ჩარინის კანიონი (ყაზახ. Шары́н) — მდინარე ჩარინის გასწვრივ 154 კმ-ზე გადაჭიმული კანიონი ყაზახეთში. მდებარეობს ქალაქ ალმათიდან აღმოსავლეთით 195კმ-ზე, ჩინეთის საზღვრის სიახლოვეს. კანიონი შედის 2004 წლის 23 თებერვალს შექმნილი ჩარინის ეროვნული პარკის ტერიტორიის შემადგენლობაში.

ჩარინის კანიონი

ჩარინის კანიონი დანალექი ქანებისგან აგებული ბუნების ძეგლია, რომლის ასაკი 12 მილიონი წელია. კანიონის კლდეების სიმაღლე 150-300 მეტრს შეადგენს.

ტურისტებისთვის განსაკუთრებით საინტერესო ადგილია ე.წ. „სასახლეების ველი“, რომლის სიგრძე 2 კნ, ხოლო სიგანე 20-80 მეტრია.

კანიონის წიაღში შემონახულია იფნის რელიქტური სახეობის კორომი, რომელიც გამყინვარების პერიოდს გადაურჩა. მეორე მსგავსი კორომი მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაშია. 1964 წლიდან იფნის კორომი ბუნების ძეგლად გამოცხადდა. აგრეთვე დიდ ინტერესს იწვევს აზიური ალვის ხეების კორომი.

ჩარინის კანიონის ლანდშაფტური მრავალფეროვნება განპირობებულია ფლორისა და ფაუნის ნაირგვარობით. აქ წარმოდგენილია 1500-ზე მეტი სახეობის მცენარე, საიდანაც 17 ყაზახეთის წითელ წიგნშია შეტანილი და 62 სახეობის ძუძუმწოვარი, 103 სახეობის ფრინველი, 25 სახეობის ქვეწარმავალი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება