ბაიაზიდი (შეჰზადე)

(გადამისამართდა გვერდიდან შეჰზადე ბაიაზიდი)

შეჰზადე ბაიაზიდი (დ. 1525 — გ. 25 სექტემბერი, 1561) — სულეიმან დიდებულისა და მისი კანონიერი ცოლის, ჰიურემ სულთნის მეოთხე ვაჟი და მეხუთე შვილი. კონიის, ქუთაჰიისა და ამასიის სანჯაყების მმართველი.

ბაიაზიდი
Şehzade Bayezid
კონიის სანჯაყ-ბეი
მმართ. დასაწყისი: 1546
მმართ. დასასრული: 1555
წინამორბედი: შეჰზადე სელიმი
მემკვიდრე: შეჰზადე სელიმი
ქუთაჰიის სანჯაყ-ბეი
მმართ. დასაწყისი: 1555
მმართ. დასასრული: 1558
ამასიის სანჯაყ-ბეი
მმართ. დასაწყისი: 1558
მმართ. დასასრული: 1561
წინამორბედი: შეჰზადე მუსტაფა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1525
დაბ. ადგილი: სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 25 სექტემბერი, 1561
გარდ. ადგილი: სივასი, ოსმალეთის იმპერია
მეუღლე: ფატმა სულთანი
შვილები: ორჰანი
ოსმანი
აბდულა
მაჰმუდი
მურადი
მიჰრუმაჰი
ჰატიჯე
აიშე
ჰანზადე
დინასტია: ოსმანები
მამა: სულეიმან I
დედა: ჰიურემ სულთანი
რელიგია: ისლამი

ბიოგრაფია

რედაქტირება

შეჰზადე ბაიაზიდი 1525 წელს სულთან სულეიმანისა და ჰიურემ სულთნის ოჯახში დაიბადა. 1541 წელს უნგრეთის ლაშქრობაში მიიღო მონაწილეობა. 1546 წელს კონიის სანჯაყის მმართველად დაინიშნა. 1548 წელს ძმა, მუსტაფასთან ერთად სპარსეთის მეორე ლაშქრობაში მიიღო მონაწილეობა.[1]

1553 წელს სპარსეთის მესამე ლაშქრობის დროს მუსტაფა სიკვდილით დასაჯეს. ტახტის მემკვიდრედ გამოცხადებული იყო შეჰზადე სელიმი, ბაიაზიდი ითვლეობდა მეორე მემკვიდრედ. ამავე წელს ხალებში გარდაიცვალა ბაიაზიდის უმცროსი ძმა ჯიჰანგირი. მუსტაფას სიკვდილით დასჯის ამბავმა მთელ ქვეყანაში არეულობა გამოიწვია. ერთ-ერთი აჯანყება სოკოლუ მეჰმედ-ფაშამ ჩაახშო.[2][3]

ამბოხება

რედაქტირება

1558 წელს, ჰიურემ სულთნის გარდაცვალების შემდეგ ბაიაზიდის ძმასთან დაპირისპირება უფრო გამძაფრდა. მნიშვნელოვანი როლი ამ საქმეში ლალა მუსტაფამ ითამაშა (ორივე შეჰზადეს დამრიგებელი). სულთან სულეიმანმა გადატრიალების შიშით ორივე შვილი სტამბოლიდან მოშორებით გაგზავნა. სელიმი მანისიდან კონიაში გაუშვა, ხოლო ბაიაზიდი — ამასიაში. თავიდან ბაიაზიდი მამის გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყო, რადგან ადრე ამასიას მისი გარდაცვლილი ძმა მუსტაფა მართავდა, ამიტომაც გარკვეული დრო ქუთაჰიაში დარჩა. მაგრამ საბოლოოდ 1558 წლის 21 დეკემბერს სულეიმანის ბრძანებით ამასიაში გაემგზავრა.

ბაიაზიდი, როგორც მისი უფრო ძმა, მხარდამჭერებს აგროვებდა. ამასთან ერთად იგი იანიჩარების დიდი სიყვარულითა და ერთგულებით სარგებლობდა. სელიმის მხარეს აღმოჩნდა სოკოლუ. სულეიმანმა მიიჩნია, რომ ბაიაზიდი ამბოხებას აპირებდა, რის გამოც დიდი მხარდაჭერა უფროს ვაჟს, სელიმს გამოუცხადა. 1559 წლის 29 მაისს კონიის ერთ-ერთ რაიონში ბაიაზიდის არმია სელიმის არმიას დაუპირისპირდა. სელიმის მრავალრიცხოვანმა ჯარმა ბაიაზიდის დამარცხება გამოიწვია. ბაიაზიდი დაბრუნდა ამასიაში, საიდანაც მუფტი მუჰიდინ ჯურჯანმა სულთან სულეიმანს მისწერა წერილი, სადაც სთხოვდა, რომ ბაიაზიდი შეეწყალებინა.

სიკვდილით დასჯა

რედაქტირება

სულეიმანმა უარი განაცხადა ბაიაზიდის შეწყალების მოთხოვნაზე. 7 ივლისს ბაიაზიდმა ოთხ ვაჟთან ერთად ამასია დატოვა, ხოლო მისი ქალიშვილები და მცირეწლოვანი მურადი ამასიაში დარჩნენ. აგვისტოს შუა რიცხვებში ბაიაზიდი იძულებული გახდა თავი სპარსეთის შაჰის თამაზის სასახლეში შეეფარებინა. როდესაც სულეიმანმა ეს შეიტყო შაჰთან ელჩები გაგზავნა, რომ დაეყოლიებინათ თამაზი ბაიაზიდის სიკვდილით დასჯაზე. 2 წლის შემდეგ შაჰ თამაზმა ბაიზიდი სულეიმანს გადასცა. სულეიმანმა მადლობის ნიშნად შაჰ-თამაზს 400 000 ოქრო გაუგზავნა.

1561 წელს ბაიაზიდი მამას გადასცეს, ხოლო მისი მხარდამჭერები ერთ მწკრივზე განლაგებულები ამოხოცეს. გარდა ამისა, ბაიზიდთან ერთად მისი ხუთივე ვაჟი დასაჯეს სიკვდილით. ყველაზე უმცროსი — სამი წლის მურადი სულეიმანის ბრძანებით სიკვდილით ბურსაში დასაჯეს. ბაიაზიდი, მის ოთხ შვილთან ერთად სივასში დასაჯეს. ბაიაზიდი ხუთივე შვილთან ერთად შეჰზადე მუსტაფას გვერდით არის დაკრძალული ბურსაში.

ბაიაზიდს ჰყავდა ცხრა შვილი. აქედან ხუთი შვილის დედა ფატმა სულთანი იყო.

შეჰზადე ბაიაზიდი წერდა ლექსებს შაჰის სახელით ოსმალურ-თურქულ და სპარსულ ენებზე.

  1. Prof. Dr. Remzi KILIÇ. KANUNİ SULTAN SÜLEYMAN VE DİYARBAKIR. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-13.
  2. Prof. Dr. Fahri UNAN. An essay on Süleyman's sons. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-17.
  3. Kenneth Meyer Setton, The Papacy and the Levant. — გვ. 591.