შედგენილი ქვის ლავგარდნით, რომელშიც როგორც ჩანს შეკეთების დროს, შერეული ყოფილა რამდენიმე ყვითელი ფერის ქვაც. ნახევარწრიული აფსიდა მხრითაა გამოყოფილი დარბაზისგან. აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს ქვედა დონეზე ორი სწორკუთხა ნიშაა გაკეთებული. კონქის ფეხთან წყობის შემსუბუქების მიზნით და რეზონატორებად თიხის ჭურჭელია ჩასმული. კონქი გარეთ გამობერილ წრეთარგის ფორმის იმპოსტებზე გადაყვანილ თაღზეა დაბჯენილი. ასეთივე ფორმის თითო იმპოსტი დარბაზის გრძივი კედლების შუაშია გაკეთებული, რომლებსაც ეყრდნობოდა კამარის საბჯენი თაღი. ინტერიერის ნაშალი მასითა და ჯაგნარით დაფარვის გამო, რიგი დეტალები გაწმენდის გარეშე არ ირკვევა. ტაძრის ფასადები სრულად შემოძარცვულია პერანგისგან. ამიტომ მისი მორთულობის დეტალებიც არ ირკვევა. ერთადერთი რელიეფური ფილა დასავლეთ კედლის ძირში დევს, რომელიც ფრონტონის ქვას წარმოადგენს და რომელზეც მოცემულია XI საუკუნის რელიეფებისთვის მახასიათებელი კიდეებშეკბილული ჯვრის რელიეფური გამოსახულება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 45683