შუახმელეთის მცენარეების სია
აქ მოცემულია იმ მცენარეების სია, რომლებიც აღწერილია ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის ლეგენდარიუმში.
ხეები
რედაქტირებამელორნი
რედაქტირებამელორნი — იგივე ლოთლორიენის ოქროს ხე. მელორნი იყო უდიდესი და ულამაზესი ხე. მას ჰქონდა გლუვი და ვერცხლისფერი ქერქი. შემოდგომაზე მისი ფოთლები ოქროსფრად იღებებოდნენ. მელორნის ფოთლები მთელი ზამთრის განმავლობაში ოქროსფრად ეფინებოდნენ ტოტებს, გაზაფხულზე კი მიწას ფარავდნენ ოქროს ხალიჩასავით. ამ ფოთლებს, ზედა მხარე მწვანე ჰქონდათ და ქვედა ვერცხლისფერი. გაზაფხულზე კვირტებიდან ლამაზი ოქროსფერი ყვავილები იფურჩქნებოდნენ.
მელორნი გაიზარდა უკვდავ მიწებზე, კუნძულ ტოლ-ერესეაზე. იგი ასევე ყვავობდა ბელერიანდის სამეფო გონდოლინშიც. უკვდავი მიწების ელფებმა ჩამოუტანეს საჩუქრად ნუმენორელებს მელორნის ნერგები, რომელნიც დარგეს შემდგომში ელდანას ყურის ნაპირებზე.
ნუმენორის მეექვსე მეფემ - ტარ-ალდარიონმა, მელორნის ხის ვერცხლისფერი კაკალი საჩუქრად უბოძა გილ-გალადს შუახმელეთიდან. მელორნმა ვერ გაიდგა ფესვები ლინდონში. გალადრიელმა (ლოთლორიენის დედოფალმა) ჩამოიტანა რამდენიმე კაკალი ლოთლორიენში და იქ დარგო. მისი სიყვარულისა და მზრუნველობისგან, ლორიენში უზარმაზარი ხეები გაიზარდნენ და აყვავდნენ. ამის შემდეგ ლოთლორიენს ეწოდა ოქროს ტყე.
ლოთლორიენის დედაქალაქი, კარას გალადონი გაშენდა უზარმაზარი მელორნის ხეების ტოტებზე. როდესაც საძმოს წევრები ესტუმრნენ ოქროს ქალაქს 3019 წელს, მათ ღამე გაატარეს მელორნის ხის ტოტზე გაკეთებულ ბინაში. პირველმა ვინც იგრძნო, რომ ხე ცოცხალია და მასში სიცოცხლე ჩქეფს, ეს იყო ფროდო ბეგინსი.
ლოთლორიენის ელფებმა საძმოს მელორნის ფოთოლში შეხვეული ლემბასი მისცეს საგზლად. გალადრიელმა სემი დაასაჩუქრა პატარა კოლოფით, რომელშიც ინახებოდა ნიადაგი მელორნის ხის კაკლის შემცველობით. ბეჭდის ომის შემდეგ, სამშობლოში ჩამოსულმა სემმა დარგო კაკალი წვეულებათა მინდორში, იქ, სადაც ადრე იდგა წვეულებათა ხე. მესამე ეპოქის 3020 წლის გაზაფხულზე, ამ ადგილას გაიზარდა ხე ვერცხლისფერი ქერქითა და გრძელი ფოთლებით. 6 აპრილისათვის გაიფურჩქნენ ოქროსფერი ყვავილებიც. წვეულებათა მინდორში დარგული მელორნი გაიზარდა და გახდა შუახმელეთის ხეთა შორის ულამაზესი. მის სანახავად ჩამოდიოდნენ სხვადასხვა მიწების ბინადრები ასეულ-ათასობით მილის გავლით.
მელორნი ნიშნავს ოქროს ხეს – მალ- ოქრო; ორნ – ხე, მრავლობითში მელორნი გამოითქმის როგორც მელირნ, თუმცა მელორნის ხეებიც ხშირად იხმარება, როგორც მრავლობითი. ქუენიურზე მელორნი იქნება მალინორნე და მრავლობითში მალინორნი. სინდარულზე კი მალთორნ.
ცალკეული მცენარეები
რედაქტირებავალინორის ორი ხე
რედაქტირებაორი ხე — ტელპერიონი და ლაურელინი, ვერცხლის და ოქროს ხეები. ისინი ვალართა მიწაზე, უძველეს დროს შეიქმნა. მელკორისა და უნგოლიანტის მიერ განადგურების შემდეგ მათი უკანასკნელი ნარჩენები ვალარების მიერ გადაქცეული იქნა მთვარედ და მზედ.
წვეულების ხე
რედაქტირებაწვეულების ხე — ბეგ ენდის ხე, რომელთანაც ბილბო ბეგინსმა თავის გამოსამვიდობებელ წვეულებაზე (მისი და ფროდოს დაბადების დღეზე 3001 წლის 22 სექტემბერს) სიტყვით გამოვიდა და შემდეგ გაქრა.
ხე იდგა მაგიდის თავთან. მის ტოტებზე ლამაზად ჩამოკიდებულიყვნენ ფანრები და მთელ წვეულების ადგილს ანათებდნენ. ბილბო იდგა სკამზე და სტუმრებს სამადლობელოსთან ერთად ატყობინებდა მაზრიდან წასვლის შესახებ.
როდესაც სემუაიზ გემჯი დაბრუნდა დიდი ლაშქრობიდან, 3019 წლის ნოემბერში, წვეულების ხე დახვდა გადაჩეხილი. ჰობიტმა დარგო გალადრიელის ნაჩუქარი მელორნის კაკლები და 3020 წლის გაზაფხულზე ხე გაიზარდა და აყვავდა.
ეს იყო მელორნის ერთადერთი ხე, მთების დასავლეთითა და ზღვის აღმოსავლეთით, რომლის სანახავად ათასობით მილის გავლით ჩამოდიოდნენ სხვადასხვა მიწების მკვიდრნი.
თეთრი ხეები
რედაქტირებაკელებორნი
რედაქტირებაკელებორნი — კუნძულ ტოლ-ერესეას თეთრი ხე. იგი აღმოცენდა გალათილიონის თესლისგან, ხისგან რომელიც იდგა ტირიონში, უკვდავი მიწების დედაქალაქში. იგი შექმნა ვალა იავანამ ტირიონის ელფებისათვის, მსგავსად ვალინორის მანათობელი ხის - ტელპერიონისა.
კელებორნის ნერგი დარგეს ტოლ-ერესეას ცენტრში, ყურე ელდანას მახლობლად. როდესაც შეიქმნა ნუმენორი, მეორე ეპოქის დასაწყისში, ელფებმა უკვდავი მიწებიდან, ნუმენორელებს აჩუქეს კელებორნის ნერგი, რომლისგანაც შემდგომ გაიზარდა ნიმლოთი.
ნიმლოთი იყო სიმბოლო ორ რასას შორის ჩამოყალიბებული მეგობრობისა. ის იზრდებოდა მეფის კარზე, ეზოში, ნუმენორის ქალაქ არმენელოსში. ღამით ნიმლოთი ისხამდა ულამაზეს ყვავილებს, რომელთა სურნელი მთელი ღამის განმავლობაში მოსდებოდა ქალაქს; შემოდგომაზე ხე ისხამდა უგემრიელეს ხილის ნაყოფს. ნუმენორის ადრეულ პერიოდში ნიმლოთს უვლიდნენ და თაყვანს სცემდნენ. დროთა განმავლობაში ნუმენორელებისა და ელფების ურთიერთობა დაიძაბა და ამას მსხვერპლად მოჰყვა თეთრი ხეც. არ-გიმილზორის, ნუმენორის XXIII ხელმწიფის, მეფობის დროს, ყველასაგან მივიწყებული ნიმლოთმა დაიწყო ხმობა.
არ-გიმილზორის მემკვიდრემ, ტარ-პალანტირმა, მოინანია თავისი წინაპრის ცოდვები და გადაწყვიტა თავიდან დაერგო და აეყვავებინა თეთრი ხე. მან იწინასწარმეტყველა, რომ ნიმლოთის დაღუპვასთან ერთად ნუმენორის მეფეების ხაზსაც მოეღებოდა ბოლო.
არ-ფარაზონმა, ნუმენორის უკანასკნელმა ხელმწიფემ, საურონი დაატყვევა და ჩამოიყვანა ნუმენორში პატიმრად, თუმცა მალევე საურონმა გარყვნა იგი და თავის მხარეს გადმოიბირა. რადგანაც ნიმლოთი ვალარების შექმნილი, მანათობელი ხეების შთამომავალი იყო, საურონმა მოისურვა, რომ არ-ფარაზონს მოეჭრა იგი. ნუმენორის მეფეს ახსოვდა ტარ-პალანტირის წინასწარმეტყველება და ამიტომაც უკან დაიხია.
ისილდურმა, ელენდილის უმცროსმა ვაჟიშვილმა მოიპარა ნიმლოთის ნაყოფი. თუმცა ძვირად დაუჯდა ეს საქციელი, რადგან სასიკვდილოდ იქნა დაჭრილი მცველის მიერ. როდესაც ნაყოფი დარგეს და ხემ აყვავება დაიწყო, ისილდური სრულიად გამოჯანმრთელდა.
არ-ფარაზონმა, მაინც მოჭრა თეთრი ხე და დაწვა საურონის მიერ აშენებულ ტაძარში, საკურთხეველზე გაჩაღებულ კოცონზე, არმენელოსში. ბოლისაგან წამოსული ღრუბელი ნუმენორის ცას კარგა ხანს ფარავდა და შვიდი დღის შემდეგ ნელ-ნელა გადაინაცვლა დასავლეთით უკვდავი მიწებისაკენ.
მეორე ეპოქის 3319 წელს არ-ფარაზონი თავს დაესხა უკვდავ მიწებს და ვალარებმა ნუმენორი გაანადგურეს. გადარჩნენმხოლოდ ერთგულნი, მათ შორის ისილდურიც, რომელმაც ჩამოიტანა ნიმლოთის ნერდგი შუახმელეთში და თავდაპირველად დარგო მინას ითილში. საურონმა შუახმელეთშიც შეაღწია, დაიპყრო მთვარის სასახლე და ხეც გაანადგურა. ისილდურმა ნიმლოთის ნაყოფი გადაარჩინა და დარგო იგი მინას ანორში. მას შემდეგ ნიმლოთი იწოდებოდა გონდორის თეთრ ხედ.
გონდორის თეთრი ხე
რედაქტირებაგონდორის თეთრი ხე — გონდორის სიმბოლო. გალათილიონის შთამომავალი, რომელის ნერგიც მეფე ისილდურმა ჩამოიტანა შუახმელეთში. მრავალი წლის შემდეგ, როდესაც გონდორს მეფეების ნაცვლად მოურავები მართავდნენ, თეთრი ხე დაჭკნა და განადგურდა. ასე იდგა ის მეფის ეზოში მანამ, სანამ არაგორნმა - მეფე ელესარმა არ იპოვა ახალგაზრდა ხე და მეფის კარზე, სასახლის ეზოში გადმოიტანა იგი. ამის შემდეგ თეთრი ხე არასოდეს დამჭკნარა.
თეთრი ხე გაიზარდა მინას ანორის (მოგვიანებით მას ეწოდა მინას ტირითი) ეზოში, ყველაზე ამაღლებულ ადგილას, შადრევანთან. ხეს ესხა გრძელი ფოთლები, ზედა ნაწილი შეფერილიყო მუქ მწვანედ, ქვედა კი ვერცხლისფრად. მასზე თეთრი ყვავილები ხარობდნენ. სამეფეო ღერბზე გამოსახული იყო თეთრი ხე შავ ფონზე, ზევიდან შვიდი ვარსკვლავითა და გვირგვინით - ელენდილის მემკვიდრეთა სიმბოლოებით.
1636 წელს გონდორს შავი ჭირი მოედო და უამრავი სიცოცხლე წაიღო თან, მათ შორის მეფე ტელემნარისაც. ხე კვლავ მოკვდა და რომ არა ტელემნარის ძმის შვილი, ტარონდორი, რომელმაც ხის დარჩენილი ცოცხალი ნაწილი გადარგო სამეფო ეზოში, ციტადელთან 1640 წელს. მეფეების ხაზი დასრულდა 2050 წელს; ამის შემდეგ ხე იშვიათად ისხავდა ნაყოფს და საბოლოო გახმა.
2872 წელს გონდორის მოურავი ბელექთორ II გარდაიცვალა; თეთრი ხეც დაჭკნა და ასე იდგა ის გონდორის ჭეშმარიტი მეფის დაბრუნებამდე, მეფის ეზოში, შადრევანთან.
არაგორნ II, ისილდურის მემკვიდრე, გონდორში დაბრუნდა 3019 წლის 15 მარტს. მან ააფრიალა, მისი მიჯნურის - არვენის მიერ გაკეთებული ემბლემა - შავ ფონზე გამოსახული თეთრი ხე, ზევიდან შვიდი ვარსკვლავითა და გვირგვინით. ბეჭდის ომის შემდეგ, არაგორნი ტახტზე ავიდა და გახდა გაერთიანებული სამეფოს არნორისა და გონდორის მეფე.
25 ივნისს არაგორნმა აიყვანა განდალფი მინდოლუინის მთაზე, სადაც აჩვენა ახალგაზრდა თეთრი ხე, რომელიც წამოზრდილიყო და სიმაღლით სამ ფუტს აღწევდა, ასაკით სავარაუდოდ 7 წლის იქნებოდა. მკვდარი და დამჭკნარი ნიმლოთი გადაიტანეს ”სიჩუმის ქუჩაზე”, სადაც იყვნენ დასვენებული გონდორის მეფეები და მოურავები, ხოლო ახალგაზრდა ხე გადარგეს მეფის ეზოში, შადრევანთან. თეთრი ხე გახდა გაერთიანებული სამეფოს, არნორისა და გონდორის სიმბოლო.
სიტყვა კელებორნი (Celeborn) ნიშნავს ”ვერცხლის ხეს”. ფუძე celeb - ”ვერცხლი” და orn -”ხეს”.
ნიმლოთს აგრეთვე უწოდებდნენ ”ნიმლოთ მშვენიერსა” და ”თეთრ ხეს”. სინდარულად ნიმლოთი ნიშნავს ”თეთრ ყვავილს” (Nimloth-ის ფუძე ”nim”- თეთრი და ”loth” - ყვავილი). ქუენიურზე მას ეწოდებოდა ”Ninquelótë”, ანუ ტელპერიონის წინაპარი.
თეთრ ხეს ასევე უწოდებდნენ სამეფო ეზოს ხეს.
სხვა ნაირსახეობები
რედაქტირებაათელასი
რედაქტირებაათელასს სამკურნალო თვისებები აქვს. მცენარეს გრძელი ფოთლები აქვს და მოტკბო-მომწარო სურნელი გააჩნია, რომელიც ავადმყოფზე ძლიერ გამაჯანსაღებელ ეფექტს ახდენს. იგი ხარობს ძირითადად ჩრდილოეთში და მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც დასავლეთის ხალხები დაიდებდნენ ბინას.
ათელასს იყენებდნენ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებადაც[1]. ეს მცენარე ხელს უშლიდა ნაზგულის შავი სუნთქვის გავრცელებას ადამიანზე და ამით მის განადგურებას. მას თავისი ნამდვილი ძალის გამომჟღავნება მხოლოდ მეფე ელენდილის ნამდვილი მემკვიდრის ხელში შეეძლო.
ათელასი შუახმელეთში ჩამოტანილია ნუმენორელების მიერ, მეორე ეპოქაში. მესამე ეპოქის დასასრულისთვის, ამ მცენარის თვისებების შესახებ ინფორმაციას ჩრდილოელ მოხეტიალეთა გარდა, არავინ ფლობდა. გონდორში, მაგალითად, მას მხოლოდ და მხოლოდ ჰაერში სურნელის გასაფანტად იყენებდნენ.
ასწლეულების შემდეგ, ელენდილის ერთადერთმა მემკვიდრემ, არაგორნ II-ემ, მინას ტირითში, გონდორის დედაქალაქში, სამკურნალო სახლში ათელასით განკურნა ის ხალხი, რომელთაც პელენორის მინდვრებზე, ნაზგულთა შავი სუნთქვა შეეხო. თავდაპირველად მან მიმართა ექიმ ქალს იორეთს თხოვნით, რომ მისთვის მოეტანა ბალახი სახელწოდებით „მეფის ბალახი“, როგორც უწოდებდნენ მას გონდორში. იორეთს კარგად ახსოვდა ლეგენდა ამ მცენარის შესახებ, თუმცა ბალახეულის ოსტატი ამტკიცებდა, რომ სინამდვილეში მას დიდი ძალა არ გააჩნდა. საბოლოოდ არაგორნმა ბევრი ადამიანი განკურნა, მათ შორის ფროდო ბეგინსის ერთგული მეგობარი და ბეჭდის საძმოს წევრი მერი ბრენდიბაკი; ეოვინი, როჰანის მეფის დისწული და ფარამირი, გონდორის მოურავის უმცროსი ვაჟიშვილი და ბორომირის, ბეჭდის საძმოს წევრის ძმა.
ათელასი გამოიყენა ლუთიენმა, (დორიათის ხელმწიფის, თინგოლის ქალიშვილი) როდესაც დასახიჩრებულ ბერენს კურნავდა ჭრილობებისგან („ბალადა ლეითიანზე“). არსებობს ვერსია, რომ მეფის ბალახი გაიზრდა ბელერიანდში და, სანამ ეს უკანასკნელი განადგურდებოდა, ნუმენორელებმა იგი შუახმელეთში დააბრუნეს, მეორე ეპოქაში.
ათელასს ქუენიურად Asëa Aranion ერქვა, ხოლო საერთო ენაზე - „მეფის ბალახი“ (Kingsfoil / Kingsleaf).
სინდარულს - Athelas-ს და ქუენიურ Asëa Aranion-ს საეჭვო ეტიმოლოგია აქვთ. Athelas-ის ბოლოსართი las ნიშნავს „ფოთოლს“ და სიტყვა aranion - „სამეფოსას“. ორივე სახელწოდების პირველ ელემენტს საერთო გააჩნიათ, თუმცა ორივეს მნიშვნელობა საეჭვოა. ფუძეა asëalassë, რაც ნიშნავს „ფოთოლს“; აქედან გამომდინარე, სახელწოდება Asëa Aranion უნდა აღნიშნავდეს „სამეფო ფოთოლს“. მაგრამ თუ სინდარული ფუძე athea-ც იგივე მნიშვნელობისაა, მაშინ Athelas-ის მნიშვნელობა გამოვა „ფოთლის ფოთოლი“.
ძველ ინგლისურში არის სიტყვა aethel, რაც ნიშნავს კეთილშობილს. სწორედ ეს იქცა მცენარის სახელწოდების შთაგონებად.
ელანორი
რედაქტირებაელანორი — ყვავილი, რომელიც იზრდებოდა კუნძულ ტოლ-ერესეასა და ლოთლორიენში. ელანორი იყო ვარსკვლავისებური ფორმის, პატარა, ოქროს ყვავილი. მეორე ეპოქის 870წელს, ნუმენორში, ალდარიონსა და ერენდისს ქორწილზე ელფებმა უკვდავი მიწებიდან საჩუქრად ჩამოუტანეს ელანორი.
ელანორი გაიზარდა ლორიენის შუაგულში, კერინ-ამროთის ფერდობებზე. იგი იყო არაგორნისა და არვენის მიჯნურობის სიმბოლო.
სემ გემჯიმ თავის უფროსს შვილს დაარქვა ელანორი. ეს სახელი მას ფროდომ ურჩია, რადგანაც ჰობიტონში ჰობიტ-ქალიშვილებს ძირითადად ყვავილების სახელებს არქმევდნენ.
ელანორის თავსართი ელ ნიშნავს ვარსკვლავს და ანორ - მზეს, შესაბამისად გამოდის მზის-ვარსკვლავი.
საჩიბუხე მცენარე
რედაქტირებასაჩიბუხე მცენარის მოწევის კულტურა პირველად შემოიღეს ჰობიტებმა. მცენარეს დებდნენ ხის პატარა მრგვალ ლანგარში, რომელიც გრძელდებოდა ღეროთი, საიდანაც ისინი ისუნთქავდნენ ამ აალებული მცენარის ბოლს - ეს ჩვეულება გავრცელდა ჯუჯებში, ადამიანებსა და ჯადოსნებშიც კი. ცნობები ამ მცენარის შესახებ ძირითადად „მაზრის მცენარეთა ცნობარიდან“ არის მოპოვებული მერიადოკ ბრენდიბაკის მიერ. საჩიბუხე მცენარე მიეკუთვნება მცენარეთა სახის ჯგუფს სახელწოდებით ნიკოტიანა. იგი შუახმელეთში არსებულ არც ერთ სახეობის მცენარეს არ ენათესავება, რადგან ჩამოტანილია დასავლეთიდან ნუმენორელების მიერ, II ეპოქაში.
იგი უხვად იზრდებოდა გონდორში და, მიუხედავად მისი სპეციფიკური სურნელისა, ადგილობრივმა მოსახლეობამ ვერ განსაზღვრა მისი გამოყენების სპეციფიკა. საჩიბუხე მცენარე მოშენებულ იქნა შუახმელეთის ჩრდილოეთ ტერიტორიებზეც. იგი განსაკუთრებით უხვად იზრდებოდა სოფელ სერის მიდამოებში. პირველად საჩიბუხე მცენარის მოწევა დაიწყეს ამ სოფლის მოსახლე ჰობიტებმა და ამრიგად, „ყალყზე შემდგარი პონი“, სერის მთავარი ფუნდუკი, იქცა საჩიბუხე მცენარის მოწევის კულტურის ცენტრად.
პირველი ნამდვილი საჩიბუხე მცენარის პლანტაცია გააშენა ტობოლდ მებუკემ, რომელმაც 2670 წელს სერში პირველი თესლი შეიძინა. ეს მცენარე ყვავობდა თბილი კლიმატის პირობებში, მაზრის სამხრეთითა და ლონგბოტომის მიდამოებში. ყველაზე გავრცელებული ჯიშებიდან გამოირჩევა: ბებერი ტობი (ტობოლდის პატივსაცემად შერქმეული), ლონგბოტომის ფოთოლი და სამხრეთის ვარსკვლავი; სამხრეთგორის კი ძირითადად მოშენებულია სერში.
ბეჭდის საძმოს წევრები თავისი ხანგრძლივი მოგზაურობის განმავლობაში ხშირად ეწეოდნენ ჩიბუხს. მოხეტიალე ეწეოდა, როდესაც იგი პირველად დაინახა ფროდო ბეგინსმა. განდალფი ეწეოდა მაშინ, როდესაც იხსენებდა მორიაში შესასვლელის მდებარეობას. სემმა ბარგში ჩადო ცოტაოდენი საჩიბუხე მცენარე მაშინ, როდესაც საძმო შუაველს ტოვებდა. მოგვიანებით, უკვე მორდორის მიდამოებში, მას ესიზმრა რომ ეძებდა საჩიბუხე მცენარეს, მაგრამ მალე მიხვდა, რომ მარაგი შემოელია. მას შემდეგ, რაც მერი და პიპინმა იზენგარდის დამალულ საცავში იპოვეს ლონგბოტომის ფოთლის დიდი მარაგი, გადაწყვიტეს მისი თავის საცავებში გადატანა. როდესაც მერი როჰანის მეფე თეოდენს შეხვდა პირველად, დაპირდა რომ მოუყვებოდა მოწევის ისტორიის შესახებ, თუმცა ამის შანსი საბოლოო ჯამში აღარც გამოუჩნდა. პელენორის მინდვრებზე ბრძოლის შემდეგ, სადაც თეოდენი გარდაიცვალა, მერი ფიქრობდა რომ უკვე აღარასოდეს მოწევდა, მაგრამ არაგორნმა უთხრა რომ ჩიბუხი უნდა ატაროს მეფის ხსოვნის პატივსაცემად.
