ჩვეულებრივი ხვლიკიჭამია გველი (ლათ. Malpolon monspessulanus) — დიდი ზომის გველი ანკარასებრთა ოჯახისა. აღწევს 170 სანტიმეტრს. ზურგი შეფერილია მონაცრისფრო-მოლურჯო ფერად, გასდევს განივი ზოლები, მუცელი — ყვითელია. გავრცელებულია ამიერკავკასიაში. ბინადრობს მშრალ, ქვიან ადგილებში. იკვებება წვრილი მღრღნელებით, ხვლიკებით, გველებით. განსაკუთრებით ხშირად ნადირობს ველის გველგესლაზე. იგი გველს შხამით ადამბლავებს, შემდეგ კი მთლიანად ყლაპავს. ერთ ასეთ გველს საათში შეუძლია 2-3 გველგესლას გადაყლაპვა. ნადირობის დროს იყენებს შხამიან ეშვებს, რომელიც ზედა ყბის უკანა ნაწილში მდებარეობს. შხამი ხვდება ნადავლის ორგანიზმში და იწვევს მის პარალიზებას. შხამი შეიცავს — ფოსფოდუესტერაზას, მჟავე და ტუტე ფოსფატაზას, ფოსფოლიპაზა A2 და კაზეინაზას. წვრილი მღრღნელები კბენიდან რამდენიმე წუთში იღუპებიან. ხვლიკიჭამია გველი საფრთხის დროს თავს გაქცევით შველის, ზოგჯერ კი ძლიერ აგრესიულია — იკბინება და ადამიანებში შეიძლება გამოიწვიოს მოწამლის ნიშნები.