შპიცები (გერმ. Spitz) — ძაღლის ჯიშთა მრავალრიცხოვანი ჯგუფი. ქვის ხანის პერიოდის შუაევროპული წარმოშობის ე.წ. ტორფის ძაღლისა და ბევრად გვიანდელი ე.წ. „ხიმინჯების შპიცის“ (ხიმინჯებიანი ნაგებობების მიხედვით) შთამომავლები. შპიცები კომპაქტური აგებულების მქონე ძაღლებია, აქვთ წაწვეტებული ცხვირი, მცირე ზომის ბოლოწამახვილებული მდგარი ყურები, სხვადასხვა ფერის ხშირი ფაფუკი ბეწვი. განარჩევენ გერმანულ, იტალიურ, ფინურ და იაპონურ შპიცებს. მათ შორის ყველაზე გავრცელებული არიან გერმანული შპიცები, რომელთა შორის გამოიყოფა ვოლფშპიცი, ანუ კეესჰონდი (სიმაღლე მინდაოში 43–55 სმ), დიდი (42–50 სმ), საშუალო (30–38 სმ), მცირე (23–29 სმ) და ჯუჯა, ანუ პომერანიული (18–22 სმ). შპიცები ძაღლთა მრავალი სხვა ჯიშის წინაპრები არიან, მ.შ.: ყეფიები, ჰასკი, სამოედი, ალასკური მალამუტი, აკიტა-ინუ, ამერიკული აკიტა, ჰოკაიდო, ჩაუ-ჩაუ, ევრაზიერი და სხვ. ჭკვიანი, მოსიყვარულე, კარგი ჯანმრთელობის მქონე და ხანგრძლივად მცხოვრები ძაღლებია. ძირითადად, ჰყავთ როგორც ძაღლი-კომპანიონი.[1]

იაპონური შპიცი
  1. Ерусалимский Е. Л. Щпицы // Большая российская энциклопедия. т. 35. — М., 2017. — стр. 95.