საჩიბუხე მცენარის გაუჩინარების საიდუმლო გამოაშკარავდა მას შემდეგ, რაც ჰობიტები სამშობლოში დაბრუნდნენ. ბილბოს ნათესავი ლოტო სექვილ-ბეგინსი სარუმანს ყიდიდა საჩიბუხე მცენარეს. გარდა ამისა მომრავლდნენ ადამიანებიც, რომლებიც სიამოვნებით იძენდნენ მას და ამგვარად მთელს მაზრაში არ დარჩა მხარე, სადაც საჩიბუხე მცენარის მცირე პლანტაციაც კი შემორჩენილიყო. თუმცა მას შემდეგ, რაც ჰობიტები დაბრუნდნენ და გაყარეს როგორც დიდი ხალხი, ასევე სარუმანსაც და მის მხლებლებს მოუღეს ბოლო, ყველაფერი თავ-თავის ადგილზე დადგა და საჩიბუხე მცენარე კვლავ ხარობდა მაზრის ოთხივე მხარეს.
საჩიბუხე მცენარეს აგრეთვე უწოდებდნენ უბრალოდ ფოთოლს, ან მცენარეს. ჰობიტები მას მოიხსენიებდნენ, როგორც”ნახევარკაცას ფოთოლს” (ნახევარკაცას ჰობიტებს ეძახდნენ ადამიანები).
გონდორში მისი სახელწოდება იყო ”დასავლეთხალხისსარეველა”, თუმცა ყველაზე ხშირად მას უწოდებდნენ გალენასს, ან ტკბილ გალენასს. ფუძე ”გალენ” წამოსულია სინდარულიდან და ნიშნავ მწვანეს.
სიმბელმინე
რედაქტირებასიმბელმინე (Simbelmynë) — პატარა თეთრი ყვავილი, რომელიც ხარობს მთელი წლის განმავლობაში. იგი იზრდება იქ, სადაც განისვენებენ გარდაცვლილი გმირები. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ამოდის როჰანის გარდაცვლილი მეფეების ყორღანებზე.
„დაუსრულებელ მოთხრობებში“ გვხვდება ყვავილები, რომელნიც თავისი აღწერილობით, მეტ-ნაკლებად წააგვანან სიმბელმინეს. ტუორმა შენიშნა ასეთი ყვავილი - უილოსი (მარადსახსენებელი ყვავილი/Evermind) გონდოლინში, რომელიც ზამთარ-ზაფხულ ყვავილობდა. როდესაც სირიონმა და ეორლმა მიაღწიეს ჰალიფირიენს, შიშის გორას, ელენდილისაკლდამაზე ამოზრდილი პატარა თეთრი ყვავილი - ალფირინი შენიშნეს.
მეფის დაბრუნებაში ლეგოლასი ახსენებს ალფირინს, თუმცა აღწერილობით ეს ყვავილი სულ არ ჰგავს სიმბელმინეს.
ტოლკინმა ახსნა, რომ ეს ყვავილი იყო ფრინტას ერთ-ერთი ნაირსახეობა, რომელიც იზრდებოდა კორდზე - მედგარა ფრინტას (ბაიასებრთა ოჯახის წარმომადგენელი) მსგავსად. იგი უფრო პატარა და უფრო თეთრი იყო, როგორიც არის ხის ფრინტა.
საერთო ენაზე მას უწოდებენ მარადსახსენებელ ყვავილს. ძველ ინგლისურად symbel ან symel ნიშნავს მარად, მუდამ-ს, ხოლო myne ხსოვნას, მეხსიერებას. უილოსი - სინდარულად არის მარად-ქათქათა ან მარად აყვავებული.
ქუენიურზე oi-ს მნიშვნელობაა მარადი , აგრეთვე olosse-ს მნიშვნელობაა - თოვლივით-თეთრი, ქათქათა, ასევე losse ნიშნავს ყვავილობას. ალფირინი ნიშნავს უკვდავს.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ The Fellowship of the Ring, I 12 "Flight to the Ford".