ჩაჩხრიალის წმინდა გიორგის ეკლესია
ჩაჩხრიალის წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაჩხრიალაში, დგას სოფლის სამხრეთ-დასავლეთით 400-500 მეტრზე, ტყეში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
ეკლესია დარბაზულია (4,4 X 3,8 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. წყობა ირეგულარულია. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: განივ კედლებში მთელ სიმაღლეზე ფართო ბზარებია, ჩამოშლილია საპირე წყობის მნიშვნელოვანი ნაწილი და ლავგარდანი, ასევე ჩამოშლილია ფიქალის სახურავიც. ეკლესიაში შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი სწორკუთხაა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე მცირე ზომის სწორკუთხა სარკმელია, რომლის ქვემოთ, კედელზე, მიდგმულია ნატეხი ქვით ნაგები ოთხწახნაგა ტრაპეზი. აბსიდში ორი პატარა ნიშია. საკურთხეველი გადახურულია უსწორმასწორო, ქვადუღაბის სხმული კონქით. კონქის და კამარის ორივე ქუსლი რამდენადმე კედელშია შეჭრილი, რის გამოც აბსიდის მთელ პერიმეტრზე და გრძივი კედლების მთელ სიგრძეზე მცირე საფეხური იქმნება. დასავლეთ კედელში ერთი სწორკუთხა სარკმელია.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 159.