შვიცური ჯიშიმსხვილი რქოსანი საქონლის სახორცე-მერძეული მიმართულების ჯიში. გამოყვანილია შვეიცარიაში, შვიცის კანტონში (აქედან სახელწოდება).[1] კარგად ეგუება ადგილობრივ პირობებს. საქართველოში აპრობირებული და აკლიმატიზირებული ჯიშია. შვეიცარიიდან დმანისის რაიონში XIX საუკუნის 60-იან წლებში შემოიყვანეს. გამოირჩევა კარგი სარძეო და სახორცე პროდუქტიულობით, მტკიცე ძვალეულით, მაგარი ჩლიქებით და საძოვრების კარგი გამოყენების უნარით.[2] მსხვილი ცხოველია — ფურის სიმაღლე მინდაოში 135–137 სმ-ია, კუროსი 138–142 სმ; აქვს ჰარმონიული აგებულება, მოკლე ფეხები და გრძელი შუბლი. შეფერილია მურად, ზურგზე გასდევს ღია „ღვედი“. ფურის ცოცხალი მასაა 480–550 კგ, კუროსი 850–950, ახალშობილისა 33–40 კგ, 18 თვის ასაკში 332–355 კგ. მონაწველი 4000–4500 კგ-ია, ცხიმიანობა 3,8–3,9%-ს შეადგენს, შეიცავს 3,2–3,3% ცილებს; სანაშენე მეურნეობებში ფური იწველის 5500 კგ-მდე, ცხიმიანობა და ცილები შესაბამისად 3,9–4,0% და 3,3–3,4%-ია.[3]

ფური

ჯიშმა მონაწილეობა მიიღო კავკასიური წაბლა ჯიშის შექმნაში. საქართველოში მისი საუკეთესო სულადობა ჰყავს თელეთის სანაშენე მეურნეობას.[2]

  1. შვიცი და შვიცური ჯიში. უცხო სიტყვათა ლექსიკონი. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. ციტირების თარიღი: 25 ნოემბერი, 2020.
  2. 2.0 2.1 მერძეული ნახირის შექმნა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი (თბილისი, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-08-03. ციტირების თარიღი: 25 ნოემბერი, 2020.
  3. Соловьёва О. И. Швицкая порода // Большая российская энциклопедия. т. 34. — М., 2017. — стр. 769.