შოთა ვაშაკიძე (დ. 18 სექტემბერი, 1950, თბილისი — გ. 15 სექტემბერი, 2018) — ქართველი ფიზიკოსი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ფიზიკოსი, საზოგადო მოღვაწე და ქველმოქმედი შოთა ვაშაკიძე დაიბადა 1950 წლის 18 სექტემბერს, თბილისში, მეცნიერ-ფიზიკოსის, ივანე ვაშაკიძისა და ეთერ დუღაშვილის ოჯახში. 1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი და სწავლა განაგრძო ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტში. 1975-1992 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტში, 1991-1992 წლებში — თეორიული ფიზიკის კათედრაზე. 1990 წელს მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის წოდება. 1984 წლიდან ქართველ ფიზიკოსს სისტემატურად იწვევდნენ უცხოეთის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებსა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში: 1985-1986 და 1988-1989 წლებში საქმიანობდა მერილენდის უნივერსიტეტში; 1989-1990 წლებში იყო ფრასკატის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის მიწვეული პროფესორი; მოღვაწეობდა გერმანიაში მაღალი ენერგიის ფიზიკის ჯგუფში, ასევე, ქალაქ დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტში. 1993 წლიდან შოთა ვაშაკიძე ატარებდა სამეცნიერო კვლევებს აშშ-ის წამყვან კვლევით ლაბორატორიებსა და უნივერსიტეტებში გამოყენებითი მათემატიკისა და ნაწილაკთა ფიზიკის მიმართულებით. იყო AT&T ბელის ლაბორატორიების წამყვანი მეცნიერ-მუშაკი. მას ეკუთვნის გამოკვლევები ისეთ მნიშვნელოვან სფეროში, როგორიცაა სუპერგრავიტაცია. ის პირველი ქართველი მეცნიერი იყო, ვინც ამ ურთულეს და პრესტიჟულ სამეცნიერო დარგს მოეკიდა. აღსანიშნავია, რომ გამოკვლევებში უხვად იყენებდა კომპიუტერული გამოთვლების მეთოდებს, რაც მაშინ ჯერ კიდევ უცხო ხილი იყო უმრავლესობისთვის.

პარალელურად, ბატონი შოთა ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობას. ის გახლდათ აშშ-ის ქართველთა სათვისტომოს საერთაშორისო ასოციაცია „კვალის“ დამაარსებელი და პრეზიდენტი; „ამერიკაში საქართველოს ასოციაციის“ დირექტორთა საბჭოს წევრი — განათლების გამგეობის დირექტორი; „საქართველოს ამერიკელი მეგობრების“ საკოორდინაციო საბჭოს წევრი. ​საქველმოქმედო ორგანიზაცია „კვალის“ მიზანი იყო თანმშრომლობის პროექტების დანერგვის გზით აშშ-ში არსებული ქართველთა სათვისტომოს საქართველოსთან დაკავშირება. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა განათლებაში ინოვაციური მეთოდების გამოყენებას. ორგანიზაცია „კვალის“ წევრები, რომელთა რიცხვი აღემატებოდა 150-ს, ჩართულები იყვნენ 12 პროექტში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად განხორციელდა სტუდენტებისა და მაძიებლების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ქართველმა სტუდენტებმა მიიღეს განათლება ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში. 2000 წლის მაისში შოთა ვაშაკიძეს მიენიჭა რათგერსის უნივერსიტეტის წარმოების მართვის მაგისტრის ხარისხი. ქართული მწერლობის სტიმულირების მიზნით „კვალის“ ეგიდით 2002 წელს პირველად ჩატარდა კონკურსი პროზასა და დრამატურგიაში, გამარჯვე­ბულები დაჯილდოვდნენ ფულადი პრემიებით, ნაწარმოებები გამოიცა კრებულის სახით და განთავსდა ინტერნეტში. 2003 წელს, ამერიკის საელჩოსთან თანამშრომლობით „კვალის“ მიერ თბილისის სახალმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა საგანმა­ნათლებლო-ინფორმაციული ცენტრი, რომელიც მოწყობილი და აღჭურვილი იყო ამერიკული სტანდარტებით. ჰქონდა კომპიუტერული ქსელი, რომელიც ინტერნეტში იყო ჩართული სწრაფი გამოყოფილი ხაზით. ცენტრისთვის აშშ-დან საგანგებოდ ჩამოიტანეს ბიბლიოთეკა და მოიწვიეს პროფესორ-მასწავლებლები.

2003 წელი მეტად ნაყოფიერი გამოდგა ქართველი მეცნიერის ცხოვრებაში. იგი დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. ამავე წელს წარდგენილი იყო რობერტ ფ. კენედის საერთაშორისო პრემიაზე, და ბოლოს შესრულდა მისი დიდი ხნის მიზანი — ბატონი შოთას თაოსნობით 2003 წელს ჩატარდა საქართველოს კულტურის დღეები ამერიკის შეერთებულ შტატებში. შოთა ვაშაკიძემ ქართველ ლინგვისტებთან და პროგრამისტებთან ერთად შექმნა პირველი ინგლისურ-ქართული ინტერნეტ-ლექსიკონი, ჩაატარა განათლების, მეცნიერებისა და მედიცინის საერთაშორისო ფორუმი, რომელშიც მონაწილეობდნენ უცხოეთში მოღვაწე ქართველი სპეციალისტები. ფორუმის მიზანი იყო თანამ­შრომლობის პროექტების დანერგვა. უამრავი საზოგადოებრივი და სამეცნიერო საქმიანობის პარალელურად, შოთა ვაშაკიძემ მიზნად დაისახა აშშ-ში ქართული ემიგრაციის მასალების მოძიება, ერთად თავმოყრა და დაბინავება. 3 ტონამდე კოლექციის შეგროვება მან 1985 წლიდან დაიწყო. 2014 წელს, ისტორიული არქივი, რომელიც მოიცავს ქართული ემიგრაციის ცხოვრების ამსახველ ფოტოებს, პუბლიკაციებს და წიგნებს, „კვალისა“ და ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობის ერთობლივი მოქმედებით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრაციის საარქივო ფონდში განთავსდა. შოთა ვაშაკიძის ცხოვრების მეგზური, სკოლის მერხიდან გახლდათ ქალბატონი ნანა ლეგრანი, რომელიც ყველა პროექტის განხორ­ციელებისას მხარში ედგა მეუღლეს. ცხოვრობდნენ ქალაქ ფრიჰოლდში. ​ბატონი შოთას შთამომავლობა დღეს წარმატებულად მოღვაწეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა არასდროს ივიწყებს საქართველოს. ვაჟი — ივანე, უზრუნველყოფის ინდუსტრიაში მაღალი ტექნოლოგი­ების და პროგრამული საინჟინრო პროგრამების დირექტორია. ქალიშვილი — ნია, მუშაობს ჯანდაცვის სისტემის მენეჯმენტის კონსულტანტად. ნიას მეუღლე — მარკ პერი კი არის ამერიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატი. ის საქართველოში სამი წელი იყო აშშ ელჩის მოადგილე. ​შოთა ვაშაკიძე გარდაიცვალა ამერიკაში, 2018 წლის 15 სექტემბერს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III. თბ., 2014. გვ.199

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება