შოთა უშანგის ძე შარანგია (დ. 5 აპრილი, 1940, სოფელი მუხური, გალის რაიონი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ — გ. 2 თებერვალი, 1987, სოხუმი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ) — აფხაზეთის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. აფხაზეთის ასსრ-ის IX-XI მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

ბიოგრაფია რედაქტირება

შოთა უშანგის ძე შარანგია დაიბადა 1940 წლის 5 აპრილს აფხაზეთის ასსრ-ის გალის რაიონის სოფელ მუხურში, პედაგოგების ოჯახში. აჩიგვარის №1 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყო სოფელ მუხურის ჯგებურიას სახელობის კოლმეურნეობაში, კოლმეურნედ. 1960 წელს ჩაირიცხა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში, რომლის დამთავრების შემდეგ 1965 წელს გაიარა სამსახური საბჭოთა არმიის რიგებში. თადარიგში დათხოვნის შემდეგ, 1966 წელს დაბრუნდა მშობლიურ სოფელში, სადაც მუშაობდა აგროქიმიური ლაბორატორიის გამგედ.

1969 წელს შევიდა სკკპ რიგებში. არჩეული იყო ჯგუბურიას სახელობის კოლმეურნეობის პირველადი კომკავშირული და პარტიული ორგანიზაციების მდივნად.

1976-1979 წლებში მუშაობდა სიდის ჩაის, ხოლო შემდეგ მზიურის ციტრუსების საბჭოთა მეურნეობების დირექტორად. 1979 წელს ინიშნება გალის რაიონის სასოფლო-სამეურნეო საწარმოო გაერთიანების თავჯდომარის პირველ მოადგილედ — მთავარ აგრონომად. იმავე წელს აირჩიეს გალის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ. 1981 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო საქართველოს კომპარტიის გალის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი.

იყო აფხაზეთის ასსრ-ის IX-XI მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, არჩეული იყო აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავჯდომარის მოადგილედ.

შოთა შარანგია გარდაიცვალა 1987 წლის 2 თებერვალს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №25 (12391), 5 თებერვალი, 1987