ჩეგოლის ლოდებიერატიკული ლოდები საქართველოში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ხობისწყლის ზემო დინების მარცხენა შენაკადის — ჩეგოლის ხეობაში, ეგრისის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1900–1950 მ სიმაღლეზე.[1]

ნეოკომური კირქვების იზოლირებული შთენილი მასივიდან — მთა ჩეგოლიდან (2928,5 მ) ჩამოგორებული და ჩეგოლის ძველი მყინვარის მიერ გადაადგილებული კირქვის ლოდები ხეობის ფსკერზეა განლაგებული. დიდი (რამდენიმე მეტრი სიგრძის მქონე) ლოდები აქ დაახლოებით ათეულამდეა. ლოდები ყოფილი გამყინვარების უტყუარი საბუთია. ერატიკულ ლოდებზე ფლორა განსხვავებულ ხასიათს ატარებს და შეიცავს სამხრეთი კოლხეთისათვის დამახასიათებელ სახეობებს.[2]

ჩეგოლის ლოდებს მიაკვლია პროფესორმა ლევან მარუაშვილმა. მკვლევრის აზრით, ეს „გიგანტები“ ხეობის ფსკერზე ნეოკომური კირქვების იზოლირებული შთენილი მასივიდან — მთა ჩეგოლიდან ძველი მყინვარის მიერ მათი გადაადგილების შედეგია.[3]

მისასვლელი გზა ჩხოროწყუდან ხობისწყლის ხეობის აღმა ასვლით ჩეგოლამდე თითქმის შეუძლებელია. ჩეგოლის ხეობაში მისასვლელად საჭიროა მოვლა ტეხურის ხეობაზე (ლებარდეს საავტომობილო გზით), საცხენე ბილიკით ჩეგოლის უღელტეხილის გადალახვა და ჩეგოლის ხეობაში ზემოდან ჩასვლა.[2]

  1. კობა ხარაძე. საქართველოს ბუნების ფენომენები, თბ., 2014
  2. 2.0 2.1 „საქართველოს სსრ წითელი წიგნი“, გამომცემლობა «საბჭოთა საქართველო», თბ., 1982.
  3. Маруашвили Л. И. Древнее оледенение южных склонов Мегрельского хребта. Тб., 1959.